"მეგობრებმა რომ იცოდნენ, ბელუჩის ვხდი და ვაცმევ, თავს მოიკლავდნენ-მეთქი" - ქეთი მონიკას გაცნობას იხენებს

13:48 04-09-2020
1807

ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის შავ პიჯაკში გამოწყობილი მონიკა ბელუჩი ყაზახეთის მოდის ჟურნალის - ჰარპერ ბაზარის ყდაზე პოზირებს. ამის შესახებ ქართულ მედიაში უკვე გაიჟღერა ინფორმაციამ. სიახლეა ის, რომ ქეთის იტალიელ ვარსკვლავთან მეორე გადაღებაც აქვს უკვე ჩანიშნული, თუმცა მსოფლიო პანდემიის პირობებში ფოტოსესიის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. 

პარიზიდან ჩამოსულმა ქეთიმ თვითიზოლაცია გაიარა. ბოლო ერთი წელია, რაც პარიზში ცხოვრობს და ჟურნალებში გადასაღები კოლექციების არჩევისას ასისტენტ-სტილისტად მუშაობს.

ქეთი პრაიმტაიმთან ბელუჩის გაცნობის სცენას იხსენებს.

ქეთი ჩხიკვაძე: - ჩემი მეგობარია ფრანგი ჟურნალისტი, ფარუკ ჩეკუფი, რომელიც მოდის სფეროში მუშაობს. მოდის ჟურნალებისთვის ფოტოსესიებს აწყობს. ჩემი ჩვენებების არტმენეჯერია, ინსტალაციების გაკეთებაში მეხმარება. მან თავის ასისტენტად ამიყვანა და სხვადასხვა ჟურნალისთვის დაგეგმილი ფოტოსესიების გადაღებაზე გახლდით. ჩემი კოლექციაც მქონდა წაღებული. სასტუმროში რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გადაღება. მონიკა ბელუჩი რომ მოვიდა, სასტუმროს ნომრის მეორე ოთახში ვიყავი, ვერ დავინახე. წარმოიდგინეთ, შევდივარ და უცებ მხვდება მონიკა ბელუჩი! გამეცნო, მე მონიკა ვარო. გამეცინა. მე ქეთი ვარ-მეთქი. უშუალო ქალია, თავმდაბალი. სანამ გადაღება დაიწყებოდა, ცოტა გავისაუბრეთ. ვუთხარი, ჩემმა მეგობრებმა რომ იცოდნენ, ახლა ბელუჩის ვხდი და ვაცმევ, თავს მოიკლავდნენ-მეთქი და კვდებოდა სიცილით.  

ჩემი ვარდებიანი პიჯაკი მოიხდინა, გადავიღეთ და მერე ეს პიჯაკი ვაჩუქე. ბევრი მადლობა გადამიხადა. ბუნებრივია, მოეწონა, რომ არ მოწონებოდა, არ ჩაიცვამდა. 

ფანტასტიურად გამოიყურება. საოცარი ქალია. 

ეს მძიმე პერიოდი რომ გადაივლის, კიდევ ერთი გადაღება მაქვს მონიკასთან დაგეგმილი. 

ავტორი: თამარ გონგაძე