ავტორი: რეზო შატაკიშვილი
უკვე ათი წელია, რაც XX საუკუნის ეშხი და ლაზათი - ლია ელიავა გარდაიცვალა. საუკუნემ, თან გაიყოლა, თავისი სიმბოლო, მიწამ, უკან მოითხოვა, მისგან ნაძერწი მშვენიერება. ლია ელიავას გმირს, თიკო ორბელიანს, დათა თუთაშხია ეტყვის: ეს მხოლოდ ქალს შეეძლო, თანაც თქვენისთანას… მაგრამ მე მაინც, მოგზავნილი მგონიხართ, ქალბატონო.
ის, მართლაც მოგზავნილი იყო, ოღონდ სინატიფის ჟანდარმერიიდან. მას, ვერ მოერია წუთისოფელი - ვერ გააბოროტა. ის იყო მაგალითი, იმისა, თუ როგორ არ უნდა გაბოროტდე, თავსდატეხილი ტრაგედიების მიუხედავად. ჰაეროვანი სევდა. განუმეორებელი სიცილი, იუმორი, როგორც იარაღი, ამ წუთისოფელთან საომრად, საოცარი სინათლე და სიმსუბუქე, შემთბარი ნაღველი თვალებიდან - აი, მოკლედ, დაუხვეწავად დახვეწილ ქალბატონზე.
ლია ელიავა - ნამდვილი ვარსკვლავი, ნამდვილი მოქალაქე, ნამდვილი ინტელიგენტი, ნამდვილი ქართველი, საოცრად რაფინირებული და ელეგანტური ქალბატონი… ქალბატონი, რომელიც ქართულ სინამდვილეში, პირველი გამოჩნდა ფოტოებზე, სიგარეტით ხელში… მე ვამაყობ - ამ დიდი ქალბატონის, უმცროსი მეგობარი ვიყავი.
ერთი წვეთი ინგლისური სისხლი…
ლია ელიავას ძარღვებში, ცოტაოდენი, ინგლისური სისხლიც ჩქეფდა. ინგლისელმა ქალბატონმა, ანა შელიმ, კახელი თავადი, ტუსიშვილი, თეირანში გაიცნო და იქვე შეეძინათ ქალიშვილი - მასაც, ანა დაარქვეს. საქართველოში ჩამოსულმა ანა ტუსიშვილმა კი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ცისკრის დამაარსებელი, ივანე კერესელიძე შვა. ივანე კერესელიძე კი, ლია ელიავას დედის - ეკატერინე კერესელიძის ბაბუა იყო… ეს ისე, ცნობისთვის. ისე კი, ლია ელიავას სილამაზე, შორს იყო აზიურისგან და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ 70-იანი წლებში, პოლონურ ჟურნალ ეკრანის, საახალწლო ნომრის გარეკანს, სწორედ, ლია ელიავას ფოტო ამშვენებდა და წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად, წლის სახედ დასახელდა.
მშობლები
ლია ელიავას მამამ, შალვა ელიავამ, გერმანიაში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, კარგა ხანს, გერმანიაშივე მოღვაწეობდა, საქართველოში, სრულიად ახალგაზრდა დაბრუნდა. 34 წლისა, ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში, 37 წლის ასაკში დაიჭირეს. გერმანიის შპიონობა, დივერსიების მოწყობა, წაუყენეს ბრალად… და დახვრიტეს, აქვე, თბილისში. პაწაწინა ლიას, მალე, დედაც დაუჭირეს. დედამ, 9 წელიწადი გაატარა პატიმრობაში. ლიას, ბებია და ბაბუა ზრდიდნენ.
ნანა კობერიძე: დედაჩემი, ამაყი იყო თავისი მშობლებით, ისევე, როგორც მე ვარ ამაყი, ჩემი მშობლებით. იმით, რომ ვარ, ლია ელიავასა და ოთარ კობერიძის შვილი. არა მარტო, როგორც ორი კინოვარსკვლავის, არამედ, როგორც ადამიანების, როგორც თავისი ქვეყნის, საოცარი პატრიოტების.
ბავშვობა, მართლაც რთული ჰქონდა. ყოველგვარ, ზარზეიმსა და ბრწყინვალებას მოკლებული. მის ბავშვობას, მხოლოდ კეთილი ადამიანები და ჰანგები ალამაზებდნენ.
“გავიზარდე სოლოლაკში, ქუჩებში ჟღერდა მუსიკა, ვიღაც, კლასიკურ მუსიკას უკრავდა, მეცადინეობდა, ვიღაც მღეროდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ემღერებოდა. საღამოობით, დადიოდნენ ახალგაზრდები და რამდენიმე ხმაში, მღეროდნენ. ზოგჯერ, მეძინა და ძილშიც მესმოდა სიმღერა, ქუჩიდან. რომ წამოვიზარდე, ჩემს ფანჯრებთანაც კი მღეროდნენ, როგორც სადღაც, სევილიაში… - იხსენებდა ლია ელიავა.
ინფარქტი – – – – – – – – – – – – – – –
მხარს უჭერდა, პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. სამოქალაქო ომი, იმდენად მტკივნეულად განიცადა, რომ ჯანმრთელობა შეერყა - ინფარქტი მიიღო. გულმა უღალატა, სამშობლოსა და მრწამსის ერთგულ ქალბატონს.
ნანა კობერიძე: ძალიან ბევრმა ახლობელმა, ატკინა გული, იყო, ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი ახლობელი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე, თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა…
შეხვედრა ოთართან
ლია ელიავამ, სწავლა, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო, პირველ კურსზევე შეამჩნია, დავით რონდელმა და ეპიზოდურ როლში გადაიღო, ფილმში, მწვერვალთა დამპყრობნი. მალე, ცნობილმა საოპერო მომღერალმა, ვერა დავიდოვამაც შეამჩნია და სარძლოდ ისურვა. გათხოვების გამო, ლია ელიავას, მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში, მოუწია გადასვლა. მაგრამ პირველი ქორწინება, ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. მალევე გაშორდა.
ინსტიტუტს ამთავრებდა, ბაში-აჩუკში რომ მიიწვიეს. ოთარ კობერიძემ, ლია ელიავა
სწორედ, ბაში-აჩუკის გადაღებაზე ნახა პირველად და მისმა სილამაზემ, დააბრმავა. ნახა და როგორც თავად უყვარს, ოტელოს სიტყვების მოშველიება - ჩემგან გამოვლილი ჭირისთვის, მან მე შემიყვარა, მე შევიყვარე, ჭირთა ჩემთა თანაგრძნობისთვის…
აი, ლია ელიავამ კი, ოთარ კობერიძე, გაცილებით ადრე ნახა. ლიას, დედის მეგობარი, ნინა სტიპანოვა, სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა, გამოსაშვებ საღამოზე, პატარა ლიაც წაიყვანა, ოთარ კობერიძე, იმ სტუდიაში სწავლობდა… მაშინ ვნახე, პირველად. ესპანურს ცეკვავდა, ეს ცეკვა დღესაც მახსოვს - იხსენებდა ლია ელიავა.
ლია ელიავასა და ოთარ კობერიძის ქალიშვილი - ნანა კობერიძე, მხატვარია. შვილიშვილი, ანკა მანჯგალაძე, 14 წლის იყო, ბებია რომ გარდაეცვალა, პროფესიით არქიტექტორია, ახლა, მილანში სწავლობს მარკეტინგს…
ნანატრი და წართმეული როლები
ლია ელიავას ეკრანული გმირები, ზომიერებითა და გემოვნების ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მართლაც ძნელია, გემოვნებას უერთგულო უგემოვნო ფილმებში. ის, მაინც ახერხებდა. მის საოცნებო როლებად დარჩა, ქეთევან წამებულისა და ნინო ჭავჭავაძის როლები.
დიდი გულისტკივილით იხსენებდა ხოლმე იმას, თუ როგორ უნდოდათ, კინომსახიობებს, საკუთარი თეატრის გახსნა, მაგრამ როცა ამ თეატრის შექმნა რეალური გახდა, ახალგაზრდები მიიყვანეს და მათ უგანეს:
ჩვენთვისაც მოეცათ საშუალება, რომ ქართველ კინომსახიობებსაც, შეგვექმნა, რამდენიმე სპექტაკლი და განგვეცადა, სცენის სიხარული.
რატომღაც, მოხდა ისე, რომ ლია ელიავას ბედმაც და ადამიანებმაც, გზა გადაუკეტეს სცენისკენ. ოფელია უნდა ეთამაშა, ლილი იოსელიანის ჰამლეტში, მაგრამ კონფლიქტის გამო, რეჟისორი, თეატრიდან წავიდა. ლია ელიავას ოფელიაც წავიდა, ოღონდ არა მონასტერში, არამედ შეუმდგარ, როლთა სიაში. რანევსკაია უნდა ეთამაშა, მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის ალუბლის ბაღში. არც ეს სპექტაკლი დაიდგა. ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა, მონანიებაში, ფილმი შედგა, მაგრამ მის გარეშე. მისი როლი, ზეინაბ ბოცვაძეს მისცეს.
ლია ელიავა, თავად, დახვრეტილი მამისა და დაპატიმრებული დედის შვილი იყო,
და გასაგებიცაა, როგორ ენდომებოდა ამ როლის თამაში, მაგრამ, როცა ზეინაბ
ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.
შვილის თვალით
აკომპლექსებდა თუ არა დედის სილამაზე ლია ელიავას ერთადერთ ქალიშვილს?
ამბობს, რომ არა. პირიქით, მე მქონდა მუდმივი აღფრთოვანება. ყოველთვის იყო ძალიან ლამაზი, ყოველთვის იყო ფორმაში… იცით, რას ვერ ვიტანდი? რომ მათვალიერებდნენ, მაკვირდებოდნენ და მეკითხებოდნენ: დედას ჰგავხარ თუ მამას?…
მით უმეტეს, რაღაც პერიოდი, ლიას კი არა, საერთოდ, არაფერს არ ვგავდი, მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. საშინლად არ მომწონდა, ჩემი თავი. არადა, მართლა მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო… მაგრამ დედა, ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული. ყოველთვის, ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და უხეშად, არ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში.
სანამ გავთხოვდებოდი, რამდენიმე წელი ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს. ლია წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთობის, იმიტომ, რომ მიტოს ჰყავდა ოჯახი, შვილი. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, დედა, მაინც ინარჩუნებდა საოცარ კორექტულობას. არაჩვეულებრივი, ძალიან მასშტაბური ადამიანი იყო. სახლში ძალიან ემოციური იყო, ექსცენტრიული, ესეც მომწონდა და ესეც უხდებოდა, არ იყო მონოტონური, გაუთავებელი ექშენ ჰქონდა. საინტერესო ადამიანი იყო, ძალიან…
(გაზეთ “პრაიმტაიმის” N 3-ის არქივიდან.2009 წ.)