ირაკლი ორდენიძემ “ვიცე მის საქართველო” სამ კვირაში მოხიბლა – “ლიკა ჩემი დაუგეგმავი სიყვარულია”…

01:00 10-25-2016
611

“ასე მგონია, ეჭვიანი რომ არ იყო, ცოტა უნდა წაიდებილებდე”…

ავტორი: ავთო ჩიტიძე

ყოფილი კალათბურთელის და თბილისის ღამის ცხოვრების აქტიური სახის, ირაკლი ორდენიძის სექტემბერში დაგეგმილი ქორწილი – ოქტომბერში გადაიდო. მიზეზი, მისი საცოლის -„ვიცე მის საქართველოს“, ლიკა ორჯონიკიძის საკონკურსო ცხოვრებაა. მის სამყაროს კონკურსის გამო, ის აგვისტოს ბოლოს, ერთი თვე ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა. ეს კონკურსი ლიკასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მან ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა. იქიდან დაბრუნებული კი, საკუთარი სილამაზის დემონსტრირებისთვის, მინსკში „მის ინტერკონტინენტალზე“ გაემგზავრა. ამჯერად, ლიკას საყვარელ მამაკაცს ტელეეკრანებთან ნერვიულობა აღარ მოუწევს. ირაკლი მინსკში ჩასვლას და საყვარელი ქალის უშუალოდ დარბაზში გულშემატკივრობას აპირებს.  

კალათბურთელისა და ლამაზმანის სიყვარულის ისტორია ერთი წლის წინ დაიწყო. ირაკლი ორდენიძე თამუნა გაბრიელაშვილთან დაშორების შემდეგ კარგა ხანი სერიოზულ გრძნობებზე აღარ ფიქრობდა. როგორც ამბობენ, ირაკლის სიყვარული მაშინ ეწვია, როცა ამას არ მოელოდა. ახლა კი დარწმუნებულია, რომ ოჯახის შექმნის მეორე მცდელობა წარმატებული და იღბლიანი იქნება. თავის მხრივ, ლიკამაც ზუსტად იცის, რომ ირაკლის გვერდით ბედნიერი იქნება. მეგობრული ცოლის როლს ირჩევს, ზუსტად იცის მომავალი ქმრის პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი და ყველანაირად ეცდება იგივე აღარ განმეორდეს. ირაკლიც დარწმუნე ბულია, რომ ეს ქორწინება სრულიად გააზრებული და შეგნებული ნაბიჯია. მათმა სიყვარულმა ყველანაირი ბარიერი გადალახა, მათ შორის ოჯახური წინააღმდეგობებიც და ოქტომბერში ლამაზ ქორწილსაც გეგმავენ.

ლიკამ და ირაკლის შვილმა – გიორგიმ ერთმანეთს კარგად გაუგეს და ამ ეტაპზე დამეგობრებაც მოასწრეს.

– თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?

ირაკლი: – სანამ უშუალოდ გავიცნობდი, მანამდე ლიკას შესახებ არაფერი ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სფეროში ყველას კარგად ვიცნობდი. 

ლიკა: – პირველად მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. მაშინ არც კი მიფიქრია, რომ შეიძლება ეს ნაცნობობა რაიმე სერიოზულში გადაზრდილიყო.

ირაკლი: – თავიდან ლიკა უბრალოდ, როგორც კარგი გოგო ისე მომეწონა. იმ მომენტში მოვლენების განვითარებას და ჩვენს დაახლოებას გამოვრიცხავდი. გარკვეული გარემოებები იყო, რომელზეც არ მსურს საუბარი.

– იმ მომენტში ორივე თავისუფალი იყავით?

ლიკა: – რეალურად, არც მე მყავდა შეყვარებული და არც ირაკლის, მაგრამ რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს ორივე დაკავებულები ვიყავით. თავიდან ბევრი გაუგებრობა იყო.

ირაკლი: – მეორედ, უკვე ბათუმში შევხვდით და უკვე ბოლო მოვუღეთ გაუგებრობებს. გავარკვიეთ, რომ ერთმანეთზე არასწორი ინფორმაციები გვქონდა. ამის შემდეგ ურთიერთობა ისე წარიმართა, როგორც საჭირო იყო.

ლიკა: – ნაცნობობიდან სამ კვირაში სიყვარულში გამომიტყდა… მეც დავიჯერე. ძალიან გამიკვირდა ჩემი თავის, რადგან ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცნობობიდან მოკლე დროში, სიყვარულს უმტკიცებენ ქალს.

– ირაკლი, ამ ეტაპზე ქალს სერიოზული ურთიერთობებისათვის ეძებდით?

ირაკლი: – არა, პირიქით, ლიკა ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც სიყვარულს საერთოდ არ ველოდი. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, მხოლოდ გართობაზე ვიყავი გადართული. ვფიქრობდი კიდეც, რომ სერიოზულად აღარავინ შემიყვარდებოდა. ლიკა ჩემი დაუგეგმავი სიყვარულია.

– რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში, რამაც თქვენი სიყვარული გამოიწვია?

ლიკა: – ყველაზე მეტად ირაკლის ყურადღებიანობამ მომხიბლა. ერთი შეხედვით სულ სხვა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ რეალურად – ძალიან კეთილია. თავიდან მეგონა, რომ ეს ურთიერთსიმპათია და ურთიერთობა ხანმოკლე იქნებოდა, მაგრამ შევცდი. ყოველ შეხვედრაზე სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რამდენად კარგი ადამიანი იყო.

– თქვენი სიყვარულისთვის ხელი არაფერს შეუშლია?

– თავიდან ჩემი ოჯახის მხრიდან იყო წინააღმდეგობა, მაგრამ ეს პრობლემებიც მალე გადაილახა. ირაკლი ჩემს ოჯახს გავაცანი და მიხვდნენ, რომ ეს ის ადამიანია, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ.

ირაკლი: – ლიკას მშობლებს ჩემი თავი არცთუ კარგად წარუდგინეს. ბევრ ცუდ რამეს უყვებოდნენ, მაგრამ როცა გავიცანი დარწმუნდნენ, რომ ისეთი ადამიანი სულაც არა ვარ, როგორც ჩემზე ჭორაობდნენ. – ოჯახის მეორედ შექმნის გადაწყვეტილების მიღება ადვილი იყო? თანაც მეორე ცოლი ისევ სამოდელო სფეროდან აირჩიე?

– ბევრს ვფიქრობდი, ვნერვიულობდი. პირველად რომ ვქმნიდი ოჯახს, წინასწარ დიდად არც მიფიქრია, მაშინ გაცნობიერებულიც არ მქონდა ოჯახური პასუხისმგებლობა. ლიკას შემთხვევაში დავრწმუნდი, რომ შევძლებ ისეთი ოჯახის შექმნას, რომელიც მჭირდება.

– გოგონებს ხშირად აინტერესებთ, რა იყო პირველ ცოლთან დაშორების რეალური მიზეზი. ლიკას გულახდილად მოუყევით თქვენი პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი?

– კითხვებით არ შევუწუხებივარ. მოვუყევი და გაგებით მოეკიდა იმ პრობლემებს, რაც პირველი ოჯახის შემთხვევაში იყო.

ლიკა: -არანაირი ზედმეტი კითხვა არ დამისვამს, რადგან ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩემი აზრით, ის, რომ ირაკლის ოჯახი დაენგრა, ასაკის ბრალი იყო.

– თქვენს სიყვარულის ისტორიაში რა იყო ყველაზე რომანტიკული?

ირაკლი: – პარიზში მოგზაურობა… ამ ქალაქში ბევრჯერ ვყოფილვარ და ოცნებად მქონდა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად წავსულიყავი, რადგან ვიცოდი, რომ სულ სხვანაირად დავინახავდი პარიზს. ლიკასთან ერთად მართლაც სულ სხვა პარიზი ვნახე. ერთი კვირა სრულ რომანტიკაში გავატარეთ…

– ლიკას მოდელობას ხომ არ აუკრძალავთ?

– არა, პირიქით, ხელს შევუწყობ ეს პერიოდი გამოიყენოს და მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი თავი.

– რომელი უფრო ხართ ეჭვიანი?

ლიკა: – შეიძლება არ მესიამოვნოს, თუ ჩემს გარეშე სადმე მარტო წავა, ან ტელეფონზე დაურეკავენ და გვერდზე გავა. ვფიქრობ, რომ ზომიერად ეჭვიანი ვარ, ირაკლი კი უფრი გამოკვეთილად. მას შეუძლია ფანტაზიებით ააგოს ისტორია, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის.

ირაკლი: – ასე მგონია, ეჭვიანი რომ არ იყო, ცოტა უნდა წაიდებილებდე.

– როგორ გულშემატკივრობდით ლიკას, როდესაც ის „მის სამყაროზე“ გამოდიოდა?

ირაკლი: – ეს ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე ხანგრძლივი განშორება იყო. ერთი თვე ვერ ვნახეთ ერთმანეთი. ყოველდღე ტელეფონით ვლაპარაკობდით. ძალიან მინდოდა მასთან ბაჰამის კუნძულებზე ჩავსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე.

ლიკა: -სამაგიეროდ, ლონდონამდე გამაცილა და იქიდან რომ ვბრუნდებოდი, ლონდონის აეროპორტში დამხვდა. ეს ორმაგად სასიხარული იყო ჩემთვის, რადგან ლონდონის აეროპორტში დავიკარგე და რომ არა ირაკლი, შეიძლება კარგა ხანს დიდი ჩემოდნებით აქეთ- იქით მერბინა.

– ირაკლი რა განცდაა, როდესაც შენი საყვარელი ქალი მსოფლიოს ლამაზმანებს შორისაა და შანსი აქვს მსოფლიოში ყველაზე ლამაზის ტიტულის მფლობელი გახდეს?

ირაკლი: – ამაყი ვიყავი, როცა ლიკას ამ სილამაზის კონკურსის სცენაზე ვუყურებდი. ყველაზე მეტად იმით ვიყავი ამაყი, რომ საქართველოს სახელს ჩემი საყვარელი ქალი წარმოადგენდა.

– გული ხომ არ დაგწყდათ, „მის სამყაროს“ გვირგვინი რომ ვერ ჩამოგიტანათ?

– არა, რას ამბობთ, რახან თვითონ დაბრუნდა – აღარაფერი მინდა. გამიხარდა კიდეც, რადგან ვინც გვირგვინი აიღო, პირდაპირ ნიუ-იორკში გადააფრინეს. ახლა კიდევ ერთი კონკურსისთვის ემზადება, „მის ინტერკონტინენტალი“ და ამიტომ, ჩვენი სექტემბერში და- გეგმილი ქორწილი – ოქტომბერში გადაიდო.

ლიკა: – იმედია ოქტომბერს აღარ გადავაცილებთ. საქართველოში 29 სექტემბერს ვბრუნდები და შემდეგ დავიწყებთ საქორწინო მზადებას. ერთადერთი, გული იმაზე გვწყდება, რომ ღია ცის ქვეშ ვეღარ გავმართავთ ქორწილს. არადა ეს ორივეს ძალიან გვინდოდა.

– ბაჰამის კუნძულებზე გატარებული ერთი თვე, როგორი იყო?

– ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა კონკურსანტებს. დილის 9 საათიდან ჩვენი რეჟიმი სულ გაწერილი იყო. შეხვედრები, რეპეტიციები… ბოლო ერთი კვირა განსაკუთრებულად მძიმე იყო. რეპეტიციების 12 საათიანი გრაფიკი გვქონდა. ვთვლი, რომ არასამართლიანი კონკურსი იყო. ბევრი კარგი გოგო, ფინალისტ 15 გოგოს შორის ვერ მოხვდა.

– თქვენ კონკურსის მსვლელობისას იშვიათად ჩნდებოდით ობიექტივში. ფოტოსესიებშიც არ ჩანდით, რატომ არ გამოიჩინეთ თავი?

– მივხვდი, რომ ამ კონკურსზე ყველაფერს პოლიტიკა და გავლენის სფეროები წყვეტდა. მაგალითად, დაინიშნებოდა ფოტოსესია, მოვიდოდნენ ორგანიზატორები და ამბობდნენ, რომელი ქვეყნის „მისი“ უნდა წასულიყო გადაღებებზე. იყო ქვეყნები, რომლებსაც საერთოდ არ გვეძახდნენ. ის რომ სათანადოდ არ ვჩანდი, ჩემი პასიურობის შედეგი ნამდვილად არ იყო. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ამ კონკურსზე სილამაზე კი არ ფასობს, არამედ პოლიტიკური კავშირები. გოგონები თავიანთი ქვეყნებით , განვითარებითა და სიმდიდრით ფასდებოდნენ. ბევრ გოგოს დაწყდა გული. ჩემზე ბევრ- ად კარგი გოგონები, ფინალშიც ვერ მოხვდნენ. ტენდენციაა, რომ ლათინოამერიკელები იმარჯვებენ. საუკეთესო ხუთეულში ოთხი ლათინო იყო და ერთი ევროპელი, ისიც იმის გამო, რომ კოსოვოს წარმომადგენლის ნაციონალური მენეჯერი, კონკურსის მთავარი ფოტოგრაფი იყო. 

– რა პერსპექტივით დაბრუნდით? იყო შემოთავაზებები? კონტრაქტები?

– მეგონა, რომ იქნებოდა, მაგრამ როგორც კი კონკურსი დამთავრდა, ყველაფერი დასრულდა. ეს არ იყო კონკურსი, ეს იყო ერთი დღის შოუ. „მის სამყარომ“ იმედები გამიცრუა. კიდევ ერთხელ ვრისკავ და მივდივარ „მის ინტერკონტინენტალზე“. იმედი მაქვს იქ მაინც იქნება ნაწილობრივი სამართლიანობა.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N27-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე