“ჩემს ქვეყანაზე უზომოდ ვარ შეყვარებული, არა მაქვს უფლება არ ვიყო პოლიტიზებული, თორემ არ ვიქნებოდი”…
გახარებულია…
ემოციური ადამიანი ვარ და ჩემს სიხარულს ბევრი რამ იწვევს. 18 დღე ვისვენებდი ჩაქვში, საკუთარი სახლი მაქვს და მეგობრების მიღება-გასტუმრებაში ვიყავი. ვგიჟდები იქაურობაზე, ყველაზე ლამაზი სახლია მთელ მსოფლიოში. ზღვაზე გახვრეტილი ქვა ვიპოვე და დაცდილი მაქვს, თუ ვატარე, ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ამისრულდება. რეზიკო მეუბნება, ამ ქვით ზღვაში არ ჩახვიდე, თორემ ჩაიძირებიო. წელს უკვე მეორე გახვრეტილი ქვა ვიპოვე და გამიხარდა. ის ერთი მეგობარს ვაჩუქე, ძალიან სჭირდებოდა სურვილის ასრულება… დიდი იმედი მაქვს, რომ მეც ამისრულდება. არ არის განსაკუთრებული და გრანდიოზული სურვილი, მაგრამ იმ წუთს ეს მინდოდა და ჩავიფიქრე.
ხალისიანია…
ჩაქვში ყოფნისას ჩემს შვილებს, მეგობრების შვილებს, ხელი მოვკიდე და „ლუნა პარკში“ წავიყვანე. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ აქეთ წამიყვანეს. ყველანაირ ატრაქციონზე აღმოვჩნდი. ბავშვები, რაღაც ატრაქციონებზე ასაკის გამო არ დასვეს, სამაგიეროდ იმით გაერთნენ, რომ მე მომიხდა ყველაფერზე დაჯდომა. საშიშ ოთახში, „ფან ჰაუს“ ერქვა, ლაბირინთებში შედიოდი და სხვადასხვა მოულოდნელობები გხვდებოდა. ბევრ ატრაქციონზე ვინანე, აქ რამ დამსვა-მეთქი, მაგრამ ბავშვების ხათრით ვჯდებოდი. ასეთი ადრენალინი კარგა ხანია არ მქონია, თურმე ხანდახან ასეთი რამეც ძალიან კარგია. ვიხალისე, ბავშვებმა კი ჩემზე იხალისეს. სახლში უზომოდ კმაყ ოფილი დავბრუნდი.
ემოცია არა აქვს…
არანაირი ემოცია არა მაქვს და ჩემს ცხოვრებაში არანაირი ადგილი არ უჭირავს საკვებს. ირგვლივ მყავს უამრავი ადამიანი, ვისი ხასიათი და განწყობა საჭმელზეა დამოკიდებული. ზღვაზე ყოფნისას, 18 დღის განმავლობაში სულ სამჯერ გეახელით. ერთხელ ნიძლავი წავაგე მეგობართან. მეგობარი მეკამათებოდა და, თუ ეს ასე არ არის, შენ შეჭამ, თუ ასეა, მე ვიშიმშილებ მთელი დღეო. მოკლედ, კიტრი და პომიდორი შევჭამე. ორჯერ სპეციალურად ჩემთვის მოიტანეს თევზი „გარბული“ და მომერიდა, რომ არ მეჭამა. იცოდნენ, რომ თევზი მიყვარს და ვჭამე. ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა სხვა რაღაცებს აქვს, მზეს, ზღვას, მეგობრებს და კარგ ხასიათს. საჭმელი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომაც ვარ 48 კილო…
აღშფოთებულია…
ზოგადად აღშფოთებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება და იმით, რომ ხალხი, მეგობრები, ახლობლები ერთმ ანეთს პოლიტიკური პოზიციების გამო კარგავენ. დაიკარგა ფასეულობები. დასვენების დროს ტელევიზორი საერთოდ არ ჩამირთავს და ჩემს კარგ დასვენებაში ამას მიუძღვის დი დი წვლილი. დავიცალე დაგროვილი ცუდი ემოციებისგან. თუკი რაიმე ცუდი და საშიში გამახსენდება, ყველაფერი პოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული. ჩემს ქვეყანაზე უზომოდ ვარ შეყვარებული, არა მაქვს უფლება არ ვიყო პოლიტიზებული, თორემ არ ვიქნებოდი. ისე იგრძნობა აგრესია ხალხში, აღშფოთდები, აბა, რა მოგივა?! ერთმანეთს გაურბიან, თბილისი კარგავს თავის მნიშვნელობას და სიყვარულს, რაც მას სხვა ქალაქებისგან განასხვავებდა.
განიცდის…
დღის განმავლობაში ყველაფერს განვიცდი – კარგსაც და ცუდსაც. განვიცდი საქართველოს მდგომარეობას, დაკარგულ ტერიტორიებს… აფხაზეთში დავდიოდი და მინდა ისევ წავიდე, მაგრამ ვერ მივდივარ, გაუგებარი რაღაც მიშლის ხელს. ამას განვიცდი. ზედმეტად ვიცი ყველაფრის გულთან მიტანა. რეზი კო სულ მამშვიდებს ხოლმე. მაგრამ, როცა მშვიდი ხარ და ყველაფერს ინდიფერენტულად უყურებ, ცოტა მოსაწყენია ცხოვრება. იმდენად ერთფეროვანია ყოველდღიურობა, ყოველი დღიდან ემოციებით შენ თვითონ თუ არ გამოიყვანე რაღაც ახალი, ძალიან მოწყენილობა იქნებოდა.
შეშინებულია…
ღამით ტელეფონი რომ რეკავს, მაგისიც კატასტროფულად მეშინია. სულ ცუდზე ვფიქრობ, რაიმე ხომ არ მოხდა-მეთქი? გაზაფხულზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიცია რომ მივიდა და დარბევა მოხდა, ჩემი და და რამდენიმე მეგობარი იყვნენ იქ. მე სახლში ვიყავი. რაღაც პერიოდით გაითიშა ტელეფონები, ვერ ვუკავშირდებოდი ვერავის. ტელევიზორში ვუყურებდი რაც ხდებოდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები იყვნენ იქ და მე ვერაფერს ვაკეთებდი. იცით, როგორ შემეშინდა? ისე კი არა, მერე კვალს რომ არ ტოვებს… დიდი დრო დამჭირდა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. არ ვიცოდი ცოცხლები იყვნენ, რა სჭირდათ. ისტერიულად ვტიროდი, სულ ვცდილობდი ვინმეს დავკავშირებოდი, თან სახლიდანაც ვერ გავდიოდი, ბავშვს ვერ ვტოვებდი. ისიც კარებში იწვა, არ გაგიშვებო. ეს შიში ცუდად მაქვს ჩარჩენილი.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N21-ის არივიდან 2009 წ.)