ავტორი: ავთო ჩიტიძე
ია ფარულავა – მსახიობია, რომელიც 10 წლის წინ თამამ ნაბიჯს დათანხმდა და პირველ ქართულ ეროტიკაში გაშიშვლდა; ავტორია წიგნის, რომელიც მომავალ მსახიობებს სამსახიობო ტექნიკის განვითარებაში ეხმარება. ასევე, შეძლო ახალი სამკურნალო მეთოდის დანერგვა ფსიქიატრიაში. ამ ყველაფრის მიღმა, ია არის ქალი, რომელიც, ალბათ, ყოველთვის ცდილობდა, მშვიდი, ოჯახური გარემო შეექმნა მოსიყვარულე მამაკაცისთვის.
პირველი ოჯახი ერთ წელში დაენგრა, მეორე ოჯახს ამერიკაში ქმნიდა, მაგრამ ქორწინების წინ ყველაფერი ჩაეშალა. მას შემდეგ მისი რომანები სამ წელზე მეტს არ გაგრძელებულა…
გვითხრა, რომ საკუთარი პრინციპების გამო არასდროს მიიღებს მონაწილეობას გადაცემაში „სიმართლის დრო“, თუმცა „პრაიმტაიმს“ ძალიან გულახდილი ინტერვიუ მისცა და იმის შესახებ მოუყვა, რაზეც აქამდე ყოველთვის დუმდა.
– ვფიქრობ, რომ გულახდილი და პირდაპირი ადამიანი ვარ. ძალიან ბევრს ჩემი პირდაპირობა არ მოსწონს და თვლის, რომ ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია. პრესის კითხვებზე ყოველთვის ვცდილობ, გულწრფელი ვიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესმე გადაცემა „სიმართლის დროში“ მივიღებ მონაწილეობას. მიზეზი მარტივია:
– მე, ია ფარულავას, ამგვარი მეთოდებით ხალხის ყურადღების მიქცევა დღეს აღარ მჭირდება. ჩემს ცხოვრებაში ისედაც უკვე ბევრი სკანდალური ელემენტი იყო.
– თქვენი სკანდალები, ალბათ, პირველი ქართული ეროტიკული ფილმით – „სიყვარული ვენახში“ იწყება.
– გულდასაწყვეტია, რომ უკვე ათი წელია ამ ფილმზე მიწევს საუბარი. მას შემდეგ ძალიან სერიოზული წიგნი დავწერე სამსახიობო ოსტატობის შესახებ, რომელიც მალე საკულტო წიგნად იქცევა. ფსიქიატრიაში დავნერგეთ ახალი თერაპიული მიმართულება – იმაგოთერაპია, რომელზეც, რატომღაც, არავინ საუბრობს. ამიტომ, საწყენია, რომ ია ფარულავა ყოველთვის ეროტიკულ ფილმში თამაშის და სკანდალების გამო აინტერესებთ. ხომ არ შეიძლება ათი წელი ჩემს გაშიშვლებაზე ისაუბრონ?! სხვათა შორის, „სიყვარული ვენახში“, როგორც ფილმი, მიყვარს. უბრალოდ, პრესამ შემაზიზღა.
– ფიქრობდით, რომ ეს როლი ასეთი სკანდალური იქნებოდა?
– არაფერს არ ვფიქრობდი. ყოველთვის ყველაფერს იმპულსურად და სპონტანურად ვაკეთებ. ერთადერთი, გიორგი შენგელაიასგან ვიცოდი, რომ ფილმს საქართველოში არ აჩვენებდნენ. მას გერმანიისთვის იღებდნენ. როცა საქართველოში აჩვენეს, უკვე აღარ გამიპროტესტებია, რაღა აზრი ჰქონდა? მაყურებელმა ისიც კი ვერ გაიგო, რომ ეს პორნო-ფილმი არ არის. ჩვეულებრივი, ძალიან მსუბუქი ეროტიკაა. ამ ფილმმა განსაკუთრებით პოპულარული კახეთში გამხადა.(იცინის)
– თქვენ ყოველთვის ტრიალებთ ბომონდურ საზოგადოებაში, სადაც ბევრი ინტრიგა და ჭორია. ამ წრეში ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. როგორ ახერხებთ ინტრიგებიდან თავის დაძვრენას, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა?
– ბომონდი და მთელი ეს „ტუსოვკები“ მოჩვენებითი სამყაროა. წვეულებები გამოჩენის ადგილია, მინი სპექტაკლი, პატარა შოუ. არ დაგავიწყდეთ, რომ პროფესიით მსახიობი ვარ და რადგან პროფესიულ სცენაზე არ ვდგავარ და არ ვთამაშობ, ასეთი ადგილები ჩემი სამსახიობო მონაცემების დემონსტრირების კარგი საშუალებაა. ვიღაცა წვეულებაზე როცა მიდის, საგანგებოდ იკერავს კაბას, წინასწარ ფიქრობს, როგორ უნდა წარმოაჩინოს თავი. მე კი 15 წუთში შემიძლია მზად ვიყო. ჩემი და ჩემი მეგობრების წრეს ძალიან ბევრი ადამიანი შენატრის. ჩვენ კარგად ვიცით გართობა და დასვენება. ჩვენ გვაქვს ერთი პრინციპი – არავის არ ვჭორავთ და არავისზე ბოროტად არაფერს ვამბობთ. გაცილებით კარგია, როდესაც ამ უაზრო ჭორაობებზე მაღლა დგახარ. ერთი კარგი თვისება მაქვს –კარგი იუმორის გრძნობა, რაც მეხმარება, რომ ჩემი ნათქვამი, თუნდაც საძაგლობა, ვინმეს საწყენად არ დარჩეს. ამგვარი დიპლომატია სწორედ ბომონდურ საზოგადოებაში აქტიურობამ შემძინა.
_ არასოდეს გიგრძვნიათ, რომ ვიღაც მეტოქედ აღგიქვამთ და გებრძვით?
_ ვერ ვგრძნობ. აცრილი ვარ ამ ყველაფერზე. ჩემს მიმართ მტრულ განწყობას, ფეხის დადებას და სარკაზმს ან ვერ ვგრძნობ, ან უბრალოდ, არ მოდის ჩემამდე.
_ ისე, ბევრი რამე გაქვთ შესაშური – შესანიშნავად გამოიყურებით, ყოველთვის მოდურად და ძვირფასად გაცვიათ.
– კაცი იმისაა, რომ ქალს მოეწონოს და მანაც თვალები გაუთამაშოს. კაცის ინსტინქტების დაკნინება სისულელედ მიმაჩნია.
_ უცნაურია თქვენი რეაქცია, როცა თვალწინ სხვა ქალი ცდილობს თქვენი მამაკაცის მოხიბვლას.
_ პირიქით. ვეუბნები, შეხედე, რა კარგი ქალია, გაუღიმე. ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მარტივია. კაცს, რომელიც მიყვარს და მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს, ვერავინ წამართმევს. ამას ვამბობ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც აღარ ვარ 20 წლის გოგო, როდესაც შეიძლება ვინმეს ჩემთვის კაცი „აეხია“. ჩემმა ცხოვრების გამოცდილებამ მასწავლა, რომ მამაკაცის საუკეთესო მეგობარი უნდა იყო. ვნება, გაგიჟებული სიყვარული, რამდენიმე წელში გადის… შემდეგ უნდა იყოს ძლიერი მეგობრობა.
_ თქვენ თქვით, რომ ადრეულ წლებში თქვენთვის მამაკაციც წაურთმევიათ. როგორ გადაიტანეთ?
_ წართმევით არავის წაურთმევია. თუ ურთიერთობაში მესამე ელემენტიც გაჩნდა, იმ სიტუაციიდან მე თვითონ გამოვსულვარ. ჩათვალეთ ეს წაგებად. უბრალოდ, ვთვლი, რომ ამ დროს უკეთესია, სიტუაციას გაეცალო. თუმცა ურთიერთობიდან წაგებული მაინც არასდროს გამოვსულვარ. თუ წამიგია, ეს ჩემი სიჯიუტის, თავნებობის, ჭირვეულობისა და სიამაყის შედეგი ყოფილა. დღეს ეს ყველაფერი წარსულია. მოთმენაც ვისწავლე და უფრო დავბრძენდი კიდეც.
_ რა იყო თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა?
_ ჩემს ცხოვრებაში შეცდომები იმისთვის იყო, რომ მე მესწავლა. ძალიან მომწონს ჩვენი ზღაპრების სიბრძნე, როდესაც ბრძენი დედაბერი გამოუცდელ გოგოს ეუბნება: რაც არ უნდა მოხდეს, უკან არ გაიხედოო… არ არის საჭირო უკან გახედვა და წარსულის ქექვა. თქვენ გინდათ პანდორას ყუთი გამახსნევინოთ, მაგრამ მე ამას არ ვიზამ.
_ ყოველთვის გიმართლებდათ სიყვარულში? დეპრესიული ია ფარულავა რატომღაც არავის ახსოვს.
_ მეც ვარ ხანდახან დეპრესიული, მაგრამ მადლობა ღმერთს, მაქვს ჩემი დამცავი იარაღები – საზოგადოებაში ცუდ ხასიათზე არასდროს გამოვჩნდები.
_ ჭორებს მავნებლობა თუ მოუტანია თქვენთვის?
_ იყო ბევრი უაზრო ჭორი, მაგრამ როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის, გულთან იმდენად არ ვიკარებდი, რომ პრობლემაც არ შემქმნია. ჭორზე რეაქცია შეიძლება მხოლოდ 15 წუთი მქონდეს. შემდეგ მავიწყდება.
_ ყოფილა თუ არა თქვენს ცხოვრებაში საიდუმლო რომანი, რომელიც ქალაქში ვერავის გაუგია?
_ კი, და არაერთი. ამის შესახებ დღესაც არ ვისაუბრებ, რადგან ამ რომანის გმირებმა იმდენი შევძელით, რომ ყველაზე ჭორიკანა ქალაქიც კი ვერ მიხვდა და არ გახმაურდა.
_ არსებობს თქვენთვის აკრძალვები? მაგალითად, აკრძალული იყო თქვენთვის თუ არა რომანი ცოლიან მამაკაცებთან?
_ ბევრი ქალი ამბობს, რომ არასდროს ექნება რომანი ცოლიან მამაკაცთან, მაგრამ სწორედ მათ აქვთ ხოლმე ასეთი რომანები. ისეთები მსმენია თბილისური რომანების შესახებ, რომ თმები ყალყზე მიდგება. ამ ყველაფერს როცა ვუყურებ და შემდეგ ჩემს იმიჯს, ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, რაღა ჩემი უკვირს ამ ხალხს-მეთქი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გულს ვერ უბრძანებ, რომ არ შეიყვარო ადამიანი. თან, როცა ლამაზი ქალი ხარ, ყველა ცდილობს ჩაგიგდოს ხელში, ძნელია კანონებით იცხოვრო. მით უმეტეს, თუ მართლა ძლიერი და ღირსეული მამაკაცი შეგხვდება ცხოვრებაში.
_ თქვენი პირველი ქორწინება ცუდად გახსენდებათ?
_ პირველად 17 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ქმარი მხატვარი რამაზ ჩანტლაძე იყო. ეს ქორწინება დღემდე მწარედ მახსენდება. მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. ქმრის ოჯახი ამიმხედრდა, რომ არ გვინდა შენი მსახიობობაო. გამოიტანეს ჩემი საბუთები თეატრალურიდან და შეიტანეს სამედიცინოზე. მე კი ექიმად თავი ვერ წარმომედგინა. ღამე ჩუმად გავიპარე სახლიდან და პეროვსკაიაზე მივედი ფილმის – „ფესვების“ გადაღებებზე. რამაზთან ერთად მხოლოდ ერთი წელი ვიცხოვრე.
_ თქვენ მეორე ქმრად მდიდარ ამერიკელს ასახელებთ. ამბობენ, ეს ტყუილია და ამერიკაში ია მოხუც მდიდარს უვლიდა იმ იმედით, რომ ქონებას დაუტოვებდა, რაც არ გამოვიდაო.
_ არა, რა მოხუცი… ჩემი ქმარი სიეტლში ძალიან ცნობილი ჟურნალისტი იყო – ქის რეიზერი. ის არტ-პუბლიცისტია და ჩემი სპექტაკლის სანახავად იყო მოსული. საქართველოშიც ჩამოვიყვანე. არავითარი მილიონერი არ ყოფილა, ჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო. უბრალოდ, ვერ შევეწყვეთ. იმ დროს რუსეთში სერიოზული კარიერის აწყობის შანსი მქონდა და ამის გამო ჩვენი თანაცხოვრება ამერიკაში აღარ გამოვიდოდა. სამარცხვინოა, რომ ის მოხუცი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩემი საყვარელი პედაგოგი გიორგი ჟდანოვი იყო, რომელმაც მსახიობის ოსტატობაში ჩეხოვის მეთოდი მასწავლა. 90 წლის კაცის სიმდიდრე მხოლოდ მისი ცოდნა იყო, რომელიც მომცა. მისი განძი – იშვიათი წიგნები და წერილები კი, ანდერძის თანახმად, რუსეთს გადავეცი. ძალიან მდიდარი საქმრო ლოს-ანჯელესში მყავდა. ალბათ, ამაში აერიათ. მოგეხსენება, რაც მეტი ხალხის ენაზე გაივლის ჭორი, ფორმას და სახეს ადვილად იცვლის. ის მამაკაცი იყო დერმატოლოგი და ქირურგი. ჰქონდა თავისი კლინიკა. მას ცოლად უნდა გავყოლოდი, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან საქართველოში ჩამოვედი და უკან ვეღარ დავბრუნდი. სწორედ მაშინ იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საიდუმლო რომანი. მეტს ვერაფერს ვიტყვი.
_ საყვარელი მამაკაცის გამო გარეგნობაში ცვლილებები თუ შეგიტანიათ?
_ არა, რას ამბობთ. ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი გასუქებული. არ არსებობს მამაკაცის გამო მსხვერპლი გავიღო. თუ მე არ დავიჯერე, რომ ცვლილება ჩემთვის კარგია, მარტო სხვის მოთხოვნას ვერ დავემორჩილები.
_ ანუ, თქვენ გარეგნობაზე ზრუნვა, პლასტიკური ქირურგიებით ფორმების შენარჩუნება, მხოლოდ თქვენი სურვილი და სიამოვნებაა?
_ რას ამბობთ?! იმას მეკითხებით, რასაც ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ. ვარჯიშსაც თავი დავანებე. ერთი პერიოდი ძალიან ჩასუქებული ვიყავი და ახლა ნელ-ნელა ვიკლებ. პლასტიკურ ქირურგთან ბევრი არაფერი მაქვს გაკეთებული – მხოლოდ მუცლის ლიპოსაქცია, ბოტოქსს 29 წლიდან ვიკეთებ მეზოთერაპიის დიდი ფანი ვარ, ტუჩების კონტური ერთხელ გავიკეთე. სახის გადაჭიმვის ოპერაცია არ გამიკეთებია. ჯიში მაქვს კარგი და ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ უამრავი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მომავალი პლასტიკური ოპერაციებისთვის ფსიქოლოგიურად ახლა ვემზადები. ძალიან გამიჭირდება რვასაათიანი სახის გადაჭიმვის პროცესის გაძლება. ერთი ორჯერ, უფრო მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დამჭირდა ანესთეზიის გაკეთება ოპერაციისათვის და დიდი სირთულით გამოვედი მდგომარეობიდან. ამიტომაც, გაგიჟებით ვეძებ ისეთ კრემებს, რომლებიც საშუალებას მომცემს კანის გადაჭიმვა რაც შეიძლება გვიან დამჭირდეს. ვერავინ იტყვის, რომ მე, ია ფარულავას, სხეული გადავუჭიმე, რამე გავუდიდე ან დავუპატარავეო. იყო ჩემს ცხოვრებაში ეტაპები, როდესაც ძალიან დასიებული ვიყავი, მაგრამ რადგან გულახდილი საუბარი გვაქვს, გეტყვით, რომ ეს ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შედეგი იყო. რაღაც ჰორმონალური პრობლემა მქონდა, რის გამოც ბავშვი არ მიჩნდება. წლებია ვებრძვი და სხვადასხვაგვარ მკურნალობას ვიტარებ ამ კუთხით. ამდენმა მკურნალობამ და ძლიერმა პრეპარატებმა გარკვეული პრობლემები გამიჩინა წონასთან დაკავშირებით. ახლა ყველაფერს დავანებე თავი, შევეგუე აზრს, რომ შვილი არ მეყოლება, კატა მყავს და ბედნიერი ვარ. უკვე 42 წლის ვარ. მივხვდი, რომ ბედნიერი შეიძლება შვილის გარეშეც იყო. ვდგები ნელ-ნელა ფორმაში.
_ ძნელია შეგუება იმ აზრთან, რომ შეიძლება შვილი არასდროს გეყოლოთ?
_ ღმერთი ადამიანს ან აძლევს შვილს, ან არა. ასაკთან ერთად რისკიც ძალიან იზრდება. მე რისკს ვერ გავწევ. არსებობს სუროგატი დედის ვარიანტი, მაგრამ ჯერ ამ გადაწვეტილებაში არ ვარ დარწმუნებული. ბევრი მკურნალობა, ინვიტროები და ა.შ. ოპერაციები მაქვს გაკეთებული. ჩუმად ვიკეთებდი სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ უშედეგოდ. დღეს მთავარი საკითხი აღარ არის დედობა. ეს თემა უკვე შტამპდადებულია. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ თავი შეიკავონ კითხვებისგან, თუ რატომ არ ვაჩენ შვილს? ბევრს ჰგონია, რომ შვილი არ მინდა და აბორტების კასკადი მაქვს გაკეთებული.
საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ ცხოვრებაში აბორტი არა მაქვს გაკეთებული და არასდროს არ ვყოფილვარ ფეხმძიმედ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური პრობლემა მომეხსნა.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N42 -ის არქივიდან 2009 წ.)