ავტორი: რეზო შატაკიშვილი
ის არ ღალატობს საკუთარ თავს და როლს კი არ ერგება, როლს ირგებს. გმირთა ხასიათებს აგებს იმით, რაც მასა და მის გმირებს საერთო აქვთ. ის არ ისწრაფის, გარდაიქმნას ბოლომდე, ის ახერხებს, ითამაშოს საკუთარი თავი, თან ისე, რომ არ გაშიშვლდეს ბოლომდე და იყოს მუდამ საინტერესო.
ის ოთარ მეღვინეთუხუცესია.
ერთდროულად – ვულკანური და თავდაჭრილი, ბორგნეულიც და დინჯიც.
ის ვარსკვლავია. მარჯანიშვილის თეატრის წინ სწორედ მისი ვარსკვლავი გაიხსნა პირველად. მას მართლაც არ ჰყავს კონკურენტი, ნათების ხარისხით, მარჯანიშვილის თეატრში.
კონკურენტები ბლომად არც ამ თეატრსგარეთ მოეძებნება. მარჯანიშვილის თეატრში თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მოხვდა, თუმცა ამ თეატრიდან ორჯერ წავიდა.
ერთხელ ლილი იოსელიანს გაჰყვა სანკულტურის თეატრში. გაჰყვა იმიტომ, რომ დღემდე ლილი იოსელიანს აღიარებს პედაგოგად, მიუხედავად იმისა, რომ მას თეატრში, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შეხვდა. სხვათაგან განსხვავებით, ოთარ მეღვინეთუხუცესი ინსტიტუტში გატარებულ წლებს ნაყოფიერად ვერ მიიჩნევს. მეორედ გიგა ლორთქიფანიძეს გაჰყვა, როცა ის რუსთავის თეატრს აარსებდა.
მეტიც, მასთან ერთად აუმხედრდა თეატრის ძველ თაობას. მიუხედავად იმისა, რომ ვერიკო ანჯაფარიძე ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ.
„ქალბატონი ვერიკო ყოველთვის არაჩვეულებრივად თბილად მეპყრობოდა. ერთხელ ის იც კი უთქვამს: გული მწყდება, ეს ყმაწვილი ჩემზე ასე გვიან რომ დაიბადაო“, – გაიხსენებს ოთარ მეღვინეთუხუცესი…
გიგა ლორთქიფანიძეს გაჰყვა იმიტომ, რომ… გიგა ლორთქიფანიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი – ეს ტანდემი თითქმის უკვე შემდგარი იყო და არც მერე დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტებიც – ხანდახან მძვინვარეც.
მარჯანიშვილის თეატრი პირველად გავიდა საგასტროლოდ დასავლეთ ევროპაში – იტალიაში. მაშინ საბჭოთა კავშირსა და იტალიას შორის ურთიერთობა უკიდურესად იყო გამწვავებული, რაც მარჯანიშვილის თეატრის გასტროლებზეც აისახა. თამაში თითქმის ცარიელ დარბაზებში უწევდათ, მოსკოვმა თეატრი მარცხისთვის გაწირა. წარუმატებელმა გასტროლმა, იმედგაცრუებამ, სხვებთან ერთად, ოთარ მეღვინეთუხუცესიც გააღიზიანა.
მილანი. გამომგზავრების დღე. ავტობუსს ელიან. სასტუმროს წინ გიგა ლორთქიფანიძე სკამზე ზის. მეღვინეთუხუცესი წყნარად საყვედურობს, რომ გასტროლები სათანადოდ არ იყო მომზადებული. გიგა ლორთქიფანიძეც წყნარად უხსნის. ინტელიგენტური საუბარი მცირე ხანს და… უცებ იფეთქა ვუკლანმა.
თვითმხილველი ნოდარ გურაბანიძე გაიხსენებს: „დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა, გავარვარებულ ლავასავით წამოვიდა ურთიერთბრალდებების, საყვედურების, დაყვედრების, ლანძღვის ნიაღვარი. როგორ არ ვეცადე მათი დაწყნარება, არაფერი გამოვიდა. უცბად მოგვადგა ორი ავტობუსი და ამან გვიშველა. სხვადასხვა ავტობუსებში ჩასხდნენ. მე პირველად შევესწარი ასეთ საშინელ სცენას ხელოვანთა შორის და თავზარი დამცა ამ ჩხუბმა, ლამის ერთმანეთზე გაწევ-გამოწევამ“…
ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ ისინი ცხოვრებაში ხმას აღარ გასცემდნენ ერთმანეთს და მათ თანამშრომლობას წერტილიც დაესმებოდა. ბევრს ახარებდა ეს ფაქტი, მაგრამ ნურას უკაცრავად…
ეს რომ ასე ყოფილიყო, დათა თუთაშხია სხვა იქნებოდა და არა ოთარ მეღვინეთუხუცესი. მოხდა კი პირიქით. დათა თუთაშხიას როლზე კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო თავს იკავებდა, გურამ ფირცხალავა უნდოდათ დათას როლზე, მაგრამ გიგა ლორთქიფანიძემ დიდი დაჟინებით, ჩხუბით, აყალმაყალით დაამტკიცებინა დათას როლზე მეღვინეთუხუცესი…
ასეთია გიგა ლორთქიფანიძე და ასეთია ოთარ მეღვინეთუხუცესი:
მეღვინეთუხუცესს შეუძლია, იყოს მშვიდი და იყოს მძვინვარე, შეუძლია ტრიბუნიდან ლანძღვის ნიაღვარი მიუშვას კრიტიკოსზე, როგორც ეს მოხდა დათო ბუხრიკიძის შემთხვევაში, როცა მან მეფე ლირი-მეღვინეთუხუცესი გააკრიტიკა. შეუძლია, ზღვაში ჩასახრჩობად გაიმეტოს რუსი, როგორც ეს მოხდა ბიჭვინთაში, აფხაზეთის დაკარგვამდე, როცა ერთ რუს და მსვენებელს ცისფერთვალება მეღვინეთუხუცესი რუსი ეგონა და „ძმაკაცურად“ გაუმხილა, რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო.
„აჰ, ქართველები საკუთარ მიწაზეც შენ გიშლიან ხელსო? ისეთ ადგილას გაგგზავნი, ქართველებისგან სამუდამოდ დაისვენებო!“ – დაიგრგვინა და ზღვაში უკრა რუსს თავი, ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან.
მას ასევე შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის აღიარება. თავის დროზე, შორეულ ახალგაზრდობაში ლილი იოსელიანის დადგმულ სპექტაკლ „ფსკერზე“ სატინი ითამაშა. მოეწონათ. თავად დაეჭვებული იყო. უკმაყოფილო. იცოდა, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა. ულოცავდნენ, ეგონა, სხვებიც ხვდებოდნ ენ და შემწყნარებლობის გამო ულოცავდნენ. ამიტომაც არ იღებდა მილოცვებს. ის კი არა, ვასო გოძიაშვილიც კი გაუბრუნებია უკან. გაცეცხლებულა ვასო გოძიაშვილი: „ვინ არის ეს ვირი, მილოცვა რომ არ უნდაო“…
გავა დრო და საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩება „დიდოსტატის მარჯვენაში“ განსახიერებული მეფე გიორგითაც. რუსთავის თეატრში ნათამაშები ჰამლეტითაც, დოიაშვილთან ნათამაშები მეფე ლირითაც… არადა, უნდოდა ჰამლეტისა და მეფე ლირის თამაში. ითამაშა კიდეც, მაგრამ ამ სპექტაკლებმა ვერ გაიჟღერა… ჰამლეტისთვის ჯერ კიდევ მარჯანიშვილში ემზადებოდა – ლილი იოსელიანი და გიგა ლორთქიფანიძე დგამდნენ, მაგრამ შეაწყვეტინეს. ლილი იოსელიანმა შემდეგ რუსთავში დადგა ჰამლეტი. მაგრამ სულ ექვსჯერ ითამაშეს…
რატომ არ გამოვიდა ჰამლეტი?
მიზეზი ალბათ, ის იყო, რომ ჩვენ უკვე ვიცოდით, ნაწილი ისევ უკან, მარჯანიშვილის თეატრში უნდა დავბრუნებულიყავით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა უარი თქვა სპექტაკლში მონაწილეობაზე. ვინც უარი არ თქვა, რეპეტიციებზე არ დადიოდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით წაქეზებული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელი ერთხელ შუა რეპეტიციის დროს შემოვიდა და გამოაცხადა: მეღვინეთუხუცესის გარდა, ამ პიესის დადგმა არავის უნდა, სპექტაკლი კი ნახევარი მილიონი ჯდებაო. მე თავი ვერ შევიკავე და, შენი და შენი გამომგზავნის დედა-მეთქი! უწყვეტი რეპეტიციაც მოულოდნელად დაგვინიშნეს. ასეთ ატმოსფეროში რა უნდა გამოსულიყო?“ – ოთარ მეღვინეთუხუცესი.
„ჰამლეტზე“ საბოლოოდ უარი თქვა სამხატვრო საბჭომ. მეღვინეთუხუცესი რუსთავის თეატრიდან წამოვიდა და მარჯანიშვილში გააგრძელა მოღვაწეობა. წარმატებულ სახეებს კი რუსთავის თეატრშიც ქმნიდა, მარჯანიშვილშიც, კინოშიც….
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N41-ის არქივიდან 2009 წ.)