ავტორი: დეა თავბერიძე
თბილისში მუსიკოსები თვლიან, რომ მაია დარსმელიძეს, მსოფლიო აღიარებას და
დიდი მომღერლის სახელს, საზღვარგარეთ დაბადება მოუტანდა. ამაზე წინათ,
თვითონაც უფიქრია. ამჯერად კი, დედობამ ისე დაახვია თავბრუ, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვნად იქცა. ახლა, მთელი მისი საფიქრელი, 8 თვის სტეფანიაა.
მაია დარსმელიძეს, ჰყავს ლამაზი ოჯახი, მზრუნველი ქმარი, საყვარელი ბავშვი, კომფორტული სახლი, მაგრამ არის რაღაც, რაც მას სრული ბედნიერებისათვის აკლია...
- მაია, როგორ მუსიკაზე იზრდებოდი?
- უპირატესობას როკს ვანიჭებდი, თუმცა ყველაფერს ვუსმენდი. დღესაც ასე ვარ, მინდა, მაქსიმალური ინფორმაცია მქონდეს. მეტსაც გეტყვი: ახალ წელს, მე და ძვალმა, დუეტი ჩავწერეთ, სადაც გავრეპე. ექსპერიმენტის სახით მოვსინჯე და საკმაოდ კარგი გამოვიდა.
- წლების წინათ, ზაზა ხუციშვილთანაც ჩაწერე დუეტი - ,შობა უშენოდ. ამ სიმღერამ
პოპულარობა მოგიტანა, ხალხმა გაგიხსენა. შენ კი მაინც წუხდი, რატომ?
- ეს არ იყო ჩემი სტილი, არც პოპულარობაა ჩემი ინტერესი, თუმცა მიმაჩნია, რომ
კარგი მომღერალი ვარ, რაც მუსიკოსებმა იციან, ხალხმა - ნაკლებად. ჩემი მუსიკა, არ
არის კომერციული, არც ესაა პრობლემა. მირჩევნია, 20 კაცი იჯდეს დარბაზში და ბოლომდე ესმოდეს ჩემი, ვიდრე ვუღალატო პრინციპებს და პაფსა ვიმღერო, რომელიც მეტ შემოსავალსაც მომცემს და ცნობადობასაც.
- არ გქონია სურვილი, სტეფანე შენი პროდიუსერი ყოფილიყო?
- სტეფანეს გარეშე ისედაც არაფერს ვაკეთებ. ყოველთვის მაინტერესებს მისი აზრი.
- მაია, გადაცემა ,,პროფილის~ შემდეგ მაყურებელმა სკანდალურ წყვილად აღგიქვათ.
- ჩვენ გულახდილები ვიყავით.
- მართლა ასე ხშირად ჩხუბობთ?
- ადრე უფრო, ახლა არა.
- მაინც რა მიზეზით? აი, ამ წამს რომელი ჩხუბი გახსენდება?
- რატომღაც ჩახოხბილის ამბავი გამახსენდა (იცინის).
- ამბობენ, გემრიელი გამოსდისო, მართალია?
- ხოო (ეღიმება), მეგობრები, სპეციალურად მოდიან ჩახოხბილის საჭმელად და ისე მოსწონთ, მეორე დღესაც მაკეთებინებენ. მულისგან ვისწავლე, სტეფანესთვის. ძალიან უყვარს. ერთხელაც, 7 თვის ორსულმა, გადავწყვიტე მისთვის, ჩახოხბილის გაკეთება. ნაღველა რომ არ მომცხებოდა (ამბობენ, ამ შემთხვევაში ბავშვი, ლაქით დაიბადებაო), სტეფანეს ვთხოვე დახმარება. თხოვნა შემისრულა, მერე ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ეს რამდენჯერმე განმეორდა, სტეფანე გაბრაზდა, ამას ჩხუბი მოჰყვა და გამოშიგნული ქათამი, ეზოში გაფრინდა. ჩავალაგე ჩემოდნები და დედაჩემთან წავედი. მეორე დღეს, საჩუქრით მეწვია და შემირიგდა.
- საჩუქრებს ხშირად გჩუქნის?
- კი, ძალიან ყურადღებიანია და ზედმეტადაც მანებივრებს.
- ადრე თქვენზე ბევრს ჭორაობდნენ, ახლა?
- ახლა მიჩუმდნენ.
- მე, გავიგე რაღაც, ოღონდ ჭორია, თუ სიმართლე, არ ვიცი.
- მაინც, რა?
- მაიამ ხელისმოწერა ჩაშალაო.
- (იცინის) მართალია შარშან, 30 აპრილს, სიყვარულის ქალაქში, სიღნაღში უნდა მოგვეწერა ხელი. მთელი ჩვენი სამეგობრო ემზადებოდა. მოხდა ისე, რომ რაღაცაზე ვიკამათეთ, გავბრაზდი და მივახალე: ,ხომ არ გგონია, შენს ცოლობაზე ვოცნებობ-მეთქი და ხელის მოწერაც ჩავშალე.
- ყველაზე აბსურდული ჭორი, რაც თქვენზე გაგიგია?
- თუნდაც ის, რომ დავშორდით, ან ბავშვის ყოლის პრობლემა გვქონდა. ეს ჭორი ისე აგორდა, რომ 5 წლის წინათ, აჩიკო მეფარიძემ, იერუსალიმიდან უშვილობის ლიმონები ჩამომიტანა. ინსტრუქციით - შენც უნდა ჭამო, შენმა ქმარმაც და ბავშვიც იქნებაო. სუვენირებივით დავდე და მეგობრებს ვუჩვენებდი. მე ხომ ვიცოდი, რატომაც არ ვაჩენდი ბავშვს.
- რატომ არ აჩენდი?
- ხშირად ვჩხუბობდით. ფინანსებიც ხან გვქონდა, ხან - არა. იყო სხვა წვრილმანი პრობლემებიც. ამის გამო, ვითრევდით ფეხს. როცა გადავწყვიტეთ, გავაჩინე კიდეც.
- კიდევ აპირებ გაჩენას?
- აუცილებლად, არ მინდა, სტეფანია მარტო იყოს.
- რა გაკლია სრული ბედნიერებისთვის?
- ვარ დედა, ამისთვის მადლობელი ვარ ღმერთის. უდიდესი გრძნობა ყოფილა და სულ სხვაა, როცა შენ თავად განიცდი ამას. თავი ზღაპარში მგონია. მყავს თბილი და მზრუნველი ქმარი, მაქვს ჩემი ოცნების სახლიც. მაგრამ?..
- მაგრამ?
- გულში ხინჯად მაქვს ის, რაც უნდა გავაკეთო, რასაც ჩემი საქმე ჰქვია… თუმცა, ჯერ კიდევ, ყველაფერი წინაა… არ მინდა ღმერთთან, უმადურ ადამიანად გამოვიდე. მართლა მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების.
- მაია, პატარას სახელი ვინ დაარქვა?
- ჩვენმა მეგობარმა, თეონა კონტრიძემ.
- ვის ჰგავს სტეფანია?
- ფიზიკურად ორივეს, ამავდროულად კი - არც ერთს, თუმცა, სტეფანე იბრალებს,
მე მგავს და მამას გოგოაო. პირველი სიტყვა, მამა თქვა და ამან, სულ გააგიჟა.
- რომლის ხასიათი უფრო აქვს?
- თბილი და კეთილია. მოფერება უყვარს, გაბრაზება - არა. ცოტათი, ჯინიანიც
არის, ამაში ორივეს გვგავს.
- სტეფანე როგორი მამაა?
- გიჟი მამაა, სამსახურიდან დღეში რამდენჯერმე შემოირბენს, რომ სტეფანიას ეთამაშოს.
- დამოუკიდებლად ზრდი?
- არა, ძიძა მეხმარება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიხდება სახლიდან
გასვლა.
- სტეფანიას ძილის წინ არ უმღერი?
- ძირითადად ძიძა აძინებს, მაგრამ ხანდახან იავნანას ნაცვლად ბითლზის ან ჯოპლინის სიმღერებს ვუმღერი.
- მერე, როგორ რეაგირებს?
- როკს როცა ვუსმენთ, უნდა ნახო, როგორი რეაქცია აქვს. აი, მაშინ ვხვდები, რომ დედას გოგოა.
- როგორ, უკვე როკსაც უსმენს?
- უსმენს და მოსწონს კიდეც.
( გაზეთ “პრაიმტაიმი” N 3-ის არქივიდან.2009 წ)