გრიშა კაკაჩიას ცოლიც და ლამარაც იუბილარი ჰყავს - "ნახევარი სიტყვით ვუგებთ ერთმანეთს"

19:10 04-09-2020
61

დღეს ზუგდიდის თეატრის მსახიობი, მარინა დარასელია იუბილარია. ლამარას როლის შემსრულებელს დაბადების დღეს მისი ეკრანული პარტნიორი და "უფროსი", გრიშა კაკაჩია - დავით კვირცხალია ულოცავს. როგორც "პრაიმტაიმთან" ბატონმა დავითმა განაცხადა, დღეს მისი მეუღლის დაბადების დღეც არის.

დავით კვირცხალია: - ვულოცავ მარინას დაბადების დღეს. ჩვენი მეგობრობა "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღებ მოედანზე დაიწყო. პროფესიონალია, გამოცდილება აქვს, ნახევარი სიტყვით ვუგებთ ერთმანეთს. დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეც არის...

- ბატონო დავით, როგორი იყო "საკარანტინე სერიების" გადაღება თქვენთვის?

- უჩვეულოდ ვცხოვრობთ ახლა, ცხოვრება სულ სხვანაირად მიდის. სახლში ყოფნა სულაც არ ყოფილა ცუდი. ოჯახის წვერებმა მოვიყარეთ თავი, სიმშვიდეა, არ ვჩხუბობთ. რაც შეეხება სერიალის გადაღების პროცესს, უჩვეულო იყო ის, რომ ცოტანი ვიყავით გადასაღებ მოედანზე. კინო კოლექტიური ხელოვნებაა. ბევრი ტექნიკური პირია გადასაღებ მოედანზე - გამნათებელი, მხატვარი, გრიმიორი. ამ პირობებში გრიმიორი არ გვყოლია, ჩვენით გავიკეთეთ გრიმი და ასისტენტი გვეხმარებოდა. ათ კაცზე მეტი არ ვიყავით. 

უცნაური იყო ისიც, რომ რახან დამსწრე ადამიანები არ იყვნენ, ემოციებიც არ იყო, მსახიობებს შემფასებელი გვაკლდა. ჩუმად ვმუშაობდით. რა გამოვიდა, ხვალ ვნახოთ. ვფიქრობ, ინეტერესმოკლებული არ უნდა იყოს. 

ავტორი: თამარ გონგაძე