ჩვენი დროის ლეგენდა - გია დვალი – "რა არის სამყაროს საძირკველში – საუკუნის ექსპერიმენტი იწყება"

23:15 10-19-2016
772

ავტორი: თამარ გორთამაშვილი

როგორ შეიქმნა სამყარო, ვინ ცხოვრობს ჩვენს პარალელურად ჩვენთვის უხილავ სივრცეში და შეძლებენ თუ არა მეცნიერები იმ წინასწარმეტყველების დამტკიცებას, რომელიც სხვა განზომილებაში ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე, თეორიულად მიუთითებს. ეს შემოდგომა საუკუნის ექსპერიმენტის დასაწყისი იქნება, ერთ თვეში ჟენევაში, კვლევით ცენტრ „cern-ში ჰადრონული ამაჩქარებელი გაეშვება, რომელმაც ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ჩვენდაუნებურად რომ ჩნდება და რომელსაც პროფესორი, გია დვალი, ბოლო ათეული წლებია, ფორმულებით ამტკიცებს.

მაშ ასე, ამაჩქარებელი სტარტს მალე აიღებს, ექსპერიმენტის შედეგებს კი, რამდენიმე წელი დასჭირდება. გია დვალი უკვე ემზადება, მოლოდინი დიდია, მანამდე კი პარალელური სამყაროს არსებობისა და საკუთარი თეორიების შესახებ, თბილისში მშობლიურ უნივერსიტეტში, ლექციებს კითხულობს. დვალის ლექციას, არამარტო ფიზიკის ფაკულტეტის, არამედ სხვა დარგების მეცნიერები და სტუდენტები ესწრებიან, ყველა ის, ვინც აღფრთოვანებულია ამ ადამიანით და თვლის, რომ დვალი, ჩვენი დროის ლეგენდაა. 

ახალგაზრდა თეორეტიკოსი ძალიან ცდილობს, რომ ყველასათვის გასაგებ ენაზე ილაპარაკოს, რათა აღარ თქვან მასზე ,,უცნაური ადამიანია, თავის სამყაროში ცხოვრობსო” , მეცნიერულ ფორმულებს შეძლებისდაგვარად. ხალხურ ენაზე ხსნის და ამტკიცებს, რომ ჩვენთან ერთად, სადღაც სამყაროს ფუნდამენტში, სხვა სამყაროა. 

გია დვალი: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ეს არის მეცნიერება, სამყაროს ყველ­აზე ელემენტარული აგურების შესახებ, რითიც აგებულია ბუნება. კოსმოლოგია, ეს არის მეცნ­იერება სამყაროს ისტორიაზე, წარსულზე და შე­საბამისად, აქედან გამომდინარე მომავალზეც. ის თეორიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ამოვხსნათ ის კანონები, რასაც ექვე­მდებარება სამყაროს განვითარება, შემდეგ სა­შუალებას გვაძლევს, რომ არამარტო წარსული გავიგოთ, ასევე მომავალი ვიწინასწარმეტყვე­ლოთ. ეს თეორიები არის, რაღაც გარკვეული მათემატიკურად ფორმულირებული იდეები, რო­მელსაც შემოწმება სჭირდება, შეიძლება თეორია იყოს ძალიან ლამაზი და მწყობრი, მაგრამ არაფ­ერი კავშირი არ ჰქონდეს ბუნებასთან. 

საუკუნის ექსპერიმენტი

ეს ექსპერიმენტი, არც ერთი, კერძოდ აღებ­ული მეცნიერის არ არის, ეს არის საერთაშორი­სო ექსპერიმენტი. ჩვენი ინტერესი, იმიტომ არ­ის ძალიან მაღალი, ამ ექსპერიმენტის მიმართ, რომ ამ ექსპერიმენტს, აქვს საშუალება, ის ჩვენი იდეები და ჩვენი წინასწარმეტყველება შეამოწ­მოს. ჩვენ გვაქვს, რაღაც მოსაზრებები, სამყარ­ოს აგებულების შესახებ, რაც ვახსენეთ, პარა­ლელური მსოფლიო, განზომილებები და ა.შ. და ეს ექსპერიმენტი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საშუალებას მოგვცემს, შევამოწმოთ ეს იდეები, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. 

სტარტი

ახლანდელი ცხრილით, ექსპერიმენტი, შემოდგ­ომაზე უნდა დაიწყოს, გაგრძელდება წლები. ეხლა დაიწყება ამაჩქარებლის გაშვება, მანამდე ტექნ­იკური შეფერხებები იყო და ეს გასაგებიც არის, იმიტომ, რომ ის ენერგიები, რომელთანაც ამ ექ­სპერიმენტს აქვს კავშირი და ის ენერგიები რაც მიიღება, ეს არის პირველად, კაცობრიობის ისტო­რიაში. მთელი კოლექტივი ინტერნაციონალურია და ფიზიკოსების მთელი არმია მობილიზებულია, რომ ასეთი შეფერხებები, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

პარალელური მსოფლიო

ეს ექსპერიმენტი, მარტო ამით არ შემოიფარ­გლება, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი არის ის, რაზეც ვილაპარაკე, მაგრამ ამ ექსპერიმენტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ექსპერიმენტი, საშუალ­ებას მოგვცემს, პირდაპირ გავუკეთოთ შესწავლა იმ მექანიზმს, რის გამოც სამყაროში წარმოიშვება მასები. ანუ ფაქტიურად, ელემენტარული ნაწილა­კები მასებია ხომ? ამ მასების წარმოშობის მექანი­ზმს გაუკეთებს, პირდაპირ პრობირებას. საერთოდ რომ არანაირი იდეები არავის არ ჰქონდეს, ამ ექ­სპერიმენტს აქვს, მაინც უდიდესი მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, რომ ეხლა, კაცობრიობამ შექმნა მიკროსკოპი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩავიხედოთ 10 ხარისხად, მინუს 17 სანტიმეტრ ხარი­სხებზე. ასეთ მანძილებზე, კაცობრიობას არასოდ­ ეს ჩაუხედია, ეს არის პირველად.

გიგანტური მიკროსკოპი

იცით, რომ ჩვეულებრივი მიკროსკოპის გამო­ გონებას რამხელა წინსვლები მოჰყვა, ახლა კი შეადარეთ ამ მანძილებს. ამიტომ ამ ექსპერიმენტს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ყოველგვარი იდეები­სგან დამოუკიდებლად, იმიტომ რომ ეს არის ხელს­აწყო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სამყაროს ფუნდამენტში ჩავიხედოთ. მაგრამ ჩვენ, როგორც ამ ექსპერიმენტის მომხმარებლები, თეორეტიკ­ოსები ვართ, ჩვენთვის საინტერესოა იმიტომ, რომ ნებისმიერ თეორიას აქვს, რაღაც წინასწარმეტყ­ველება. ამ თეორიებს, რომლებიც ჩვენმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა, აქვს გარკვეული ტიპის წინასწ­არმეტყველება, მაგალითად ის, რომ დავუშვათ, მცირე ზომის შავი ხვრელები უნდა დაიბადოს ამ ექსპერიმენტზე, ასევე, ფუნდამენტური სიმების ვიბრაცია უნდა მოხდეს, უა­მრავი ახალი მოვლენაა, რომელიც ამ ექსპერიმენტმა უნდა დაინახოს, თუ ეს თეორიები სწორია”. 

ამ თეორიებით, გია დვალი, უკვე აღიარეს, მას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში წა­რდგენა აღარ სჭირდება. სასიხარულოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს ექსპერიმენტი ხომ, მსოფლიო აღიარებას, ქართველი მეცნიერის წყალობით, ჩვ­ენს ქვეყანასაც მოუტანს. ყოველთვის, როცა აქ ჩამოდის, ვერ მალავს, რომ წუხს, წუხს, დაკარგ­ული დარგის გამო, ათეული წლის წინ, ისიც ხომ საქართველოდან, უპერსპექტივობას ,,გაექცა”, სწორედ ამიტომაა, რომ დვალი ცდილობს, ახალ თაობას ინტერესი დაუბრუნოს, იმ მეცნიერე­ბის მიმართ, რომელმაც მას მს­ოფლიო აღიარება მოუტანა.

იხ.ფოტოები:

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N24-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე