ავტორი: მარი გულორდავა
ცნობილი წყვილი თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე 16 წლის წინ შეუღლდნენ, იმ პერიოდში ორივე სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა და დიდი ხნის განმავლობაში, დაქორწინებული წყვილი, შეყვარებულებივით იყვნენ. მათ ორი ვაჟი ჰყავთ, 14 წლის ნიკა, რომელიც უცხოეთში სწავლობს და 12 წლის ვატო, რომელიც მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობს.
„პრაი მტაიმი“ დედა- შვილს ოჯახურ ამბებზე ესაუბრა. ვატომ თავისი სამომავლო გეგმები გაგვაცნო და თან გაგვანდო, რომ შეყვარებულია.
-თეონა, შენ და რეზიმ როგორ გაიცანით ერთმანეთი?
-ძალიან ჩვეულებრივად, არც ის მახსოვს როდის გავიცანი და არც ის, თუ რა მეცვა. რაც თავი მახსოვს ერთმანეთს ვიცნობთ.
-როგორ შეგიყვარდათ?
-კაი რა, რეებს მალაპარაკებ.
ვატო: -თქვი.
თეონა: -შენ თუ იცი, შენ თქვი.
ვატო: -არ ვიცი თეონა. მიდი მოყევი, შენ გეკითხებიან მე კი არა.
თეონა: -იცით რა, ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა, მე სხვა ქალაქში ვსწავლობდი, რეზიც სხვა ქალაქში. დაქორწინების შემდეგაც კი სხვადასხვა ქალაქში წავედით. ბავშვებიც კი სხვა ქალაქშიც გაგვიჩნდნენ… თუმცა ამის გამო მათ ყურადღება არ მოკლებიათ, რადგან სულ სახლში ვიყავი.
-თქვენ როდის დაიწყეთ მუშაობა?
-მაშინ, როცა თბილისში ჩამოვედით, თან აქ დამხმარეებიც მყავდა და ამიტომ ყველაფერი კარგად აეწყო.
-დისკომფორტს არ გიქმნიდათ ის, რომ მეუღლეს გარკვეული პერიოდი თქვენთვის არ ეცალა?
-იცი რა, გააჩნია როგორი კუთხით შეხედავ, ჩემთვის პირიქით სასიამოვნო იყო, როცა სულ მონატრების რეჟიმში ვიყავით. ვთვლი, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, მსგავსი სიტუაციები ხელს უწყობს კარგი ურთიერთობა უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
-სიურპრიზი თუ გაუკეთებია რეზის და ისე თუ დაგდგომია თავს, რომ არ იცოდი?
-ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯერ ყოფილა. როდესაც დრო გამოუჩნდებოდა, დაუგეგმავად ჩამოდიოდა, ხშირად მეც ვაკეთებდი ამას.
-ვატო, დედიკო და მამიკო რა სიურპრიზებს გიწყობენ ?
-საჩუქრებს გვჩუქნიან ან სადმე მივყავართ.
-სად მიყავხართ?
-რესტორანში.
-ქეიფი გიყვარს?
-უფ, ძალიან.
-ხომ არ თამადობ კიდეც?
-არა. იმიტომ, რომ არ მასწავლიან… მამაჩემი საერთოდ არ სვამს.
-შენ არ გიყვარს დალევა?
-არა, მე ხომ ფეხბურთელი ვარ.
-რას გეუბნება მამა, როგორ უნდა გახდე კარგი ფეხბურთელიო?
-გვიან არ უნდა დაიძინო, ბევრი უნდა ივარჯიშო და სულ რეჟიმში იყო.
-შენ იცავ ამ ყველაფერს?
-ხანდახან კი.
-რაზე გიბრაზდებიან დედიკო და მამიკო?
-როცა მე და ჩემი ძმა ვჩხუბობთ, ან როცა სკოლაში ცუდად ვიქცევი და სახლში ბურთით რამეს დავამტვრევ, მაშინ მეჩხუბებიან ხოლმე.
-ბურთით სახლში თამაშობ?
-კი როგორ არა, სულ ბურთით დავრბივარ.
-შენ და შენი ძმა რაზე ჩხუბობთ?
-კომპიუტერთან ვინ დაჯდება და ტელევიზორს ვინ უყურებს, მაგაზე.
თეონა: -ორივეს თავიანთი კომპიუტერი და ტელევიზორი აქვთ, მაგრამ მაინც ჩხუბობენ.
-შენ თუ უბრაზდები მშობლებს?
-მაშინ ვბრაზობ ხოლმე, როცა მე არა ვარ დამნაშავე და მაინც მე მიბრაზდებიან.
-როცა ვინმე მოგწონს, დედიკოს რჩევას ეკითხები?
-კი ვეკითხები და თეონაც რჩევას მაძლევს ხოლმე.
-შეყვარებული გყავს?
-კი, ჩემი სკოლელი მიყვარს, რომელიც ჩემზე ერთი წლით დიდია.
-ცოლად მოყვანას აპირებ?
-არა, არა… იქამდე თუ კიდევ მეყვარება, მაშინ კი.
-დედას ჩაცმულობაში თუ ერევი?
-არა. არასოდეს მითქვამს, რომ რამე არ უხდება და თუ უხდება მაგაზე ვეუბნები. თეონა ყველანაირ სტილში მომწონს.
-შენ თუ გაგიკეთებია თეონასთვის საჩუქარი?
-კი, ვჩუქნი ხოლმე საჩუქრებს.
-შენი დანაზოგით, თუ მამიკოს ართმევ?
-ჩემი ფული არასდროს არა მაქვს ხოლმე, მამიკოს ვართმევ.
თეონა: -დანაზოგი როგორ არა გაქვს?
ვატო: -სად მაქვს?
თეონა: -ფულს ხომ აგროვებ და დანაზოგი მაგას ჰქვია.
ვატო: -ეგ ყულაბაში მაქვს.
თეონა: – მაგრამ იმით ჯერ არაფერს ყიდულობს.
-რამდენი გაქვს ვატო?
-სამი ათასი ლარი.
-რისთვის აგროვებ ფულს?
-მერე რომ გამოვიყენო.
-ყველაზე მეტ ფულს ვინ გიგდებს ხოლმე ყულაბაში?
-ბაბუაჩემმა დაბადების დღეზე მაჩუქა ყულაბა და მითხრა, რომ ერთ გოლზე 20 ლარს ჩამიგდებდა, მე კი ბავშვებთან მოლაპარაკებული ვარ და გოლებს მაშვებინებენ.
თეონა: -უი, ეს პირველად გავიგე.
-ვატო, რეზისავით გინდა ცნობილი ფეხბურთელი გამოხვიდე?
-კი, შემტევი ნახევარმცველი გამოვალ.
-სად თამაშობ?
-ბიძაჩემის სკოლაში?
– ბიძა მკაცრია?
-არა, და არც მამა არ არის მკაცრი.
-დედა უფრო მკაცრია თუ მამა?
-დედა უფრო ხშირად მეჩხუბება ხოლმე, მაგრამ თუ მამა გაბრაზდა, მაგრად მეჩხუბება.
თეონა: -როცა ერთმანეთში ჩხუბობენ, მაშინ გამოვდივარ ხოლმე წყობიდან.
-თეონა, ოჯახში სამი კაცი გყავს, როგორ უძლებ?
-მართალი გითხრათ რთულია, მაგრამ ვიტან… სანამ პატარები იყვნენ, უფრო იოლი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა აქ არ სწავლობს, როცა ჩამოდის ვუძლებთ კი არა, დიდი ამბებით ველოდებით.
– ვატო, რა ჩამოგიტანა ნიკამ წასული რომ იყო?
-ყველაზე მაგარი „დუხი“ ჩამომიტანა, მაგრამ მერე ისევ წამართვა.
თეონა: -კი არ წა გართვა, ისიც ისხამდა ხოლმე.
-რომელია ეს ყველაზე მაგარი სუნამო?
-არმანის რაღაცა ჰქვია, ჩემი საყვარელი სუნამოც ეს არის.
-როგორი გოგოები მოგწონს?
– არ ვიცი.
თეონა: -რა არ იცი?
არ იძახი, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ანასტასია არისო. (ანასტასია ვატოს მეგობარია. ავტ. შენიშვმა)
ვატო: -ეგ ჰო, მაგრამ ანასტასია ჩემი დაა.
თეონა: -მართლა ასეა, სულ ვატოა ანასტასიასთან ან ანასტასია არის ჩვენთან და სულ ერთად არიან. მე ვერ ვგრძნობ, რომ გოგო არ მყავს.
-„ვა ბანკში“ რომ მოიგეს რეზიმ და თეონამ გაგიხარდა?
-მე მოვაგებინე, ესენი ვაბშე 25 ათასს იღებდნენ და 50 ათას ზე მე გავარისკინე.
-მერე, რომ აიღეს მოგცეს ფული?
-კი, ათასი დოლარი მომცა რეზიკომ, მაგრამ მგონი მერე ბანკში შეიტანეს ჩემს სახელზე.
-რა მანქანა გინდა გყავდეს?
-ახლა მინდა რომ „ბენტლი“ მყავდეს, მაგრამ როცა მე გავიზრდები „ბენტლი“ იმ დროისთვის მოძველებული იქნება.
თეონა: -შენ ფიქრობ რომ მაგ დროისთვის ტექნიკა ისე განვითარდება, რომ მანქანები იფრენენ?
ვატო: -როგორ არა, დღესაც არსებობს სამი მფრინავი მანქანა.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N26-ის არქივიდან 2009 წ.)