ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი
ნატურალური ყველის ყიდვა, სხვა დანარჩენი პროდუქტის მსგავსად, არცთუ ისე იოლია. რატომ არ უნდა ვიყიდოთ ქუჩაში ყველი და რისგან ამზადებენ ხაჭაპურის შიგთავსს?
„პრაიმტაიმი“ „ჯანმრთელი სამყაროს“ დირექტორს, ექიმ ეპიდემიოლოგს, ზურაბ ფუტკარაძეს ესაუბრა:
– დღეს ბაზრობებზე ძირითადად მოხდილი ყველი იყიდება. მოდით, განვმარტოთ, რას ნიშნავს მოხდილი ყველი. ნატურალური ყველი ძირითადად ცხიმია, მაგრამ რასაც ჩვენ მოხდილ ყველს ვეძახით, მასში რძის ცხიმები საერთოდ არ არის და ასე ვთქვათ, ის ღირებულება აღარ აქვს ყველს, რაც უნდა ჰქონდეს. რძის ადუღებისას ცხიმები მაღლა ამოდის, შემდეგ ამ ცხიმებს აცლიან და ცხიმის გარეშე ამზადებენ ყველს.
საქართველოში ძირითადად მარილიანი ყველია გავრცელებული, არ აქვს მნიშვნელობა, სულგუნია, ქარხნული თუ იმერული. აქედან გამომდინარე, ქართულ ყველს შენახვის ვადა, მისი მარილიანობიდან გამომდინარე, ხანგრძლივი აქვს, რადგან ბევრი მარილი მიკრობების პირველი მტერია. ამ ხრივ, ყველი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ არც რაიმე სასარგებლო კვებით ღირებულებებს შეგმატებს, რადგან მოხდილ ყველში, როგორც გითხარით, ცხიმები საერთოდ არ არის…
როგორ შეიძლება, ყველი სამი-ოთხი ლარი ღირდეს, როდესაც ნამდვილი ყველის დასამზადებლად ნატურალური რძეა საჭირო, რომლის ფასი, საშუალოდ ორი-სამი ლარია. ერთკილოგრამიანი ყველის დასამზადებლად კი სამი-ოთხი ლიტრი რძეა საჭირო, რაც იმის დასტურია, რომ ის ნატურალური რძისგან არ არის დამზადებული.
– ცხვრის ყველიც შეიძლება მოხდილი იყიდებოდეს? მას ხომ სპეციფიკური სუნი აქვს?
– გუდის ყველი თუ სუფთად არის მომზადებული, მას სპეციფიკური სუნი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სპეციფიკური სუნი ყველა ყველს აქვს, მაგრამ მძაფრი სუნი, როგორც ხშირ შემთხვევაში გუდის ყველს აქვს, ასეთი არ უნდა ჰქონდეს. ცხვრის ყველი გუდაში იდება , მაგრამ თუ ის გუდა კარგი გარეცხილი და დეზინფიცირებულია, სუნი არ უნდა ჰქონდეს. ასეთი სუნი გუდის ყველს იმიტომ აქვს, რომ მას გაურეცხავ გუდაში დებენ, თორემ თვითონ ცხვრის რძეს სუნი საერთოდ არ აქვს.
მაპატიეთ და, მძაფრსუნიანი ცხვრის ყველი ანტისანიტარიაშია დამზადებული. ის, რომ ასეთი ყველით არ ვიწამლებით, იმის გამოა, რომ მას ასევე ბევრ მარილში ამუშავებენ. ყველისგან მოწამვლა საქართველოში იშვიათი შემთხვევაა. ქართული ყველის ვადა თითქმის განუსაზღვრელია, რადგან, როგორც გითხარით, მარილით მზადდება. ალბათ, ხშირად გინახავთ ბაზრობებზე ყველზე წარწერა: „სახაჭაპურე ყველი 2 ლარი“. ეს ყველი, რა თქმა უნდა, მოხდილია და ამით ძირითადად პატარა საცხობები მარაგდება, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა გახსნილი. ეს, რა თქმა უნდა, უკეთეს შემთხვევაში. ისე, ხაჭაპურს ყველის ნაცვლად მოხარშულ მაკარონს უშვრებიან. ერთხელ დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საკონდიტროში შევდივარ და ასეთი სურათი მხვდება, სხვას რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე. დავინახე ადამიანი, რომელიც „ლახანკაში“ ფეხს იბანდა. ცოტა ხანში წყალი გადაასხა და იმ „ლახანკაში“ ცომის მოზელა დაიწყო. იმედი მაქვს, ასეთი ფაქტები აღარ ხდება, მაგრამ ხაჭაპურს ყველის ნაცვლად, რომ მაკარონს უშვრებიან, დღესაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N29-ის არქივიდან 2009 წ.)