ჟურნალისტურ წრეებში ყველა იცნობს. ანი (ბუბუ) ფერაძე ამჟამად „ტვ პირველის“ ჟურნალისტია. მუშაობს ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაზე“. დროა, სამოდელო წრეებმაც გაიცნოს, რადგან ანი მალე უკრაინულ რეალითი შოუში მიიღებს მონაწილეობას, სადაც პუტკუნა მოდელები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მალე პუტკუნების ჩვენებაშიც გამოჩნდება საქართველოში და რაც მთავარია, ანი დამწყებ ქართველ დიზაინერებს ეხმარება თავისი პროდუქციის რეალიზებაში. თუ როგორ, ანი თავად გიამბობთ.
– ანი, რა გახდა იმის მიზეზი, რომ პროფესიით ჟურნალისტი ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდი?
– გარკვეული პერიოდი უკრაინაში ვცხოვრობდი. იქ სოციალურ ქსელში ხშირად მხვდებოდა ონლაინგაყიდვები. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მეც გამეკეთებინა ჩემი პროდუქცია. გავაკეთე ფეისბუკგვერდი და ისე კარგად იმუშავა ამ საქმემ, გადავწყვიტე, ამ საქმეში ჩავრთულიყავი… გადავწყვიტე, მაღაზია გამეკეთებინა. დავბრუნდი საქართველოში და მამას ვუთხარი, თუ გინდა, აღარ დავბრუნდე უკრაინაში, დამეხმარე, მაღაზია გავაკეთო-მეთქი.
– მამას არ უნდოდა, რომ წასულიყავი?
– ძალიან ნერვიულობდნენ დედაც და მამაც. რომ წავედი, არცერთმა არ გამაცილა. მეგობრები მახლდნენ აეროპორტში… მოკლედ, მამამ მომცა გარკვეული თანხა, ნაწილი დანაზოგი მე ჩამოვიტანე უკრაინიდან და „სექტორში 26“ მთელი ზაფხული გავაკეთე შოურუმი. კარგად ვიმუშავეთ. მერე ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა, ალექსმა მითხრა, მომწონს ეს ყველაფერი და დამიტოვე მაღაზიაშიო. დავუტოვე. მერე დავიწყე ქართულ მოდის კვირეულებზე სიარული და მივხვდი, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერები პროდუქციის რეალიზებას ვერ ახდენენ. დავინტერესდი ერთ-ერთი დიზაინერით, ირაკლი ნაკუდაიძით, რომელიც ახლა უკვე ჩემი თანამშრომელია და ერთად ვქმნით პროდუქტს. ირაკლის შევთავაზე, თავისი კოლექცია ჩემ მაღაზიაში დამეკიდა. მერე სოციალური ქსელით მოვუწოდე ახალგაზრდა დიზაინერებს, მოეწოდებინათ თავიანთი პროდუქცია და ხელს შევუწყობდი რეალიზებაში. ძალიან ბევრი გამომეხმაურა და დახმარებაც შედგა. ახლა მყავს ირაკლი და დიდი გეგმები გვაქვს წინ. მინდა ჩემი ხაზი შევქმნა, ოღონდ არ შევეხები ფეხსაცმელს.
– მოკლედ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც დიზაინერებს ეხმარება იმაში, რომ პროდუქციის რეალიზება მოახდინონ. შენ რა ინტერესი გაქვს ამ ყველაფერში?
– ამ ეტაპზე არანაირი. კეთილი გოგოს როლი მაქვს, უბრალოდ. მერე, როცა ქსელი გაიზრდება და ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური გახდება, დაინტერესებაც გაჩნდება. ამ ეტაპზე ბათუმში სალონ „ალექსში“ მაქვს ჩემი კუთხე, სადაც ვდებ ჩემსა და ირაკლის ნამუშევრებს. ასევე, მოვუწოდებ სხვა ნიჭიერ დამწყებ დიზაინერებს, გამომეხმაურონ, მაჩვენონ ნამუშევრები და შესაძლოა, მათი სამოსიც დაიკიდოს ჩვენს კუთხეში.
– თუმცა, მე ვნახე ფოტოები უკრაინელი მოდელის, ქეთა თოფურიასი და სხვების, რომლებსაც კონკრეტულად შენი შექმნილი პარეოები აცვიათ…
– ეს პარეოები უკრაინაში შევკერე. მივედი მკერავთან, ავუხსენი, როგორი მინდოდა და შევაკერინე. ყველა გაიყიდა. რაც შეეხება ქეთა თოფურიას, ყველამ იცის, რომ ვგიჟდები ამ გოგოზე. ბათუმში ჰქონდა კონცერტი. ნატო დუმბაძეს მივუტანე და ვუთხარი, ეს ქეთას ჩემგან გადაეცი-მეთქი. უიმედოდ მივეცი, იქნებ ჩაიცვას-მეთქი. გავიდა დრო. ბათუმში ვარ ნინო ქათამაძის კონცერტზე. უცებ მომდის სმს, – „ქეთას ინსტაგრამი ნახე“. შევდივარ და რას ვხედავ, მაიამიში გადაღებული ფოტო უდევს ქეთას ჩემს წითელ პარეოში. კონცერტზე ყველა ნინოს სკანდირებდა, მე ქეთას ვყვიროდი. ერთმა ბიჭმა შემისწორა კიდეც, ნინოა ეს, გენაცვალე, ნინოო (იცინის).
– თბილისში არ გინდა ისეთი სალონის გაკეთება, როგორიც ბათუმში გაქვს?
– მინდა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, დიზაინერები გავაერთიანო. არ მინდა ამ ადამიანების ნიჭი დაიკარგოს, სურვილი იმისა, რომ შექმნან. ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალიც გვყავს, მაგრამ მათ ვერ დავეხმარები, იმიტომ რომ არ მაქვს სტუდია, რომ სიმღერები ჩავაწერინო. ამას აბსოლუტურად უანგაროდ ვაკეთებ, ფულს არავინ იხდის.
– შენ დაგხმარებია ვინმე ასე, უანგაროდ?
– კი. ეს არის ლევან კირვალიძე. ჩემი თანამშრომელი და „რეაქციის“ პროდიუსერი. 9 წელია, ვმეგობრობთ და უნივერსიტეტის დამთავრების დღიდან მეხმარება. მან მიმიყვანა ინგასთანაც და მან გამიკვალა გზა პროფესიაში.
– „ხულიგანი“ ჟურნალისტი ხარ?
– ჰო, ცოტას ვხულიგნობ. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ან ადამიანი ხარ ან ჟურნალისტი.
– ყველაზე ცუდი რა გაგიკეთებია პროფესიის გამო?
– იმ მომენტში არ ვფიქრობ, ცუდია თუ კარგი, მთავარია, დავალება შევასრულე. გადმოხტომა რომ დამჭირდეს სიმაღლიდან, ალბათ, ამაზეც არ დავიხევ უკან. თავს ვერ შევიქებ, ჯერ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. აქამდე შიდა სამზარეულოში ვტრიალებდი. გადაღებებზე სიარული მიკროფონით ახლა დავიწყე. მინდა, რომ ჩემით იამაყონ იმ ადამიანებმა, ვინც მენდობიან. მშობლებმა, მეგობრებმა. ძალიან მინდა მქონდეს საათი-ფარული კამერა, რომ არავის ეჭვი არ გაუჩნდეს. მაგარი ადრენალინია, ფარულად რომ წერ.
– საოცნებო რესპონდენტი გყავს?
– ზურა ყიფშიძე მინდოდა ჩამეწერა და ავიხდინე ოცნება. ოღონდ ემოციებს ვერ ვმალავდი, რომ ჩავწერე, ახლაც ცრემლები მადგება, რომ მახსენდება. თუმანიშვილის თეატრის ამბები რომ იყო, მაშინ ჩავწერე. თავიდან დამთანხმდა, მერე მითხრა, გადავიფიქრეო. დავურეკე და ვუთხარი, დღესვე დავამთავრებ ჩემს ჯერარდაწყებულ კარიერას, ბავშვობის ოცნებას თუ არ ამიხდენთ, არ ვიცი, რა მომივა-მეთქი. ერთ საათში მოდიო, მითხრა. რომ მივედი, ვუთხარი, მთელი ცხოვრება მინდოდა, ბაბუაჩემი ყოფილიყავით-მეთქი (იცინის). მერე ჩემი მეგობრისთვის, ანრი ბიბინეიშვილისთვის უთქვამს, ყველაფერი გამიგია, გაცნობა, ჩახუტება უნდოდეთ, ჩემი ბაბუა მინდოდა ყოფილიყავითო, პირველად მითხრესო.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“












