“გარშემო სულ ცეცხლს ვანთებ, შავ წარბებს ვკრავ და ხმის ტემბრი მაქსიმალურად მაღლა იწევს… ამ დროს არ უნდა გამეკარონ… „იგნორის პოლიტიკა“ ხშირ შემთხვევაში ამართლებს”…
აღშფოთებულია…
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც აღვშფოთდები ხოლმე. როდესაც ახალ ამბებში მუშაობ, ამ ემოციის გარეშე წარმოუდგენელიც კია. ამ დროს გარშემო სულ ცეცხლს ვანთებ, შავ წარბებს ვკრავ და ხმის ტემბრი მაქსიმალურად მაღლა იწევს. გარშემომყოფებმა იციან, რომ ამ დროს არ უნდა გამეკარონ. მაგრამ მალევე ვმშვიდდები, 10 წუთში ვცხრები და ისევ ისეთი ვხდები, როგორიც აღშფოთებამდე ვიყავი.
გახალისებულია…
ბოლოს სამსახურებრივ ისტორიაზე ვიხალისე. ადამიანი, ვისზეც ვიხალისე, „იმედში“ არ მუშაობს, მაგრამ „იმედის“ თანამშრომლები ვიცნობთ. მისი ერთ-ერთი მეგობარი ჩვენი თანამშრომელია. სამშაბათს დილა ამ ფრაზით იწყებოდა: „ის ისევ ჩაიჭრა პრავის ჩაბარების დროს!“ ასე გავიდა რვა სამშაბათი. მეცხრე მცდელობაზე ტარებისას რაღაცას რომ ეჯახებოდა, გამომცდელმა სთხოვა: ოღონდ აქ აღარ მოხვიდე, აღარ დაგინახო და ჩაგაბარებინებო. ჩვენც სახალისო აღარ გვაქვს.
განიცდის…
როდესაც კვირაში 6 დღესა და დღეში 14 საათს სამსახურში ატარებ, იქ განცდაც სამსახურს უკავშირდება, თუმცა მეგობრებზე ხშირად ვდარდობ და განვიცდი ხოლმე. ძალიან განვიცადე მანანა მანჯგალაძის „იმედიდან“ წასვლა. მან სამსახური შეიცვალა. რაც დრო გადიოდა, მე და მანანა სულ უფრო და უფრო ვახლოვდებოდით და ვმეგობრდებოდით. განვიცადე ის, რომ კარგი წამყვანი მოგვაკლდა, მაგრამ რას ვიზამთ.
გახარებულია…
ამერიკიდან კოლეგა მეგობარმა, გიორგი ნიორაძემ, ანუ „ნიორმა“, ზამთრის აქსესუარები ჩამომიტანა – კაშნე, ქუდი და ასე შემდეგ. ჩემი გემოვნება იცის და საჩუქრებიც ძალიან მომეწონა. მეგობრებმა იციან, რომ ნაცრისფერი და შავი ძალიან მიყვარს და ამიტომ ჩემი გემოვნების მიხედვით მყიდულობენ საჩუქრებს. თანამშრომლები საზღვარგარეთ თუ მივდივართ, ერთმანეთს ვაბარებთ, ვის რა ჩამოვუტანოთ. მერე მოლოდინია, ნეტა რას ჩამომიტანს… „ნიორს“ საჩუქარი რომ არ ჩამოეტანა, ვინ ჩამოუშვებდა?! ასე შემმოსა „ნიორმა“ „ღორის გრიპის“ სეზონისთვის და ზამთრისთვის.
ემოცია არა აქვს…
ამ ბოლო დროს თითქოს ემოციები დაიწურა. ბოლო პერიოდში იმდენი რამ ვნახე და განვიცადე, რომ იგივე მოვლენებს, რასაც ადრე, რამდენიმე წლის წინათ, შეიძლება აღვეშფოთებინე ან გავეხარებინე, ახლა შედარებით ცივად და უემოციოდ ვხვდები. იმდენად ბევრია სანერვიულო და თან ყოველდღიურად იმდენი ახალი ემატება, რომ ემოციების მართვა ვისწავლე. ემოციური ვიყავი, მაგრამ წლებს მოაქვს დაღვინება და ემოციების მართვა. მივხვდი, რომ „იგნორის პოლიტიკა“ ხშირ შემთხვევაში ამართლებს.
შეშინებულია…
გადამღები ჯგუფი ახალგორში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიყავით და რეპორტაჟს ვიღებდით ადმინისტრაციულ ქართულ ბერლინის კედელზე. გადაღება-გადაღებაში ძალიან შევყევით და დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი პოლიციის საკონტროლო საგუშაგო ტერიტორიას გავცდით. აღმოვაჩინე, რომ ოკუპანტებისა და რუსი ჯარისკაცების ფოკუსში ვიყავით, დროზე უნდა გადაგვეღო და უკან დავბრუნებულიყავით. ძალიან არ შემშინებია, მაგრამ არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თუმცა ასეთ შიშს ყოველთვის აბათილებს ის, რომ კარგი მასალა გაქვს.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N37-ის არქივიდან 2009 წ.)