“ლიანა ისაკაძესთან ერთად დაკვრა, ეს არ ის პასუხისმგებლობა, სიამაყე, მორიდება…ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ მკვდარიც რომ იყო, გაგაცოცხლებს”…
ავტორი: თამარ გონგაძე
ბათუმის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბიჭვინთის ფესტივალის ტრადიციის გაგრძელებაა. მისი დამაარსებელი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა. ბიჭვინთის ზღაპრულ საღამოებზე დღემდე ჰყვებიან საოცრებებს, 80-იან წლებში ბიჭვინთის ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო… ამას მოჰყვა ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალი – „ხელოვნების ზეიმი“, დღეს უკვე ფესტივალი აჭარაში ტარდება. იდეა ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს და კულტურის სამსახურის უფროსს ნათია სურგულაძეს ეკუთვნის. სამი ულამაზესი საღამოს გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართვა თავად დიდი მევიოლინის სურვილია.
მარიამ დავითაშვილი (ლიანა ისაკაძის მენეჯერი):
სამი წლის წინ ლიანა ისაკაძის 60 წლის იუბილე თბილისსა და ბათუმში გაიმართა. მაშინ სცენაზე ითქვა, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, რომ ქალბატონ ლიანას ფესტივალი ბათუმში გამართულიყო. დეკემბერში მან ოფიციალური წერილი მიიღო ბათუმის მერისგან. ქალბატონმა ლიანამ იფიქრა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და გადაწყვიტა, რომ ის არაჩვეულებრივი ტრადიცია, რაც ბიჭვინთაში 80-იან წლებში არსებობდა, აღედგინა. სტუდია „ქართულმა ფილმმა“ არაჩვეულებრივი ფილმი და უმზადა და აჩუქა ქალბატონ ლიანას. ფილმი ასე იწყება:
რუკაზე ბიჭვინთიდან მოდის ხაზი, უერთდება ბორჯომს და მიდის ბათუმისკენ. ეს სამკუთხედი რომ შეიკრას, აუცილებლად საჭიროა ბიჭვინთაში დაბრუნება. ფილმს „ლიანა ისაკაძის მუსიკალური სამკუთხედი“ დაარქვეს.
პირველ კონცერტზე მენდელსონი და შოსტაკოვიჩი აჟღერდა. სპეციალურად მოწვეულმა პიანისტმა საშა კორსანტიამ, მესაყვირემ სერგეი ნაკარიაკოვმა და დირიჟორმა გინტარას რეკევიჩუსმა, ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. სერენადების ღამის რომანტიული განწყობა რომ შეექმნა, ლიანა ისაკაძემ კონცერტების შემდეგ იმპროვიზებული ნომრები შეასრულა. კლასიკური მუსიკის შემდეგ პოპულარულმა კომპოზიციებმა პუბლიკა ნამდვილად გაახალისა. კონცერტი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდმა – „პირველი ნაბიჯი“ უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლებს გადასცა. მისი დამაარსებელი ნინო ქადაგიძე-ჟვანიაა. საქველმოქმედო ფონდი „პირველი ნაბიჯი“ ათი წლისაა.
ნინო ქადაგიძე:
ქალბატონ ლიანას თხოვნით მივმართე, ამ ფესტივალით მხარდაჭერა გამოეთქვა და მადლიერი ვარ, რომ დაგვთანხმდა. ის ყურადღება მათთვის გაცილებით მეტია, ვიდრე შემოსული თანხა. მზად ვარ პატარა წვლილი შევიტანო მათ დახმარებაში. მეორე საფესტივალო კონცერტზე მოცარტი ნიკა მემანიშვილმა და სერგეი ნაკარიაკოვმა შეასრულეს.
„მუსიკამ ნიკა და სერგეი ისე დაამეგობრა, რომ მთელი ღამე საუბარში გაატარეს და დილის 8 საათზე დაშორდნენ ერთმანეთს. სერგეი მეორე დღეს მიდიოდა, დანიაში კონცერტი უნდა ჰქონოდა და ოცნებობდა, ნეტა ჩემმა იმპრესარიომ ბილეთი არ გამომიგზავნოს და აქ დავრჩე რამდენიმე დღეო. ბევრ ჩემ რუს მეგობარს თეთრი შურით შურთ ჩემი, აქ რომ ვარო.“
ნიკა მემანიშვილი:
ტრაფარეტული სიტყვები შეიძლება ვიხმარო – ლიანა ისაკაძესთან ერთად დაკვრა, ეს არ ის პასუხისმგებლობა, სიამაყე, მორიდება… წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის, რასაც გრძნობ ასეთი რანგის ადამიანთან ურთიერთობისას. ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ მკვდარიც რომ იყო, გაგაცოცხლებს. მით უმეტეს, თუ ცოცხალი ხარ, დიდ ძალას შეგმატებს. ბავშვობიდან მახსოვს, 13 წლისა მის საარბრიუკენის გასტროლებზე ვიყავი და დავესწარი კონცერტს. დღემდე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. იმ დროის ფოტოებიც მაქვს.
გივი სიხარულიძე:
გენიოსი მუსიკოსია და თავის ერსა და სამშობლოზე უზომოდაა შეყვარებული. რასაც აკეთებს, იმას მარილის მოყრაც არ უნდა, მარილმოყრილია. საშა კორსანტიას მსგავსი მუსიკოსი, პიანისტი, შეიძლება ითქვას, აღარც გვყავს ქართველებს. დიდებული ადამიანია, გმირია, სითბოთი სავსე კაცია.
„მომავალ წელს ბათუმის – გონიოს არაჩვეულებრივ საღამოებს შეუერთდება ბორჯომის რეგიონი და იქნება ბათუმი-ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალი – „ღამის სერენადები“.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბათუმი-ბორჯომი ბიჭვინთის ფესტივალის, სამი „ბ“-ს სამკუთხედის. ქალბატონი ლიანას ფანტაზიას საზღვარი არა აქვს და შეიძლება ფესტივალი სადღაც უცხოეთშიც წავიდეს, არ არის გამორიცხული“, – აცხადებს მარიამ დავითაშვილი.
(გაზეთი “პრაიმტაიმი”N25-ის არქივიდან 2009 წ.)