"გული მწყდება იმ მომღერლებზე, ვინც ამ კლიპში არ უნდა იყვნენ" - გიორგი სუხიტაშვილი კოლეგების ახალ კლიპს აკრიტიკებს

12:21 04-10-2020
75

Stop Covid-19 - სლოგანით 20 მომღერალმა სიმღერა ჩაწერა, კლიპის პრემიერა, 9 აპრილს, გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსში შედგა. იდეის ავტორი მომღერალი სოფო ბედიაა, სიმღერა კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის, ტექტსზე პოეტმა ნანა ცინცაძემ იმუშავა. 

ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ეხმაურებოდნენ ასეთ ისტორიულ თარიღებს სიმღერებით! დღეს ახალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს გამოწვევა covid-19-ია! ჩემი იდეით და ინიციატივით მომღერალთა 20 კაციანმა შემადგენლობამ გადავწყვიტეთ გამამხნევებელი მესიჯი გაგვეგზავნა საზოგადოებისთვის - წერს ბედია სოციალურ ქსელში.

გამამხნევებელ მესიჯს კი საზოგადოებას მომღერლების ახალ თაობასთან ერთად, ძველებიც უგზავნიან, მათ შორის - გულიკო ჭანტურია, გია დავითიანი, თემურ თათარაშვილი...

სიმღერა სოციალურ ქსელში აიგდეს, არც კლიპისთვის დაუკლიათ - კორონა რომ არ გქონდეს, ამის მოსმენის შემდეგ - შეგეყრება, წერენ მსგავსი ხასიათის კომენტარებს.

პირბადე თუ ჩაჯვია, ეს კლიპი სუპერ არა და, ჰიპერჩაჯვია. თან, ამ პანდემიის კონტექსტში, მართლა მკვლელი რელიგიური მოწოდებებით. კატასტროფა ყოველმხრივი! - წერს ნიკა გვარამია. 

ტიტების ინსპირაციის ქვეშ შექმნილი ოჩერედნოი უჟას. We are The World-ის კოპირებაა - ნინო მელიავა.

გამოხმაურებაზე კომენტარს აკეთებს სოფო ბედია. 

უამრავ მოლოცვას ვიღებ. ის, ვინც სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია. იმის ნაცვლად, რომ ერთად დავდგეთ და სიკეთე ვუსურვოთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, ბოროტი ტროლები პოლიტიკურად განიხილავენ და ილანძღებიან. სირცხვილია, ხალხო!!! ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება. ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. დღეს ჩვენ ქვეყანას ძალიან უჭირს და თუ ერთმანეთი არ გავამხნევეთ, არაფერი გვეშველება - წერს ბედია. 

კოლეგების ნამუშევარს გიორგი სუხიტაშვილი ეხმიანება.

გიორგი სუხიტაშვილი: - მოყვარეს პირში უძრახეო - ხოდა, გეტყვით რომ ძალიან ცუდია ის, რაც დადეთ. პიროვნულად არასოდეს არავის არ ვეხები და არ მიყვარს ეს ჭორაობები მაგრამ ე.წ. კოლეგიალობა მხოლოდ ის არ არის, რა კარგი რამე გადაგიღიათო რო უთხრა.

არავისთვის კარგი არ გაგიკეთებიათ ამ ვიდეოს შექმნით!

ძალიან მწყდება გული იმ მომღერლებზე, ვისზეც ვთვლი, რომ არ უნდა იყვნენ ამ კლიპში.

ეს თემები არის ზედმეტად საფრთხილო - სამშობლო, ექიმები გმირები, რელიგია და ა.შ. ამ ვიდეოთი იმ ადამიანებს და მათ შრომას არ მიადგება ჩრდილი.

 ამ ვიდეომ გვაჩვენა ის, რომ რიგი ადამიანები, ვერ ხვდებიან სად არიან, რომელი წელია, რა მოთხოვნები აქვს ქვეყანას, რა არის ხარისხი, ვის უნდა მიანდო ასეთი რამე (ან რა საჭიროა ეს ჰიმნები ყველაფერზე?)

 სამეგობროს იქით თუ არ გაიხედებით, სულ ასეთი ხარისხის პროდუქტს შექმნით. 

ხომ იცით (ვისაც შეხება გვაქვს ამ სფეროებთან, ტელევიზია, სტუდიები, რეჟისორები, რედაქტორები პროდიუსერები, მონტაჟი და ა.შ.) ასეთი მასალა რამდენ საფეხურს გადის იქამდე, ვიდრე ეთერში გავა, არც ერთ ეტაპზე არ გაგიჩნდათ კითხვა იმაზე, რომ კარგია თუ არა? როგორც ჩანს, არა, შესაბამისად მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.

 

და ამ კუინსი ჯონსის ჩინურ პატენტებს შეეშვით!

 



ავტორი: თამარ გონგაძე