“ძალიან თბილი და ტკბილია და ამიტომ ამ სითბოს გამო ვპატიობ ბევრ სიგიჟეს”
ავტორი: თამარ გონგაძე
მაკა ასათიანი გაზაფხულის შემდეგ დიდმა ნოსტალგიამ და მონატრებამ თბილისში 4 წლის კონსტანტინესთან ერთად ისევ ჩამოიყვანა. ეს ის ქალაქია, სადაც მისი დიდების ვარსკვლავი დღესაც ბრწყინავს და მისი ცხოვრების ნებისმიერი დეტალი დღესაც უზომოდ აინტერესებთ. წლებია საქართველოში აღარ ცხოვრობს და მოდის სამყაროსაც ჩამოშორდა, თუმცა გამოკითხებში ძველებურად ლიდერობს ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალების სიას.
ყველაფერს თავისი დრო ჰქონია, ჩაიარა „ტუსოვკების“, ახალგაზრდული თავზეხელაღებულობისა და პოპულარობის პერიოდმა და ძნელად წარმოსადგენია, თუმცა დღეს მაკა ასათიანი სამი ვაჟის აღზრდითაა დაკავებული. თავში ერთდროულად ათასი კითხვა მაინც მიტრიალებდა, როდესაც თეონა თავართქილაძის ჩვენებაზე დავინახე, თუმცა რევერანსების გარეშე მხოლოდ ამ ბლიცს უნდა დასჯერდეთ.
– მოდის სფეროს ხომ არ უბრუნდები?
– არა.
– მაკა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანხარ, გამოკითხვებში ყველაზე ლამაზ ქალად სახელდები…
– რა კომენტარი გავაკეთო, არ ვიცი. კომპლიმენტად ვიღებ და მადლობას გეუბნებით.
– ძალიან მაინტერესებს (და არა მარტო მე), როგორ ცხოვრობ დღეს, ასეთი გავლენის, დიდების, აქტიური ელიტარული წარსულის შემდეგ პასიურად სახლში და შვილებთან?
– არის თუ არა რთული? რთული შესაგუებელი არ არის. მე ოჯახში ისედაც ვიყავი, უბრალოდ ნაკლები დოზით, როცა სამსახურში დავდიოდი.
– არ გიჭირს?
– არა.
– ახლა სად ცხოვრობ?
– შვეიცარიაში.
– მოგვიყევი უმცროსი შვილის შესახებ…
– კონსტანტინე 4 წლისაა. ჩემი აზრით, მის ძმებთან შედარებით რთულად აღსაზრდელი, ძალიან გიჟი ბავშვია. მაგრამ ძალიან თბილი და ტკბილია და ამიტომ ამ სითბოს გამო ვპატიობ ბევრ სიგიჟეს. რთულია სამი ვაჟის გაზრდა. ვცდილობ, რომ მოვერიო. რამდენად გამომდის, არ ვიცი.
– თბილისში უბრალოდ მონატრების გამო ხარ?
– კი და ცოტა ხნით, სამწუხაროდ. ძალიან მომენატრა… წავედიიი…
– წასვლამდე ბარემ ის გვითხარი, რა არის შენი მომხიბვლელობის და თავის მოვლის საიდუმლოება?
– კარგი ხასიათი და სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული.
– სიყვარული რა არის?
– ადამიანების სიყვარული.
– ჰუმანურობა?
– ჰუმანურობის მნიშვნელობა მართლა არ ვიცი რა არის, სხვასხვანაირად შეიძლება აიხსნას, ამიტომ მარტივად სიყვარული!
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N33-ის არქივიდან 2009 წ.)