მართალია, დავით ქაცარავა პოპულარული სპორტის წამყვანობით გახდა, მისი პროფესიების არეალი გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი ტელეწამყვანის კარიერა. განათლებით იურისტი, დავითი მცირეხნიანი მუშაობის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და 2001 წელს ბანკირად გადაკვალიფიცირდა. მერე იყო ბანკში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება. იყო ცვლა და ზრდა, როგორც ბანკების, ისე პროფესიული საფეხურების. ბანკი პროკრედიტი, რესპუბლიკა, სახალხო… საბანკო კარიერის ბოლო ეტაპი საქართველოს ბანკი იყო. მერე წამოვიდა და უკონკურენტო გაყიდვების კომპანია (ნოუჰაუ) დააარსა, რომელიც გაყიდვების მენეჯმენტს ნებისმიერ ორგანიზაციას უწევს.
ჯომარდი
ჯომარდობა ბავშვობიდან მისი ოცნება იყო. სათავგადასავლო გადაცემებში რომ ხედავდა, როგორ ეშვებოდნენ მდინარეებზე, ეს მხოლოდ მიუღწეველი ეგონა. 2003 წელს ეს ოცნება აუხდა.
„მეგობარმა მითხრა, ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ნავები აქვს და არაგვზე ეშვებაო. ჩემი ნათლობა ჯომარდში ფასანაურში დაშვებით მოხდა. 2 ივნისი იყო. დაშვება გავრისკეთ და ისე შემიყვარდა, ვიგრძენი, რომ სპორტის ეს სახეობა უკვე ჩემი იყო. პირველი შეგრძნება – სტიქიასთან ბრძოლაში შესვლა იყო. იმ დღიდანვე შევარჩიე პოზიცია და დღემდე ნავში იმ პოზიციაზე ვზივარ. ეს არის ყველაზე ექსტრემალური ადგილი, წინა სკამი. რუსულად პირველ ორ ადგილს „ზაგრიბნოი“ ჰქვია. პირველი შედიხარ წყალში, უყურებ წყლის და ქაფის კედელი წინ როგორ გხვდება. ისე ჩავერთე, ორი წელი შაბათ-კვირა არ გამომიტოვებია. ჯომარდობის ტურში მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ დიდი ფული დავხარჯე. ფული ასევე მეორე ტაიმზე იხარჯებოდა, რომელშიც აუცილებლად ქეიფი შედიოდა. მივხვდი, რომ უკვე უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა, ვიდრე უბრალო გატაცება იყო. თანაც ამასობაში იმდენი ადამიანი „მოვწამლე“ ჯომარდით და იმდენი დამყავდა ტურისტულ ლაშქრობებში, რომ ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ, ფედერაცია შეგვექმნა.“
ჯომარდელთა კავშირი 2006 წელს შეიქმნა. პირველად არ ასერიოზულად უყურებდნენ დათოს და მისი მეგობრების გადაწყვეტილებას. კავშირი ფედერაციად ერთი წლის შემდეგ გადაკეთდა და სამ წელიწადში სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ხალხს ძალიან შეუყვარდა სპორტის ეს სახეობა. ჩატარდა შეჯიბრებები. შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე, ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიიღეს მონაწილეობა, წელს ჰოლანდიაშიც არიან მიწვეულნი.
„იცით, რას მივაღწიეთ? ყოველ წელს ხომ იმატებს ჯომარდობის შესწავლის მსურველების რიცხვი და შარდენზეც მიდის „სვეტსკაობა“
– „გუშინ იყავი ჯომარდზე? ხო, რა მაგარია!“ თემა შევაგდეთ:)
ამანაც დიდი გავლენა იქონია ჯომარდის განვითარებაზე. პრესტიჟული სპორტის სახეობა გავხადეთ, თან სპორტია, თან გართობა და ეგზოტიკაა. როდესაც ნავში ჯდები, სხვა შეგრძნებები ჩნდება. ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული. ერთმა შეცდომამ შეიძლება სერიოზული ექსცესი გამოიწვიოს. არ მეშინია იმის თქმა, რომ დიდ შედეგს მივაღწევთ. წარმატებაა ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით და გამოცდილება მივიღეთ. ოთხწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ. თავგადასავალი, რომელმაც ჩემს ჯომარდულ მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია, 2003 წელს გადამხდა.
არაგვზე ჯომარდობის ერთთვიანი გამოცდილების შემდეგ, მე და ჩემს მეგობრებს „ყურშა გაყოყოჩდა“ დაგვემართა. ჩავთვალეთ, რომ კალმახები და ორაგულები ვართ, თერგზე წასვლა მოვინდომეთ. თრუსოს ხეობაში დავეშვით. სხვათა შორის, ჯომარდზე პირველი სიუჟეტი მაშინ გაკეთდა. მოვდივართ და ვხედავთ, რასთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ უკან ხომ არ დავიხევთ?! ტალღების სისწრაფეს რომ ვუყურებთ, ადრენალინი „გვასხამს“, გაგიჟებულები ვართ. მივუახლოვდით ერთ კანიონს და გავჩერდით, ძალიან სახიფათოდ გამოიყურებოდა. გადავწყიტეთ საკუთარ თავთან გვებრძოლა. სამი ადამიანი უზარმაზარ მორევში ჩავცვივდით – მე, რომელიც თერგს ვეფერებოდი, ჩემიანი ხარ თერგო-მეთქი, მეგობარი, რომელიც ადრენალინის გამოყოფას გინებით ახდენდა და მეორე მეგობარი, რომელიც არც იგინებოდა და არც ეფერებოდა. ამ მესამემ მუხლი დაიზიანა, ვინც აგინებდა ისე დაილეწა, რომ ხუთი წელი აღარ უჯომარდია, მე, რომელიც თერგს ვეფერებოდი, მდინარიდან ნაკაწრის გარეშე გამოვედი. მორევში თერგმა რამდენჯერმე რომ დამატრიალა, მივხვდი, რას ეჯიბრები ბიჭო, ნაფოტი ვიყავი და სტიქიასთან შედარებით ჩემი გამოცდილება და სულისკვეთება არაფერი იყო.
მას შემდეგ მე და ჩემი გუნდი ნავში ჩაჯდომამდე ლოცვას ვამბობთ და ამის შემდეგ ვანდობთ მდინარეს ჩვენს სიცოცხლეს. ვამბობთ, რომ მდინარე ჩვენი ძმაა და თერგის მორევის გამოცდილების მერე აღარ ვეჯიბრებით. ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე.“
ჯომარდს ჰიმნიც აქვს, მუსიკა მიშა მდინარაძემ, ტექსტი კი რატი ამაღლობელმა დაწერა.
„სიცოცხლე თითქოს მდინარეს ჰგავს, ძლიერი მართავს ნავს“მღერიან ჯომარდელები.
„ჩვენ ჯომარდს მხოლოდ ნიჩბის მოსმას არ ვეძახით, ჩვენთვის ჯომარდი ცხოვრების წესია. ჯომარდელია ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ბუნება. ეს სპორტი ქართულ ბუნებასთან ძალიან ახლოსაა. ჯომარდელს „კაი ტიპებს“ ვეძახით.“ დავითმა თავისი ცოლი, სოფო ხაჭაპურიძეც აქტიური ჯომარდელი გახადა.
„ფიზიკურად ჯანზე არ არის, მაგრამ ეტყობა, დიდი შინაგანი ენერგია აქვს და ვფიქრობ, მიმტკიცებს, რომ მაგარი ჯომარდელია. ნავში რომ ჯდება, წყალს აქაფებს. ვიცი, სოფო, რომ მაგარი ხარ! შარშან ორსულიც აპირებდა ნავში ჩაჯდომას, ძლივს გავაკავე. ჩემპიონობა უნდა. ახლა ქალთა გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს. მისთვისაც ცხოვრების წესად იქცა და ჩემპიონატების ორგანიზებაში ყოველთვის ჩართულია.“
სიყვარული
მათი სიყვარულის ისტორია 12 წლის წინ, აუზზე დაიწყო. სოფო ხაჭაპურიძე მისი ბავშვობის მეგობრის დაქალი აღმოჩნდა. დათო 21 წლის იყო, სოფო – 18-ის.
„იმდენად ბავშვური იყო, 13 წლის მეგონა. შევწუხდი და თავს ვეკითხებოდი, დავით, რა გჭირს, ბავშვებს დაერიე-მეთქი? მოკლედ, აუზზე საუბარში გავარკვიე ყველაფერი. სოფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოზე აბარებდა, მე ვოკალის განხრით კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. სასწავლებელიც დაემთხვა… ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, მორჩა ამ გოგოს ამბავი-მეთქი. შეყვარებულობის პერიოდი შვიდ წელს გაგრძელდა. მერე მარტო ავედი სოფოს მშობლებთან და ხელი ვთხოვე.
„ჩემი მეუღლისთვის არას დროს მითქვამს და ახლა ვამბობ, პირველად „პრაიმტაიმში“, რომ მისი მადლიერი ვარ, შეყვარებულობის პერიოდი ასე რომ გავატარეთ. მთელი ეს პერიოდი სიგიჟეებით არ იყო სავსე? ერთხელ ბაკურიანში ჩემს და-ძმასთან ერთად ვიყავი. დათო მაშინ ბათუმში მუშაობდა. ტელეფონით რომ ველაპარაკებოდი, მატარებლების ხმა მესმოდა, ვეკითხებოდი, სად ხარ-მეთქი. მატყუებდა, პორტში ვარ, იქა ვარ, აქა ვარო და უცებ ამომადგა ბაკურიანში.
დათო: – ერთხელ ტელეფონით მაგრად ვიჩხუბეთ. მაშინაც ბათუმში ვმუშაობდი. ღამით სამ საათში ჩამოვედი თბილისში. დავურეკე, ჩადი ეზოში, ვიღაცას რაღაც გამოვატანე-მეთქი. ჩამოვიდა და მე დავხვდი…“
ლამაზ წყვილს ორი შვილი – ოთხი წლის მიხეილი და სამი თვის ქეთევანი ჰყავს. მამა, მიხეილის ჯომარდობაში ჩართვას, უკვე ზაფხულიდან აპირებს.
ტელევიზია
დათო კასტინგზე მეგობარმა მიიყვანა. ერთი-ორი კვირა წაივარჯიშე და ეთერში დაგსვამთო.
„დარწმუნებული ხართ, რომ მართლა შეიძლება ჩემი ეთერში დასმა-მეთქი? არანაირი გამოცდილება არ მქონია. ექსტრემი მიყვარს და ჩემი პირველი ეთერიც ექსტრემით დაიწყო. დავჯექი და სუფლიორზე უცებ ტექსტი წაიშალა. ყურში მესმის – ვაიმე! შემთხვევით ამობეჭდილი ტექსტი მედო წინ და მივხვდი, რომ რამე უნდა მექნა. ფურცლიდან კითხვა სუფლიორზე კითხვით გავაგრძელე. ბოლო გვერდზე რომ გადავედი, აღმოვაჩინე, რომ ერთსა და იმავე წინადადებას უკვე მესამედ ვკითხულობდი. თერგი გამიმეორდა ეთერში! ახლა ან შეიძლება ბიზნესგადაცემა წავიყვანო ან გადაცემა ექსტრემზე, რაც გულით და სულით მინდა, სადაც წამყვანი თვითონ იქნება ჩართული ყველა აქტიურ ექსტრემში. ისე, კინოთი უფრო მოვიწამლე. აქაც აუხდენელი ოცნება ამიხდა.“
„მასიურ სცენებში მეც გადამიღეს. ამჟამად ამ ფილმის პიარით ვარ დაკავებული. მინდა კარგი შედეგი ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“- ამბობს სოფო.
ავტორი: თამარ გონგაძე.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N49(4)-ის არქივიდან 2010 წ.)