გახარებულია…
ყაზახეთიდან პროდიუსერებმა დაგვირეკეს და ორი კონცერტი იგეგმება. ერთი დიდი კონცერტია ღია ცის ქვეშ, მეორე დახურული ფართია. ძალიან გამი ხარდა. იურმალაზე გამარჯვების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტის შვილის ქორწილში ვიყავით მიწვეული, სერიოზული ქორწილი იყო და ეტყობა, ჩვენც მოვეწონეთ. მას შემდეგ იქედან ხშირი ზარებია. ომი რომ დაიწყო, მინიმუმ შვიდი დაგეგმილი კონცერტი ჩაგვეშალა. მხოლოდ კიევში ვიყავით. იმანაც გამახარა, რომ წელს ბევრი საჩუქარი მივიღე. ეს საათი ნამდვილი „ორიენტია“, მეგობარმა მაჩუქა, საბერძნეთში ცხოვრობს. ფეხსაცმელი მაჩუქეს, სამაჯური მაჩუქეს… სულ ნაჩუქარი აქსესუარები მაქვს.
განიცდის…
ურეკში პარკ „ციცინათელაში“ „მხიარულ მთებზე“ სამჯერ ვიჯექი… „გორკებზე“ წინა ვაგონში დავჯექი, რომ მიქროდა და რკინებში ძვრებოდა მატარებელი, მეგონა ტვინს მივასხამდი. ყველა ატრაქციონზე ვიყავი ორკაციან საშინელი ატრაქციონის გარდა. მიყვარს და რისკიანი ვარ, მაგრამ იმ ატრაქციონის ნაღდად შემეშინდა. ღამე იყო და ძალიან დიდი რიგი იდგა, თან, ხან ჩუსტი ძვრებოდა ვიღაცას იმ კარუსელიდან და ხან სამკაული. შემეშინდა, არ დავიშალო და ნაწილ-ნაწილ არ ჩამოვვარდე-მეთქი.
შეშინებულია…
მიწისძვრამ შემაშინა. მეგობრები ვისხედით, ბევრნი ვიყავით და ზუსტად იმ დროს ავდექი საწოლიდან, მიწა რომ შეირყა და დავვარდი. მეგობარი სულ მეღადავება, რაღაცეებს მიწყობს და მეგონა, იმან მომიწყო რაღაც… 2003 წლის მიწისძვრა გამახსენდა. იმ დროს „ელიტ კლუბში“ ვიყავი და ბოლოში ვიჯექი… მახსოვს დარბაზი აყირავდა, გარეთ რომ გავედით ნანგრევები იყო… ომმა ძალიან შემაშინა და ძალიან განვიცადე. მაგაზე დიდი სტრესი არ მიმიღია. ღმერთმა გვაშოროს და დაგვიფაროს.
ხალისიანია…
ამ ზაფხულს ბათუმში ძალიან გავხალისდი. პირველ რიგში ძალიან მომეწონა და ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი ქალაქია. ტეკილიდან დაწყებული ყველაფერს ვსვამდი, მაგრამ ძირითადად არაყზე ვიყავი “შემჯდარი”. „პრივეტ იზ ბატუმი“ და ერთმანეთის სახლებში ვსვამდით და ერთმანეთს დავცინოდით. დღე-ღამეში ალბათ 4 საათი მეძინა, მზეს მაინც არ ვღალატობდი. მაგრამ სად იყო მზე? 22 დღის განმავლობაში სამჯერ ვიყავი გასული პლაჟზე. მგონი ჩემს გამო არ ამოდიოდა მზე, ზღვაზე გასვლა რომ არ მინდოდა. ბათუმიდან რომ მოვდიოდი, მზე გამოვიდა და გული დამწყდა, მაგრამ ქალაქიდან გამოსვლისას, მოიღრუბლა და გავხალისდი. მთელი თბილისი გაგიჟებული დამხვდა, რა დაგმართია, ბათუმში როგორ გალოთებულხარო.
აღშფოთებულია…
ქალი მძღოლი წესებს რომ არღვევს და უშნოდ ჩამიქროლებს, მინდა დავახრჩო! მაგრამ ზოგი კაცი მძღოლი გხვდება ისეთი, რომ ქალზე უარესია. ზოგი ქალი კაცივით ატარებს. მგონი მანქანის ტარებაში გვიგებენ. ერთი ორჯერ ისე ჩამიქროლა გული გამისკდა, ეს ქალია თუ კაცი-მეთქი? მოკლედ, ქალის მძღოლობით აღშფოთებული ვარ. ჩემი დაკვირვებით, ამ ბოლო დროს ქუჩებში წესრიგია.
ემოცია არ აქვს…
ვისწავლე, რომ ბევრი რამ უემოციოდ გავატარო. ბავშვობაში ყველაფერზე მქონდა ემოცია და განვიცდიდი. მერე მივხვდი, რომ ადამიანები ამით პრობლემებს იქმნიან. მერე ამაზე ნერვიულობენ, ეს მე არ მომწონს. რომ ვიცი, თეორიულად რას რა მოჰყვება, შესაბამისად ვიქცევი. იურმალის მერე ომი რომ დაიწყო და კონცერტები გაგვიუქმდა, დეპრესია მქონდა, ნერვებს ავყევი. აზროვნება ისე ჩამოვიყალიბე, არაფერზე არ ვნერვიულობ, ნერვიულობით საქმეს ვერ უშველი. ყოველთვის ვეძებ გამოსავალს.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N27-ის არქივიდან 2009 წ.)