ავტორი:დეა თავბერიძე
„არაფერი არ მჭირდება, მაგრამ თუ დედაჩემი ინდომებს ლობიო და ჭადის ფქვილი გამომიგზავნოს, ვაითუ შიმშილით არ მოვკვდე“ – სერგო ზაქარიაძემ ეს სიტყვები ძმას დაუბარა და ზესტაფონიდან თბილისში გაიპარა…
მეგობრის გასაცილებლად მისულმა, თითქოს დაძრული მატარებლიდან ჩამოსვლა ვერ მოასწრო, მაშინ 14 წლის იყო… მანამდე, სადგურზე განცხადებაში ამოიკითხა, რომ თბილისის დრამატულ სტუდიაში მისაღები გამოცდები ტარდებოდა…ასე გულის ხმას აყოლილი გაეშურა ბედის საძებნელად …
თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში საინტერესო და ბევრისთვის უცნობ ფოტოებს აღმოაჩენთ. თუ მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, დაითანხმე ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან უცნობ დეტალებსაც გაეცნობი. ხელნაწერთა განყოფილებაში უტყუარი ფაქტები დევს. პირადი წერილები, მიმოწერები, დღიურები…
თუმცა, დირექტორის დათანხმება, მის განწყობაზეა დამოკიდებული. მისი განწყობის შეცვლა კი, არც ისე ადვილია… ამჯერადაც ასე მოხდა, სერგო ზაქარიაძის ფოტოები თავად მოგვაწოდა, მაგრამ ხელნაწერთა განყოფილებაში დაცული ზაქარიაძის ჩანაწერების გაცნობაზე უარი გვითხრა… მიუხედავად ამისა, ქვემოთ მოყვანილი ისტორიები დიდი მსახიობის დღიურიდანაა, რომელთა გაცნობაც მანამდე მოვასწარით, ვიდრე დირექტორი კარგ ხასიათზე იყო…
თამუნა მაისურაძე
– ხელნაწერთა ფონდის ხელმძღვანელი:„მსახიობს ყველაფერი დეტალურად აქვს აღწერილი და როცა კითხულობ, ხვდები, იმისთვის დაიწერა, რომ როდესმე ვინმეს წაეკითხა…
გაცვეთილი შარვალი
დასტებად შეკრულ ფურცლებში სერგო ზაქარიაძის პირადი დღიურიც ინახება, რომელიც ორ საქაღალდეს მოიცავს. მისი წერა 22 წლის ასაკში დაუწყია. „ …ელემენტარულად, იმის საშუალება არა მაქვს, რომ ხელფასიდან – ხელფასამდე ოჯახი გამოვკვებო“. ამიტომაც სრულიად ახალგაზრდა გამოდიოდა სცენაზე, კითხულობდა ლექსებს და ასე იღებდა გასამრჯელოს…
ერთ-ერთ გვერდზე ანა კალანდაძეზე წერს –
„მომიყვანეს ახალგაზრდა პოეტი ქალბატონი, ვისი ლექსებიც უნდა წამეკითხა“… მას შემდეგ სხვა პოეტების ლექსებთან ერთად ხშირად კითხულობდა კალანდაძის ლექსებსაც და ასე, დეკლამაციით ირჩენდა თავს. ერთხელაც, ფილარმონიაში უნდა გამოსულიყო და აღმოჩნდა, რომ შარვალი იმდენად გასცვეთოდა, ხალხის წინაშე ვერ წარსდგებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, რუსთაველის თეატრის მეგარდერობეს მიაკითხა და მსახიობებისთვის განკუთვნილი, ერთ-ერთი პერსონაჟის კოსტიუმი გამოართვა – „ამის შე მდეგ გადავწყვიტე, ფეხსაცმელიც მომერგო, რადგან ჩემსას ძირი მთლიანად გასცვეთოდა.“
„დღე პირველი, დღე უკანასკნელი“
რეზო ჩხეიძე – რეჟისორი: „ფოსტალიონის“ როლს, რომ ამზადებდა, სერგომ 16 კგ დაიკლო, ამბობდა- ნამდვილი ფოსტალიონი შეუძლებელია ჩასუქებული იყოს, იმდენი აქვს ფეხით სასიარულოო! ერთხელ მე და სერგო, რომელსაც ფოსტის მსახურის ტანსაცმელი ეცვა და მხარზე გაზეთებით სავსე ჩანთა ეკიდა, კავშირგაბმულობის მინისტრთან შევედით. მინისტრი მე მელაპარაკებოდა, თან სერგოს გადახედავდა ხოლმე, ბოლოს ჰკითხა: „თქვენ, რომელი საფოსტო განყოფილებიდან ხართო“?
„ჯარისკაცის მამა“
„დეპუტატად ამირჩიეს. პირველი შეხვედრა მქონდა ამომრჩეველთან. ამომრჩეველთა შორის უმეტესობა – მეზღვაურები იყვნენ. საინტერესო ის იყო, რომ როცა სიტყვით გამოდიოდნენ, ეშლებოდათ და გიორგი მახარაშვილს მიწოდებდნენ, რის გამოც კრების თავმჯდომარე იძულებული იყო, მათთვის ხშირად შეეხსენებინა – ეს ხომ სერგო ზაქარიაძეა?!.“ მოსკოვში მესამე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სერგო ზაქარიაძემ „ჯარისკაცის მამაში“ მამაკაცის როლის შესრულებისთვის პრემია მიიღო. „ჯარისკაცის მამამ“ მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები გიორგი მახარაშვილს თავიანთი ქვეყნის შვილად აღიქვამდნენ. ამასთან დაკავშირებით სერგო ზაქარიაძის მოგონებებში წერია:
„სადაც კი აჩვენებდნენ ჩვენს ფილმს, უნგრეთი იქნებოდა ეს, საბერძნეთი, იაპონია, თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, მაყურებელიცა და სპეციალისტებიც გიორგი მახარაშვილში ისეთ თვისებებს პოულობდნენ, რომელიც მხოლოდ მათი ხალხისთვის არის დამახასიათებელი. ირწმუნებოდნენ, ჩვენცა გვყავს ასეთი შესანიშნავი მოხუცებიო… გიორგი მახარაშვილის ხასიათის საფუძველი, უბრალო ქართველი გლეხის სულიერი სამყაროა, რომელსაც მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი…ამისთვის, სულ ცოტა 20 წელიწადი მაინც იყო საჭირო.“
რეზო ჩხეიძე-რეჟისორი
„მაყურებელი ყოველთვის გრძნობდა მსახიობის დიდ შინაგან წვას, განცდას. ბევრჯერ გამკვირვებია: საიდან მოდის-მეთქი ამდენი ენერგია, ამდენი სიცოცხლის ძალა… ვაითუ, ვეღარ გაუძლოს გულმა, ნერვებმა…აკი ასეც მოხდა… სერგო ზაქარიაძის სიცოცხლე სცენასა და ეკრანზე დაიფერფლა”…
(გაზეტი “პრაიმტაიმი” N21-ის არქივიდან 2009 წ.)