„ბლექ სი არენაზე“ ამერიკული როკჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტი გაიმართა. “აეროსმიტი” მსმენელების წინაშე 2017 წლის ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარსდგა. აეროსმიტის კონცერტიდან სოციალურ ქსელში ბევრი ფოტოები გავრცელდა. თუმცა, ყველაზე დიდი ყურადღება ერთმა განსაკუთრებულმა შემთხვევამ მიიპყრო, როდესაც სტივ ტაილერმა ულამაზეს ქართველ გოგოსთან ჩასახუტებლად სცენა რამდენიმე წუთით დატოვა. გოგონა რომელმაც ერთ დღეში სოციალური ქსელი “ააფეთქა” ლეკა მენაბდიშვილია.
,,პრაიმტაიმი” ლეკას დაუკავშირდა და აეროსმიტის კონცერტისა და მოულოდნელი სიურპრიზის შესახებ დეტალების გარკვევას შეეცადა:
– ლიკა, პირველ რიგში შენს შესახებ მოგვიყევი?
– ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ვისთვის საყვარელი და ვისთვის აუტანელი. ვარ 27 წლის და ამჟამად, „ქართუ“ ჯგუფის პრესსამსახურში ვმუშაობ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ: სამსახურის შემდეგ დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ვატარებ, ვასეირნებ ძაღლს, არ მიყვარს ღამის ცხოვრება და ღამის კლუბები, მირჩევნია საუკეთესო მეგობრებთან ერთად ერთ ფინჯან ყავაზე დამათენდეს.
– აეროსმიტის კონცერტს დაესწარი, გაგიმართლა თუ არა მოლოდინები?
– დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მაგარი კონცერტი იქნებოდა, დადებითი ემოციებით და ენერგიით დამუხტული. ვფიქრობდი, ძალიან მაგარი შოუ გამოვიდოდა და სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ეს “აეროსმიტია”, ლეგენდარული და უკვდავი როკჯგუფი. როდესაც შენს ქვეყნაში ჩამოდის და “ლაივში” ნახვის შანსი გეძლევა, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. კონცერტის რეალობამ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
– როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ლეგენდარული როკჯგუფის სოლისტი სტივენ ტაილერი თქვენთან მოვიდა?
– სტივი ჩვენთან სულ რამდენიმე წამით მოვიდა და მახსოვს ისე დავიბენი, რომ თავად ფოტოს გადაღებაც ვერ მოვახერხე. ჩემს ტკბილ მოგონებებს კიდევ ერთი ლამაზი მოგონება შეემატა: 20 მაისი, black sea arena და სტივენი.
– თქვენმა ფოტოებმა „სოციალური ქსელი“ ააფეთქა. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდათ და მათაც აინტერესებთ თქვენი გული დაკავებულია თუ არა?
– ძალიან ბევრი შეტყობინება, კომპლიმენტები და მეგობრობის თხოვნა მომდის. ასევე, „ფეისბუქზე“ რამდენიმე უარყოფითი კომენტარიც შემხვდა. ჯანსაღი კრიტიკა კარგია და მივესალმები, მაგრამ როდესაც ადამიანს არ იცნობ და ათას სისულელეს უწერ, ეს უკვე კრიტიკა აღარ არის. თუმცა არ მანაღვლებს, რადგან ეს მათი პრობლემაა. უბრალოდ ერთს ვურჩევ, იცხოვრონ ბოღმის, შურის, ღვარძლის გარეშე და უფრო ლამაზები, ღიმილიანები და ბედნიერები იქნებიან. ამჟამად, ჩემი გული თავისუფალია.
და ბოლოს, რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეფასებას, რომელმაც გარკვეული ადამიანების გაღიზიანება გამოიწვია, მინდა მათ ვუთხრა, რომ ლამაზმანი ნამდვილად არ ვარ. ჩემთვის ლამაზმანი შარლის ტერონია.
ავტორი: თეონა აბესაძე



