მამა იოანე ტაძრისკენ მიმავალ გზაზე - "ხშირად ვიხსენებ ზაზა ხელაიას და მაქვს სინანული ყოველი წარსული დღისა"

16:03 01-07-2016
457

„ხშირად ვიხსენებ ზაზა ხელაიას და მაქვს სინანული ყოველი წარსული დღისა“, – ეს სიტყვები მამა იოანეს ეკუთვნის, მღვდელ-მონაზონს, წარსულში ცნობილ ჟურნალისტს, თანამდებობის პირსა და, უბრალოდ, თბილისელ ახალგაზრდას, რომელმაც ერთ დღეს ყველაფერ ამქვეყნიურზე უარი თქვა და თავი უფალს მიუძღვნა. ჩემთვის ცოტა რთული იყო მამაოსთან მის წარსულზე საუბარი, რადგან მე ვიცნობდი ზაზა ხელაიას – აქტიურს, ხალისიანსა მხიარულს. მეც, ისევე, როგორც მის არაერთ მეგობარს, მიჩნებოდა კითხვები, რომლებზეც პასუხი მხოლოდ ახლა მივიღე. ექსკლუზიურად „პრაიმტაიმისთვის“ მამა იოანეს ცხოვრება ერსა და ტაძარში.

რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება? – ეს კითხვა ძალიან ბევრმა დამისვა – ახლობლებმა, მეგობრებმა. რომ მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ, როგორი აქტიური იყავი, როგორ გიხაროდა ცხოვრებაო… გავიარე ეს ყველაფერი, იყო წარმატებული კარიერაც, სამსახური, მაგრამ მოხდა ამ ყველაფრის გადაფასება. იმ დროს, როცა ასეთი აქტიური ვიყავი, როცა ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებდი, მივხვდი, რომ მთავარი მაკლდა. დღეს ჩემთვის ბედნიერება სულ სხვა რამ არის, ვიდრე მაშინ. დღეს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ბევრ რაღაცას შევცვლიდი. დღეს რომ დამიდო რამდენიმე გზა, რაც გამივლია, ისევ ბერობას ავირჩევდი. ის ბედნიერება, რასაც მაშინ ვეძიებდი და ბედნიერება მეგონა – ყოველდღიური დროსტარება, მეგობრებში ყოფნა, ყოველდღიურ ვნებაზე, საკუთარი თავის სიამოვნებაზე ფიქრი… ეს ყველაფერი დღეს ძალიან დიდ მკრეხელობად მიმაჩნია. რა სიყვარული და სიხარულიც მქონდა, დღეს ის ყველაფერი შეიცვალა. არც ერთი დღე არ მინანია, რომ ამ გზას დავადექი და დავტოვე ცხოვრებისეული ვნებები და სიამოვნება.

ბრძოლა საკუთარ თავთან

ყოყმანის პერიოდი იყო და დიდხანსაც გაგრძელდა. ბრძოლა საკუთარ თავთან – ეს ყველა ადამიანს აქვს, მით უმეტეს ისეთს, რომელიც ყოვედღიურად აქტიურ ცხოვრებაშია ჩართული, გინდა სამსახური თქვით, გინდა მეგობრები, რა თქმა უნდა, დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ დიდი იყო სურვილი, დამეტოვებინა ერი და წავსულიყავი ბერში. ეს ძალა ღმერთმა მომივლინა და სწორედ ღვთის ძალით მოხდა ეს, იმიტომ რომ მე არასდროს არ მიფიქრია, რომ ვარ ძლიერი. ყოყმანის მიზეზი ძალიან ბევრი რამ იყო. პირველი ის, რომ, როდესაც გყავს შვილები და ისინი ისეთ ასაკში არიან, რომ მათ გზაზე დაყენება სჭირდებათ, თან როდესაც ორი ბიჭი გყავს, ერთი 11 წლის, მეორე კი 19-ის. ისეთი თაობაა და ისეთი ასაკია, რომ მათ მართლა სჭირდებათ მამა, რომელიც გზაზე დააყენებთ, ყველანაირი თვალსაზრისით, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ, როცა ვიფიქრე და გადავლახე ეს ყოყმანი, მივხვდი, რომ ჩემი ამ ნაბიჯით ჩემს შვილებს ცუდს არ გავუკეთებდი და მხოლოდ კარგის მოტანა შემეძლო. სწორედ ამას მეუბნებოდნენ მეგობრებიც, შვილები გყავს, რატომ იღებ ამ გადაწყვეტილებასო, მაგრამ მე მათ ვუპასუხე: როცა სული უფრო ძვირია, ვიდრე სხეული და ხორცი, ვხვდები, რომ სულიერება და ჩემი მდგომარეობა, მეტად შეეწევა ჩემს შვილებს, ჩემი ლოცვა, ჩემი დარიგება, უფრო მეტად წაადგებათ, ვიდრე ჩემი ერში ყოფნა-მეთქი. წარმოიდგინეთ ახლა მე რომ ვყოფილიყავი რომელიმე თანამდებობის პირი და მატერიალურადაც მდიდარი, შეიძლებოდა ჩემი შვილებისთვის რამე უბედურება მომეტანა, ან დამეტოვებინა თუნდაც მილიონი დოლარი და მეთქვა: აი, შვილებო, ეს ფული ჩემგან გქონდეთ… და ამ ფულს კარგი არ მოეტანა მათთვის, მაგრამ დღევანდელი ჩემი მდგომარეობით ამისგან დაზღვეული ვარ და მხოლოდ და მხოლოდ კარგის მოტანა შემიძლია. როდესაც ხარ წარმატებული თანამდებობის პირი და წარმატებული ბიზნესმენი, მაინც საფრთხილოა ურთიერთობა შვილებთან. დღეს ჩემს შვილებთან უფრო ახლოს ვარ, უფრო მეტად უფროს ვაჟთან. რა თქმა უნდა, უჭირს ამასთან შეგუება, ძალიან მძიმედაც შეხვდა, მაგრამ საუბრებმა, ჩემთან ურთიერთობამ ის დაარწმუნა, რომ მე სწორი ნაბიჯი გადავდგი. უფროსი ვაჟი დაესწრო ჩემს ბერად აღკვეცას, ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის ტაძარში დავინახე, მაგრამ ღმერთს ვთხოვე, მოეცა ძალა, რომ ჩემს შვილს ისე აღექვა ეს ყველაფერი, ისე დაენახა, იმ სიმართლით დაენახა, რასაც ჩემი ნაბიჯი ჰქვია, რადგან მაინც იცით, რომ ბრძოლა დიდია, ბრძოლა ჩემს შვილსაც ექნებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადალახა და დღეს ხშირად ამოდის ჩემთან მონასტერში, ხშირად ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, დაადგება ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ გზას, იცხოვრებს ეკლესიურად და იმ შეცდომებს, რომელიც მე დავუშვი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ გაიმეორებს. უმცროს ვაჟთან არ მქონია საუბარი, ის ჯერ პატარაა. იმედი მაქვს, გაიზრდება პატარა დავითიც და გაიგებს იმ ნაბიჯის სისწორეს, რაც მე გადავდგი. ის უკვე ამოდის ხოლმე ეკლესიაში, მაგრამ ასე რომ მიყურებს, შეცვლილ ფორმაში, კაბაში, წვერში, რა თქმა უნდა, მისთვის ძნელია, თუმცა ნელ-ნელა ეჩვევა და იმედი მაქვს, ბოლომდე ყველაფერს ისე გაიგებს, როგორც არის. მე გავაკეთე არჩევანი და მართლაც ასეა, ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს თავის ცხოვრებაზე და მხოლოდ შემდეგ ღმერთს სთხოვს და ღმერთიც ეხმარება. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ გავეხადე მონაზვნობის ღირსი და დიდება უფალს, შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება – დღეს მე უკვე ბერ-მონაზონი ვარ. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა მოძღვარმა მამა იოანე კიკვაძემ, რომელიც დღეს მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარია. ფაქტობრივად, მან დამაყენა ამ გზაზე, მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მთელი ცხოვრება ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. ყოველი წუთი, ყოველი დღე, რომელიც მასთან მაქვს გატარებული, ჩემთვის ძალიან ფასეულია, დიდი სკოლაა.

წარსულის მეგობრები

მეგობრების მხრიდან იყო გადარწმუნების მცდელობა. იყო ეგოიზმის გამოხატულებაც, რადგან ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. ის მომენტია, როცა მათ საერო ცხოვრებაში შორდები, ამიტომ მაინც იყო გადარწმუნების მცდელობები. ის სიყვარული, რომელიც მქონდა ჩემი მეგობრების მიმართ, გამიასმაგდა, უფრო ჭეშმარიტი, ნათელი და უანგარო გახდა. იყვნენ ადამიანები, მეგობართა ჯგუფი, რომლებიც დიდი სიხარულით დამიდგნენ გვერდზე და ჩემი ეს ნაბიჯი შეაფასეს ვაჟკაცურ ნაბიჯად, მაგრამ იყვნენ მეგობრები, რომლებიც ცდილობდნენ (რა თქმა უნდა, არა ბოროტულად), ისევ ერთად ვყოფილიყავით იმ ცხოვრებაში, რომელშიც დიდი დრო გავატარეთ. მაგრამ შემდეგ, როდესაც დავსხედით და რამდენიმე საათი ვისაუბრეთ, ჩემმა სიტყვებმა ისინი დააფიქრა და ჩემი პასუხების მოსმენის შემდეგ არც ერთ ჩემს მეგობარს ჩემთვის აღარ უთქვამს, რომ ერში დავბრუნებულიყავი. იყო შემოთავაზებები სამსახურიდანაც, თანამდებობრივად, იყო მაღალანაზღაურებადი სამსახურების შემოთავაზებაც, მაგრამ მე უკვე მტკიცე ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში და რაც უფრო მეტს მთავაზობდნენ, ეს გადაწყვეტილება მით უფრო მტკიცდებოდა. როდესაც ერში ვცხოვრობდი, სხვანაირად ვაფასებდი ცხოვრებას. ის, რაც დღეს მიმაჩნია უზნეობად, მაშინ მეგონა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო, რასაც ახლა ვუკრძალავ ჩემს მეგობრებს და ჩემთან მოსულ ჩვეულებრივ ადამიანებს, მაშინ შეიძლება ტაშიც დამეკრა და შემექო ისინი. ამიტომ ღვთის წყალობით, იმ ადამიანებს, რომლებიც უზნეოდ ცხოვრობდნენ, დღეს შემიძლია, ვუთხრა, რა არის უზნეობა და მაქვს იმედი ღვთისა, რომ ისინი გადააფასებენ, რა არის სასარგებლო.

ზაზა ხელაია

რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად მახსენდება ზაზა ხელაია და ვერ გავურბივარ. იმიტომ რომ ასეა ადამიანი, როცა 37 წელი განვვლე ერში, სადაც ყველაფერი ვნახე – წარმატებაც წარუმატებლობაც, სიყვარულიც, სიძულვილიც, მოფერებაც, ჩხუბიც, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში ეს ყველაფერი თავს იჩენს, მაგრამ წარსულზე ფიქრი უკვე ჩვენი საქმე აღარ არის, მაქვს სინანული ყოველი წარსული დღისა და დღეს მხოლოდ ვფიქრობ მომავალზე. მომავალზე, რომ ღვთისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო და მოვიკრიბო ძალა და ვიცხოვრო მონაზვნურად. როდესაც მონაზონი საკუთარ თავთან რჩება, ყველაზე მეტად ფიქრობს ღმერთსა და თავის ცოდვებზე, როცა აქვს სინანული იმ ცოდვებისა და ევედრება ღმერთს მთელი გულით, რომ შეიწყალოს და შეუნდოს გავლილი ცხოვრება. რაც შეეხება ფიქრებს, ფიქრები და ტკივილი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ და შენ უკვე იცი, რა იქნება მომავალში და ბევრ რამეზე გული გტკივა, რომ ეს ადამიანები ვერ ამჩნევენ ამას, ვერ ხედავენ, შენ უკვე იცი, რომ რაც მათ ჰგონიათ კარგი და ჭეშმარიტი, ეს სავსებით მიუღებელია ღვთისთვის, ამიტომ ამაზე მტკივა ხოლმე გული, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ ჩემს სინანულზე, ღმერთზე და ვფიქრობ, რა იქნება მომავალში.

ღმერთთან შეხვედრის შიში

საერთოდ, მონაზონს შიში უნდა ჰქონდეს ერთი – ეს არის სამსჯავროზე წარდგომისა და ღმერთთან შეხვედრის შიში. ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი ცხოვრების გამო გამორიცხულია, ღირსი ვიყოთ სასუფეველში შესვლისა. ამის შიში არსებობს და ეს შიშია მთავარი შიში, რომელიც მაქვს და ამიტომაა, რომ ღმერთს ყოველთვის ვევედრებით და ვლოცულობთ, რომ შეგვინდოს შეცოდებანი ნებსითნი თუ უნებლიეთნი და მოგვიტევოს. მეორე, რაც ყოველდღიური შიში აქვს ადამიანს, ის შიში უკვე დავძლიე და გადავლახე. საერთოდ კი, ადამიანს შიში უნდა ჰქონდეს მხოლოდ ღმერთის და უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე. ღმერთმა არ მომაშოროს ის შიში, რომ მხოლოდ მასთან შეხვედრის მეშინოდეს.
მომავალი

დღესდღეობით დასავლეთ ევროპის ეპარქიაში გახლავართ, სადაც ჩამოყალიბებულია ფონდი. დასავლეთ ევროპის ეპარქიის ხელმძღვანელი არის მიტროპოლიტი აბრაამი, ეპარქიის უაღრესად ღირსეული მმართველი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა. მისი ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა ფონდი, რომელიც ემსახურება დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ქართველთათვის სამრევლოების მოწყობას. მოგეხსენებათ, რომ დასავლეთ ევროპის რამდენიმე ათეულ ქალაქში მოწყობილია სამრევლოები, გვაქვს პარიზში ეკლესია, გვაქვს ბარიში, სადაც წმინდა ნიკოლოზის საფლავია. ასევე, რამდენიმე ქალაქში ჰყავთ სასულიერო პირები, მოძღვრები და ყველა სამრევლოს ჰყავს რამდენიმე ასეული მრევლი. ფონდს რამდენიმე ქალაქში გაკეთებული აქვს საკვირაო სკოლები ბავშვებისთვის. იმ ბავშვებმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, დიდი რისკია, რომ დაივიწყონ ქართული ენა, ისტორია და ამიტომ ეს სკოლები სპეციალურად მათთვის ჩამოყალიბდა. აქ ისწავლება ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ეკლესიის ისტორია, ქართული სიმღერა, გალობა და ცეკვა. ეს ფონდი ემსახურება ტექნიკური ბაზის შევსებას, წიგნების გაგზავნას, გამოფენების მოწყობასა და ა.შ. ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ყურადღება ექცევა ქართულ ემიგრაციას, მათ ყოფას, მათ ცხოვრებას, მათ დახმარებას, სამშობლოში დაბრუნებას, უწმიდესის ლოცვა-კურთხევა არის, რომ ყველა ქართველი, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, საბოლოოდ დაბრუნდეს თავის სამშობლოში. სწორედ ამას ემსახურება ეს ფონდი. იმედია, გაიზრდება, მთელ მსოფლიოს მოედება და იზრუნებს ყველა იმ ქართველზე, რომელიც თავის სამშობლოში არ ცხოვრობს. მადლობელი ვარ ღმერთის და მადლობელი ვარ მამა იოანესი. მადლობელი ვარ მეუფე აბრაამის, რომ მან მომცა საშუალება და გამხადა ღირსი, ვიმსახურო ამ ფონდში. მე კი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით ვიქნები ამ ეპარქიაში, არ დავზოგავ ძალას, რომ ბოლომდე ვემსახურო ქართველ ხალხს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მრავალ შობა ახალ-წელს დაესწროს ყველა მართლმადიდებელი ოჯახი და მალე გაერთიანებულიყოს საქართველო. კიდევ ერთხელ მინდა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ერში ვცხოვრობდი და ბევრ რამეზე გული ვატკინე, შენდობა ვთხოვო და მუვულოცო ეს ახალი წელი, ყოველთვის ვილოცებ მათთვის.

იხ. ფოტოკოლაჟი:

გაზეთი Prime Time-ის N 353 ის არქივიდან.(2016 წ.4 იანვარი)  

 

ავტორი: