“კობი – ეს შობაა” – გრიგოლ კობახიძე - აშშ-ში მოღვაწე პირველი ქართველი მილიონერი და უნიკალური პატენტების ავტორი

17:48 09-29-2016
432

ავტორი: ლევან ღვინიანიძე

1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, რაჭველი გლეხის დავით კობახიძის ოჯახში დაიბადება ადამიანი, რომელიც წლების მერე ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი და სამოცდაათამდე უნიკალური პატენტის ავტორი გახდება. ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის ისტორია პირველად ტელევიზიით მოვისმინე, საპატრიარქოს არხზე გასულ სიუჟეტს გაფართოებული თვალებით ვუყურე და ნამდვილად გამიჭირდა იმ ისტორიის რეალურად წარმოდგენა, რასაც დოქტორი, ქალბატონი რუსუდან დაუშვილი ყვებოდა.

ეს უფრო რომანს ჰგავდა, ან ზღაპარს… ბოლო დროს ემიგრანტების თემას ძალიან დიდ დროს ვუთმობ და არაფრით გამოვიდოდა, რომ ჯორჯ კობის ამბავი თქვენთვისაც არ გამეზიარებინა. ქალბატონ რუსუდანს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვესტუმრე… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ყველაზე ცუდი, რაც საბჭოთა პერიოდმა ქართველებს დაგვმართა, ეს ღირებულებების გადაგვარებაა… სხვანაირად ვერაფრით აიხსნება ის ამბავი, რომ გრიგოლ კობახიძის ისტორია მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტისთვის თუ იქნება ცნობილი. ქართველი მრეწველის მსოფლიო წარმატება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერს, ყველაფერი კარგად გვექნებოდა, რომ არა 70-წლიანი მონობა და მასირებული უკუსვლა თუ დეგრადაცია…10 წლის გრიგოლი სახლიდან გაიპარება, ამბროლაურის რაიონიდან კითხვა-კითხვით ჯერ ქუთაისსა და ოკრიბაში ჩავა, ხოლო შემდეგ – ბორჯომში. იქ მისი უფროსი ძმა, ლეონტი უფროს მემანქანედ მუშაობს.

საბოლოოდ გიგო ბორჯომში 4 წელი გაჩერდება და ბეჯითი მშრომელის პირველი გამოგონებაც აქ გამოიღებს შედეგს, ბავშვი პროდუქციის გაზრდის ტექნოლოგიას მოიფიქრებს. ამას მოჰყვება ხელმღვანელთა ყურადღება და ვინმე სიმონოვის დახმარებით მუშაობას ჯერ – თბილისის, მოგვიანებით კი ოდესის მინის ქარხნებში განაგრძობს.

1903 წელს 20 წლის გიგო, სიმონოვის რჩევით, კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკაში გაემგზავრა. ინდუსტრიულ დაბაში ქართველის ჭაჭანებაც კი არ იყო, თუმცა გიგოს უკვე ბორჯომში შეესწავლა გერმანული და რუსული ენები და კომუნიკაციის პრობლემაც არ შექმნია. მუშათა სიმრავლის გამო, დასახლებაში რევოლუციური განწყობა სუფევდა, იქ მოუსწრო 1905-7 წლების რევოლუციამ. გიგო დააპატიმრეს და გასახლებასაც უპირებდნენ, თუმცა ფრანგი ხელმძღვანელის შუამავლობით თავის დახსნა მოახერხა, გამანმა თავისი საუკეთესო სპეციალისტი არ გაწირა. სწორედ მისი დახმარებით შეისწავლა გიგომ ჭიდაობა და გამანის ფალავნად იქცა. ფულადი ჯილდოები კი მისი დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა.

აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, დაშა ნოდვიკოვა და მოგვიანებით, ამერიკაში მისი პარტნიორი ევგენი იგნატიევი. გამანის რჩევით, გრიგოლ კობახიძე 1907 წელს გერმანიაში ჩავიდა და მიუნხენში ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით შუშის საწარმო შექმნა.

შემდეგ იყო ლონდონი, სადაც თავდაპირველად რიგით მუშად იმუშავა, თუმცა მისი ნიჭი არც იქ დაკარგულა და დააწინაურეს. პარალელურად ცირკში გამოდიოდა და ჭიდაობით დამატებით შემოსავალს შოულობდა. წარმოდგენებს ხშირად ესწრებოდნენ არისტოკრატები, გრიგოლიც ერთ ლორდთან დაახლოებულა, რომელიც ხშირად ასაჩუქრებდა.

საბოლოოდ ფინანსურად ისე მოღონიერდა, რომ მეუღლეც ლონდონში ჩაიყვანა. წარმატებულ ქართველს მოშურნეებიც გამოუჩნდნენ. თურმე ერთი ინგლისელი მუშა გადაეკიდა, რომელსაც ეს, საბოლოოდ, მძიმე ტრავმად დაუჯდა. შურისძიებისგან გიგო იმავე ლორდმა იხსნა, რომელმაც მეუღლესთან ერთად ამერიკაში გააპარა.

1909 წლის 1 აგვისტოს კობახიძე ნიუ-იორკში ჩავიდა. იმ დროს იქ საკმაოდ იყვნენ რაჭველები, რომლებიც თავს პურის ცხობით ირჩენდნენ. გრიგოლიც მათი დახმარებით მოეწყო ამერიკაში. მეუღლესთან ერთად, 9 წელი მუშაობდა „ჯენერალ ელექტრონიკის“ საზოგადოებაში და საკუთარი საქმის წამოსაწყებად ფულს აგროვებდა.

დამატებითი შემოსავლის წყაროდ გამოგონება გაიხადა, რამდენიმე პატენტი მიიღო ავტომატურ საწერ კალმებზე. წამოიწყო მცირე ბიზნესი. კალმებითა და სხვა მცირე საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობამ მცირე ფული დაუგროვა.

1919 წელს დაიწყო დიდი ქარხნის გამართვა მასაჩუსეტსში. 1922 წელს წარმოება ფეხზე დადგა, „Coby Glass Products Company“ მალე იქცა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრების ნაწილად და ნდობაც მოიპოვა.

აყვავების დროს კომპანიის ბრუნვა 12 მილიონ დოლარს შეადგენდა, სუფთა შემოსავალი – 4 მილიონს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, გრიგოლი უსაქმოდ არასდროს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი კომპანიის პრესტიჟს ზრდიდა.

საქართველოში გრიგოლი პირველად 1925 წელს დაბრუნდა, ფეხით გაიარა ის გზა, საიდანაც 33 წლის წინათ ყველაფერი დაიწყო. სახლი აუშენა ოჯახს, რომელმაც 10 წლისას ღამე გაათევინა, დედას კი დაპირებული 10.000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა.

მეორედ 1928 წელს ჩამოვიდა, ამ ხნის განმავლობაში საკუთარ სოფელს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე ორი ხიდი გადო, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. ამ დროს უფროსი ძმის, ლეონტის შვილი მიშა თბილისიდან შეტყობინებით ჩავიდა. გრიგოლს დაჭერას უპირებდნენ და მანაც ბიძას სასწრაფოდ ქვეყნის დატოვება ურჩია.

ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არა საბჭოთა ბოროტება, რამდენი მსგავსი წარმატებული ქართველი მიხედავდა საკუთარ სოფელს და როგორი თანმიმდევრული იქნებოდა ჩვენი განვითარება…

1929 წელს არნახული კრიზისი დაიწყო , რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა, ამ პერიოდში ბევრი საწარმო გაკოტრდა და გრიგოლის წარმოებამაც მილიონები დაკარგა.

ამ დროს გახშირდა თვითმკვლელობები, როგორც მუშათა კლასში, ასევე გაკოტრებულ მრეწველებს შორის. თავი მოიკლა გრიგოლის პარტნიორმა ევგენი იგნატოვმაც. თუმცა გრიგოლი სულაც არ აპირებდა დანებებას და ბევრ რამეს საკუთარი ხელით აკეთებდა.

ამ დროს გაიხსენა საკანცელარიო ნივთების წარმოება და მუშტარიც გაიჩინა. წარმოების გასაფართოებლად კი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა მეორე დიდი ქართველის, გიორგი მაჩაბლის შეკვეთა: – დაემზადებინა ფლაკონი სუნამოსთვის – „საქართველოს დედოფალი“. ეს ფლაკონი დღემდე პარფიუმერული წარმოების ერთ–ერთ შედევრად ითვლება… 

გრიგოლ კობახიძის ბიზნესისთვის გადამწყვეტი მაინც 40-იანი წლები გამოდგა. ამერიკის მსოფლიო ომში ჩაბმის შემდეგ, როცა მისმა კომპანიამ საველე ჰოსპიტალებისა და რიგითი საავადმყოფოებისთვის აუცილებელი პროდუქციის წარმოება დაიწყო, Cobi Glass Products Company ისევ წარმატებული ბრენდი გახდა.

ომის დამთავრების შემდეგ კი საშობაო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადებაზე გადაერთო. მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომელშიც ქსელში ჩართვის შემდეგ ფერადი ბუშტები იწყებდა მოძრაობას. მანამდე ნაძვის ხეზე ნამდვილ სანთლებს ამაგრებდნენ და საშობაოდ ხანძრების რიცხვი მატულობდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ უფროსი თაობის ამერიკელებისთვის შობა დღემდე კობის ნაძვის ხის სათამაშოებთან ასოცირდება.

„კობი – ეს შობაა“ – ეწერა საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილ სათამაშოებს…

გრიგოლ კობახიძე არასდროს ივიწყებდა ქართველებს, იგი ეხმარებოდა ევროპაში მცხოვრებ თანამემამულეებს – მიხაკო წერეთელს, გრიგოლ რობაქიძეს ვიქტორ ნოზაძეს და სხვებს.

1927 წელს პარიზში ჩასული ცნობილი ავიატორი ალექსანდრე ქართველიშვილი სწორედ მან წარუდგინა ავიაციით დაინტერესებულ მილიონერს.

მანვე 1939 წელს მანჯურიიდან ჩამოიყვანა და ლაბორატორია მოუწყო ახალი მედიკამენტის – „ჰემოდინის“ შემქმნელ ცნობილ ექიმს ნიკოლოზ ჯიშკარიანს.

1893 წელს სახლიდან გამოპარული 10 წლის ბიჭის დაუჯერებელ ისტორიაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტად სწორედ ეს ბოლო აბზაცი მიმაჩნია.

დღეს, როცა უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყველაზე მეტად ერთმანეთს ერიდებიან და საამისო მიზეზიც აქვთ, საჭიროა, უფრო კარგად ვიცოდეთ, რამხელა საქმეების დატრიალება შეეძლო უცხოეთში გაბნეულ ქართველთა ერთობას მაშინ, როცა ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რა უბედურებას დამართებდა ერთმორწმუნე რუსეთი , უფრო კი კომუნისტური წყობა, ერთ დროს ღირსეულ ევროპულ ნაციას.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N27-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე