ზვიად გამსახურდიას იდუმალი სიკვდილი – “მესროლეთ… ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს”

16:16 11-28-2016
265

პარლამენტში საქართველოს პირველი პრეზ­იდენტის გარდაცვალების შემსწავლელი კომი­სია შეიქმნა. უკვე ამბობენ, რომ კომისია პოლი­ტიკურ შეფასებას გააკეთებს და მხოლოდ. მას არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია…. როგორ დაიღუპა ზვიად გამსახურდია? კითხ­ვა ერთია, პასუხი კი – ბევრი. ფაქტი ერთია, სი­მართლე კი ყველას თავისი აქვს. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ მის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას.

ავტორი: ლევან ჯიშკარიანი

1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სა­მეგრელოს სოფელ ხიბულაში, სოფლის განა­პირას მდებარე ერთ-ერთ სახლში ყრუ გასრ­ოლის ხმა გაისმა. ისროლეს „სტეჩკინის“ ტიპის ავტომატური პისტოლეტიდან. ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ პისტოლეტიდან გასრ­ოლით მოიკლა თავი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, როდე­საც ახალ, 1994 წლამდე სულ ერთი დღე რჩ­ებოდა.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებით და­მთავრდა სამოქალაქო ომი, რომელიც ე.წ. დე­კემბერ-იანვრის სისხლიანი გადატრიალებით დაიწყო, შემდეგ აფხაზეთის ომით გაგრძელდა და სამეგრელოში ბოლო შეტაკებით დასრულ­და.

24 სექტემბერს ქვეყანაში დაბრუნებული გამსახურდია სამეგრელოს ტყიან მთებში იმ­ალებოდა ექსპრემიერ-მინისტრ ბესო გუგუ­შვილის, დაცვის უფროს რობინზონ მარგვე­ლანისა და სამიოდე პირადი მცველის ამარა. ხოლო ის ხუთი ათასამდე ქართველი, ლოთი ქობალიას მეთაურობით, რომლებიც ანაკ­ლიის ბანაკში იყვნენ დისლოცირებული და გამსახურდიას სექტემბერში ზარ-ზეიმით და­ხვდნენ, უმალვე გაიფანტნენ, როგორც კი შე­იტყვეს, რომ შევარდნაძემ დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ახლა ამათ უკვე რუსები დაეხმარებიან, ხოლო რუსებთან ომს რა აზრი აქვს?“ – ამბო­ბდნენ მეომრები და სახლებში მიდიოდნენ. ზვიად გამსახურდია, ფაქტობრივად, მა­რტო დარჩა. მას სთავაზობდნენ ბათუმში გა­დასვლას და იქიდან გროზნოში გადაფრენას, მაგრამ ასლან აბაშიძე (რომელიც შემდეგ გა­მსახურდიას მიმდევართა მისამხრობად მის მზეს ფიცულობდა) სასტიკი წინააღმდეგი იყო, რაკი ეშინოდა, რომ გამსახურდია აჭარაში და­რჩებოდა და ჩეჩენთში აღარ გაემგზავრებოდა, რაც თბილისის იმდროინდელ ხელისუფლებას აჭარაში ჯარის შეყვანის საბაბს მისცემდა. ამის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ გალი-ოჩამჩირის საზღვარზე სცადა დამალვა, მაგრ­ამ ეს უკვე აფხაზებს არ მოეწონათ და მუქა­რით გამოაძევეს.

იგორ გიორგაძის კვალი:

ბუნებრივია, ექსპრეზიდენტის ადგილსამ­ ყოფლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა საქა­რთველოს უშიშროების იმდროინდელ მინისტრ იგორ გიორგაძეს, რომლის მსტოვრები ექსპრეზიდენტს ფეხდაფეხ მისდევდნენ. სწ­ორედ ამიტომ, დამხობილი ხელისუფლების ნარჩენი მუდმივად იცვლიდა ადგილსამყოფე­ლს. ესე იგი, სოფლიდან – ტყეში, კარავში, შე­მდეგ ისევ სოფელში გადადიოდა. სიცივისა და ნესტისგან გამსახურდიას სი­მსივნის პრობლემა გაუმწვავდა. ბოლოს იძ­ულებულნი გახდნენ, ხიბულაში დარჩენილ­იყვნენ, საიდანაც, რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე მიცვალებული გამსახურდია ჯიხაშკარში გადაასვენეს და სახლის გვერდით მდებარე სა­თავსში დაკრძალეს. იგორ გიორგაძე დღ­ემდე ამტკიცებს, რომ ხიბულასაც და ჯი­ხაშკარსაც მისი აგენტები აკ­ონტროლებ­დნენ, ხოლო დაახლოებ­ით დეკემბრის 20 რიცხვისთვის, გამსახურდია და მისი დაცვა უკვე სპეცდანიშნულების ნა­წილებით იყვნენ გარშემორტმულნი, რომლ­ებიც მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ, რათა დაპატიმრების ოპერაცია დაეწყოთ. თუმცა ეს ოპერაცია აუცილებლად შევა­რდნაძესთან უნდა შეეთანხმებინათ. ეს უკ­ანასკნელი კი ყოყმანობდა:

ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ დაპატიმრებისას გამსახ­ურდია ან მისი დაცვის წევრები ცეცხლს გა­ხსნიდნენ, ორმხრივ სროლაში პირველი პრ­ეზიდენტი დაიღუპებოდა და ზვიადისტების მუდმივ „დროშად“ იქცეოდა, პრეზიდენტის მკვლელობისთვის კი პასუხისმგებლობა შე­ვარდნაძეს დაეკისრებოდა. ამიტომ ის არ ჩქარობდა ბრძანების გა­ცემას, ხოლო გიორგაძე საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიდან, ესე იგი, თავისი „მეორე პატრონისგან“ ბრძანება მიღებული ჰქონდა.

ამ ვითარებაში რაღაცნაირად „ძალიან ლოგიკურად“ (მეტისმეტად ლოგიკურად) „ჩაჯდა“ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლ­ელობა. ანუ ისე გამოვიდა, რომ ის ბრძოლა­ში არ დაღუპულა, არც ტყვედ აუყვანიათ (გამსახურდიას სასამართლო პროცესიც სე­რიოზულ პრობლემებს შექმნიდა) და ვერც გროზნოში დაბრუნდა. ხოლო კამათი იმის შესახებ, რა მოხდა ხიბულაში 31 დეკემბრის გამთენიას, დღემდე არ წყდება.

იდეალური ვარიანტია, რომელიც აბსო­ლუტურად ყველა მხარეს ხელს აძლევდა. იმდენად იდეალური, რომ ბუნებრივად გა­ჩნდა კითხვები და ეჭვები: მართლა მოიკლა თუ არა თავი ზვიად გამსახურდიამ? ხომ არ გახდა ის ოსტატურად დაგეგმილი სპეცოპ­ერაციის მსხვერპლი? რამდენად სანდონი იყვნენ მისი თანმხლები პირები და რამდენ­ად დაეჯერებათ მონათხრობი?

პრეზიდენტ გამსახურდიას თხოვნა:

რამდენიმე წლის წინათ გამსახურდიას დაცვის უფროსმა, რობინზონ მარგველანმა ამ სტატიის ავტორს განუცხადა, რომ სიკვ­დილამდე რამდენიმე საათით ადრე, როდე­საც დაცვის წევრები ბუხართან ისხდნენ, ოთახში მოულოდნელად პრეზიდენტი შევი­და. ყველანი ფეხზე წამოდგნენ და ზვიად გამსახურდიამ მათ სთხოვა:

„ბიჭებო, ძალიან ცუდად ვარ და გამოსავალიც არ არის. ეგ­ება რომელიმე თქვენგანმა მესროლოთ და გამათაოთ, სიცოცხლეს აზრი აღარ აქვსო“.

ბუნებრივია, ამ თხოვნის თუ ბრძანების შესრულება ვერავინ გაბედა. რომც გაებ­ედათ, მაინც არავინ დაუჯერებდათ, რომ პრეზიდენტს მისივე თხოვნით ესროლეს. ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვ­აძე პირდაპირ ადებდა ხელს გამსახურდიას გარემოცვას, მათ შორის ლოთი ქობალიას, ზვიად ძიძიგურსა და სხვებს – ზვიადი თქვენ მოკალითო. თუმცა, შესაძლოა, ქვრივს ის ამოძრავებდა, რომ 1993 წლის სექტემბერში სწორედ თავისმა გარემოცვამ ურჩია გამსახ­ურდიას, საქართველოში დაბრუნებულიყო, ხოლო ოჯახი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მანანა არჩვაძე იმას გულისხმობდა:

„თუ პრეზ­იდენტის დაცვის ან ომში გამარჯვების შნო არ გქონდათ, რაღას ეპატიჟებოდითო“.

გასულ წლებში ზვიად გამსახურდიას გა­რდაცვალების საიდუმლო არაერთგზის ქცეუ­ლა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად, მა­გრამ დღემდე ყველა წინადადება სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ უარყოფილ იქნა. მიზეზი გასაგებია: ედუარდ შევარდნაძეს არ აძლევდა ხელს ამ საქმის მუსირება იმის მიუხედავადაც კი, რომ კვალი იგორ გიორგა­ძისკენ მიდიოდა. მაგრამ 1993 წელს გიორგაძე სწორედ შევარდნაძის ხელქვეითი იყო.

ზუსტად შერჩეული დრო

არავინ ელოდა, თუ 2009 წელს ეს საქმე კვლავ ამოტივტივდებოდა, მაგრამ მოულ­ოდნელად, „ქართული დასისა“ და ჯონდი ბაღათურიას წინადადება საპარლამენტო უმრავლესობამ მოიწონა და პირველად, 1993 წლის შემდეგ, შეიქმნა საპარლამენ­ტო კომისია, რომელიც ზვიად გამსახურ­დიას სიკვდილის გარემოებებს გამოიძიე­ბს. თვით ჯონდი ბაღათურიამ ეს უცნაურ­ობა „პრაიმ-ტაიმთან“ საუბარში ასე ახსნა:

„ჩვენ ზუსტად შევარჩიეთ დრო, როდესაც საკითხი უნდა დაგვეყენებინა“.

ანუ, იდეის ავტორი გულისხმობს, რომ მმართველ გუნდს „ტოპკა აუგდო“ და „და­რტყმამაც“ არ დააყოვნა. მაგრამ რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა მმართველ პარტიასა და გუნდს ამ საქმის გახსენება, მით უმეტეს საპარლამენტო კომისიის შე­ქმნა? როგორც ჩანს, მიზეზი ისაა, რომ სა­ქართველოში აშკარად გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, რომელთაც პირდ­აპირი კავშირი აქვთ 1991-1993 წლების მოვლენებთან. არც თვით იგორ გიორგა­ძეა ბოლომდე „ჩამოწერილი“ ანგარიშიდან (მოსკოვში) და არც თენგიზ კიტოვანი, რო­მელსაც მუხროვანის პუტჩთან აკავშირე­ბენ, რაკი პოლკოვნიკი ოთანაძე და პოლკ­ოვნიკი კრიალაშვილი, თავის დროზე, მისი თანამებრძოლები იყვნენ. ისევე, როგორც მუხროვანის პუტჩის იდეოლოგიური შე­მზადებისთვის დაპატიმრებული გენერა­ლი კობა კობალაძე.

გარდა ამისა, ჯონდი ბაღათურიამ „პრ­აიმტაიმს“ ისიც აცნობა, რომ კომისიას ნებისმიერი ყოფილი თუ მოქმედი თა­ნამდებობის პირის დაკითხვის უფლე­ბა ექნება, ხოლო ქართული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი (მათ შორის დღევანდელი ოპოზიციაც) უშუა­ლოდაა დაკავშირებული 1993 წლების მოვლენებთან. ზვიად გამსახურდიას ტრაგიკულ აღსასრულში მათაც სერიოზული წვ­ლილი შეიტანეს, ხოლო მიხეილ სააკ­აშვილის სერიოზული უპირატესობაა, რომ დღევანდელი პრეზიდენტი არც ერთი თვალსაზრისით არ უკავშირდება მაშინდელ მოვლენებს. საპარლამენტო კომისიის შექმნა აშ­კარად იმ მიზანსაც ისახავს, რომ ქართ­ველ ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენდეს, რა დღეში ჩააგდეს იგი 15-20 წლის წინათ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა, რო­მლებიც დღესაც არ იშლიან ახალ-ახალი „გადატრიალებებისა“ და „რევოლუციების“ მც­დელობას.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N33-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე