გია დვალი – 2009 წლის მეცნიერი საუკუნის ექსპერიმენტით – “სამყარო ის არის, რაც არის“

13:24 02-09-2017
422

წლის იღბლიანი – სამეცნიერო სფეროში წელს რე­ვოლუცია მოხდა… ეს არ არის ხმამაღ­ალი ნათქვამი, ეს იმ მეცნიერთა აზრია, რომლებმაც პარალელური სამყაროს აღმოჩენის იდეა აღიარეს, იდეა, რომე­ლსაც ქართველი ფიზიკოსი – გია დვალი ჩაუდგა სათავეში. 2009 წელი როგორც გია დვალის, ისე სამყაროს ცხოვრებაში ბევრ მანამდე არსებულ თეორიას შეცვ­ლის, თეორიას სამყაროს წარმოშობისა და პარალელური სამყაროს არსებობის შესახებ. „პრაიმტაიმი“ აშკარად იღბლ­იან ფეხზე გაჰყვა დვალის ექსპერიმენტს, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, წელს, შემოდგომაზე, ჟენევაში ჰადრონული ამაჩქარებელი გაუშვეს. კო­ლაიდერში დაწყებულმა საუკუნის ექსპ­ერიმენტმა, დვალის მტკიცებით, სამყარ­ოს ისტორია უნდა შეცვალოს.

გია დვალი: „მოდით, ასე შევხედოთ ამაჩქარებელს, რომ ეს არის მსოფლიოში უძლიერესი გიგანტური მიკროსკოპი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სამყაროს სტრუქტურა უმცირეს მანძილებზე შევისწავლოთ. ჩვენ რატომ ვართ დაინტერესებულები ამ პროექტებით? იმიტომ, რომ ჩვენი ბევრი იდეა შემოწმდება ამ ექსპერიმენტზე. ის, რაც ჩვენ გვაქვს ნაწინასწარმეტყველები. მაგალითად, ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ მიკროსკოპული შავი ხვრელების დაბადება უნდა მოხდეს ამ ენერგიებზე. მას ვეძახით „პარალელურ მსოფლიოს“, რადგან სამყარო ერთია და უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის წანაცვლებული, დამატებითი განზომილება“.

მეცნიერთა ერთი ნაწილი დღესაც შეშფოთებულია იმის გამო, რომ კოლაიდერში დაწყებული ექსპერიმენტების დროს შეიძლება უკონტროლო სიტუაცია შეიქმნას, რომელმაც შესაძლოა, მთელი პლანეტა გაანადგუროს. გია დვალი შორსაა ამ აზრისგან, ზუსტი მეცნიერებაც იმიტომაა ზუსტი, რომ ასეთი ალბათობები გამორიცხოს.

გია დვალი: „სამწუხაროდ, არასპეციალისტებს არ ესმით ამ ცდის იდეა. მათ, უბრალოდ, ყური მოჰკრეს, რომ ხვრელი წარმოიშვება ამ აჩქარებაზე, მას დიდ ასტრონომიულ შავ ხვრელებს უკავშირებენ და გადაწყვიტეს, რომ ეს არის კატასტროფა. ჩვენ ვცდილობთ, მსოფლიო საზოგადოება გავანათლოთ და ავუხსნათ, რომ ეს მცდარი აზრებია“.

ასეა თუ ისე, საუკუნის ექსპერიმენტი დაწყებულია და მისი ერთ-ერთი ავტორი, ქართველი ფიზიკოსი გია დვალია, საკუთარი შეხედულებებით სამყაროზე და რწმენით, რომელიც, როგორც ამბობს, სავსებით თავსებადია იმ საქმესთან, რასაც ის აკეთებს და რამაც ის წლის მეცნიერად აქცია.

გია დვალი: „ამ მეცნიერული კვლევის მთელი სიძლიერე ის არის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელია, რა რწმენა აქვს თვითონ იმ მკვლევარს, ვინც ამ სამეცნიერო კვლევაზე მუშაობს. შეიძლება სულ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი და მიმდევარი იყოს, ან საერთოდაც – ათეისტი. აქედან გამომდინარე, ეს შედეგები არანაირ გავლენას არ ახდენს რელიგიაზე, რადგან ეს არის მეცნიერული მეთოდი. არ ვართ კონფლიქტში რწმენასთან, ჩვენ მარტო საქმე გვაქვს იმასთან, რაც შეიძლება მეცნიერებამ დაამტკიცოს. ცხადია, როდესაც მეცნიერება რაღაცას ამტკიცებს, ეს უკვე ფაქტია და თუ გინდა დაიჯერე, თუ გინდა ნუ დაიჯერებ. ნებისმიერ ხელოვანსა და ადამიანს თავისი სამყარო აქვს შინაგანი რწმენის. ჩემს რწმენაზე არ მინდა საუბარი, ეს არის მეცნიერული ინტერვიუ. მიმაჩნია, რომ არანაირ კავშირში არ არის ჩემი რწმენა იმასთან, რასაც ეს მეცნიერება აკეთებს. ეს არის აბსოლუტურად თავსებადი და ჩემი აზრით, თავსებადობაზე საკითხი არც უნდა დაისვას. რა თქმა უნდა, თავსებადია. ერთია, რაც რწმენის, კულტურისა და აღზრდის სფეროდან, მორალიდან მოდის და მეორეა, მეცნიერული კვლევა. მეცნიერულ კვლევასაც აქვს თავისი მორალი და ეთიკა, რა თქმა უნდა. მიგვაჩნია, რომ არ უნდა მოვიტყუოთ. რასაც აღმოვაჩენთ, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ და არაფერი არ უნდა დავუმალოთ. არ უნდა მოხდეს ფაქტების დამახინჯება და მერე ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. სამყარო ის არის, რაც არის“.

კოლაიდერში დაწყებული ცდის პირველ შედეგებამდე ჯერ ადრეა. მთავარია, რომ ამაჩქარებელი, რომლის გაშვებასაც წინ პატარა ინციდენტებიც უძღოდა, რაც მეცნიერთა ერთმა ნაწილმა მესამე ძალის ჩარევასაც კი დაუკავშირა, დღეს მუშაობას აგრძელებს.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N42-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე