"მზად ვარ ნეგატივი ჩემზე გადმოანთხიონ" - თეა დარჩია ნოველების გადაღებას იწყებს

13:09 04-08-2020
480

თეა დარჩიამ ახალი ვიდეო გადაიღო და ის მსოფლიოს ქალებს მიუძღვნა. „ბორგვა“ - ასე უწოდებს იმ მდგომარეობას, რომელსაც მოცეკვავე სხეულის მოძრაობებით გამოხატავს. 

„ეს არის ტკივილისგან გამოწვეული ბორგვა, რომელიც არ გვაძინებს. ახლა, ამ პერიოდში რომ ვერ ვიძინებთ, რადგანაც ვერ ვიხარჯებით ისე, როგორც გვინდა, რომ დავიხარჯოთ. შვება ცისკენ ახედვასა და სწრაფვაშია“ - ამბობს თეა „პრაიმტაიმთან“. 

მრავალგზის განცდილი ერთხელ ნაცეკვი იულია დევიდენკომ ტელეფონით გადაიღო. 

დარჩიას ახალი კლიპი ბევრ ემოციას იწვევს; მის შემხედვარეს გაგახსენდებათ ადამიანის საწყისი ფორმა, ემბრიონი, გაგახსენდებათ სისუსტეებით დახუნძლული ადამიანი, ტკივილებით დაკლაკნილი ქალი... ეს არის სწრაფვა შეუცნობელისკენ. 

მოცეკვავე ვიდეორგოლს უძღვნის ქალებს - ტკივილის მატარებლებს, ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლ ქალებს, სუსტ სქესს, რომელიც ამ ჩაკეტილობაში მსხვერპლია. 

თეა დარჩია: - რატომ ქალებს? იმიტომ, რომ ქალი საქართველოში და ზოგადად - სამყაროში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასეა ევადან მოყოლებული. ქალია კატალიზატორი, სიცოცხლის გაგრძელება, ენერგია... 14 წლის წმინდა ნინო კაბადოკიიდან ღვთისმშობლის კურთხევით ჩამოვიდა საქადაგებლად, მოაქცია ნანა დედოფალი და მერე მეფე მირიანი, რომელიც ნადირობის დროს დაბრმავდა. მან ყველა თავისი კერპი მოილოცა და ბოლოს ნინოს ღმერთს შეევედრა, ანუ იესოს... და უმალ აეხილა თვალი და მცხეთაში სამთავროც მის საპატივცემლოდ ააგო.

ათი დღის წინ ღამის თბილისის ცარიელ ქუჩებში მოცეკვავე თეამ თავისი ნამუშევარი პატრიარქს მიუძღვნა. ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ახლაც ელოდება ბულინგს, მაგრამ არ ეშინია. ამბობს, ეტყობა, მე თვითონ ვიწვევ ხელოვნურად ამ რეაქციებსო.

- თეა, ამ ვიდეოსგანაც ელოდებით უარყოფით რეაქციას?

- ველოდები. საერთოდ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ან ძალიან მოსწონთ, ან ძალიან არ მოსწონთ ადამიანებს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მხოლოდ ნეგატივზეა მომართული, უნდა მივანიშნოთ, რომ ეს მათთვის დამღუპველია. ნეგატივი ქმნის სტრესს, სტრესი აქვეითებს იმუნიტეტს და ამ დროს ორგანიზმი ნებისმიერი დაავადებისთვის მოწყვლადი ხდება. პოზიტიურად უნდა ვუყუროთ ყველაფერს, რომ ეპიდემია ავირიდოთ. 

რომ დავაკვირდეთ, სამყაროში ის მასშტაბური პრობლემებიც კი ლაგდება, რასაც ვერაფერს ვუშვებოდით. გლობალური დათბობაც კი რეგულირდება. ბუნება საოცრებაა. ახალი პროგრამა ჩაირთო და ის თვითგანკურნებაზე გადაერთო. 

- თეა, რა გაძლევთ იმის ძალასა და ინსპირაციას, რომ ადამიანებს ასეთ დროს არტით ეკონტაქტებით?

- ჩემი განცდები და სხეულის ენა მაძლევს ამის ძალას. ნოველების გაკეთებას ვაპირებ. დაგროვილი და დადუღებული ემოციები არტის ფორმით და პოზიტივით უნდა გადმოვცე. მინდა ჩემი ცეკვა იმედის მომცემი იყოს კეთილი და პოზიტიური ადამიანებისთვის. პოზიტივში დასარჩენად მათ წყალი უნდა უსხა. მზად ვარ იმისთვისაც, რომ ნეგატიურმა ადამიანებმა ნეგატივი ჩემზე გადმოანთხიონ, დაიცალონ და ამან მერე პოზიტივი წამოიღოს. 

- გაუძლებთ?

- ღმერთის წყალობით. მის გარეშე არაფერი ვართ. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე