ავტორი: ლევან ღვინიანიძე
ესპანეთში ჩასვლისას გამიჩნდა ეჭვი, რომ ფრაზა „იბერია გაბრწყინდება“ ქართველებს შეიძლება სულაც არ გვეხებოდეს, რაკი ეს იბერია უკვე საკმაო ხნის გაბრწყინებულია. პირველად მადრიდში ჩავედი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენ და ესპანელები ერთი მამის შვილები ვართ. როცა მამაჩვენმა ქართლის დედის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, დაკრა ფეხი და დასავლეთით წავიდა, სადაც ბოლეროს მოცეკვავე ლაღ გოგონასთან იფსკვნა ჯვარი და სრულიად ევროკავშირის ყველაზე ქართველურ ნაციას ჩაუყარა საფუძველი. კარგი ესპანელი იდეალურ ქართველს ჰგავს, შედარებით ცუდი ესპანელი – ჩვეულებრივს, ცუდი ქართველის მსგავსი კი აქ მხოლოდ არალეგალი ქართველები და აფრიკელები არიან.
უბანი, სადაც ჩვენი სასტუმრო მდებარეობდა, ძალიან ჰგავდა თბილისს – ქუჩაზე ზემოდან გადარბენებით, ხმამაღალი საუბრებით და მსუბუქად ქაოსური საავტომობილო მოძრაობით.
პირველ დღეს სასადილოდ წავედით სანტიაგო ბერნაბეუსთან მდებარე „სპორტკაფესებრ“ დაწესებულებაში, რომელიც თურმე მთელ მსოფლიოში ცნობილია არაადამიანურად გემრიელი ნეკნებით. მთელი მოგზაურობის და ზოგადად, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მსგავსი არაფერი გამისინჯავს. მომინდა, რომ ყველა ქართველისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოში საუკეთესოა, თითო ნაჭერი გამესინჯებინა. საერთოდ, მოგზაურობა, კულინარიული კუთხითაც ძალიან საინტერესო გამოდგა და ამ შთაბეჭდილებებს ცალკე მასალაში, უფრო დეტალურად გაგიზიარებთ.
ჰოდა ბარემ ერთიც საჭმელებზე. მადრიდში თუ მოხვედბით, ნეკნების გარდა აუცილებლად გასინჯეთ უძვირფასესი ლორი „ხამონი“. ლორი თუ არ გიყვართ მაინც გასინჯეთ, მეც არ მიყვარდა.
მაშინ ვიფიქრე, რომ სულელი ვიყავი, როცა მანამდე ლორს არ ვჭამდი და გუშინ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველად გადავეყარე ლორს… გუშინდელს მერე ლორი ისევ არ მიყვარს…
„ხამონი“ ლორი არ არის, ის ნადირია ტყისაო, ხელშეკრულება დახია… და მერე როგორც არის… მადრიდში მანქანა ვიქირავეთ და შემდეგ უკვე ყველგან მანქანით ვმოგზაურობდით. მანქანას ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს, ისეთ ადგილებს ნახულობ, რასაც ვერც თვით მფრინავით მოძრაობისას ნახავ და ვერც მატარებლით.
მადრიდი – ბარსელონას გზა 600 კილომეტრია, ბევრ რამეზე მოასწრებ დაფიქრებას. როცა კატალუნიას მივუახლოვდით, მაშინ მივხვდი, რომ ყველა ქვეყანა საკუთარ დროშას ჰგავს, ყველა ქალაქს თავისი ფერი აქვს და ყველა ქალაქის ფერი ამავე ქალაქის აურის ფერია… ესპანეთი ზუსტად საკუთარი დროშის ფერია, იტალიაც ხომ დროშის ფერია და ბრაზილია? იგივე აზერბაიჯანი და სომხეთი…
მაჩვენე შენი დროშა და გეტყვი, როგორი ქვეყანა გაქვს შენ!
გაზეთი პრაიმ ტაიმი N34-ის არქივიდან. 2009 წ.