“პრაიმტაიმის” რუბრიკის “ყველაზე ორიგინალური ქორწილის” დღის სტუმარია 30 წლის გიორგი გრძელიშვილი, პროფესიით ინჟინერი, ფოტოგრაფი და 21 წლის სალომე თოთლაძე, ბიზნეს მართვის სპეციალისტი.
წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტ სივრცეში გაიცნო. ბიჭის ინიციატივით დაწყებული ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა.
სალომე თოთლაძე: “ჩვენი ისტორია მოულოდნელად დაიწყო. გიორგი ისრაელში იმყოფებოდა, როგორც მოგვიანებით გავიგე მაცხოვრის საფლავზე ჩაუფიქრებია სურვილი, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყოლოდა. სახლში დაბრუნებულს, სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით ჩემი სურათი ნახა და გადაწყვიტა, ჩემთვის მოეწერა. ჩვენი დიალოგი შედგა, თუმცა ინიციატივას ყოველთვის გიორგი იჩენდა. ზაფხულის პერიოდში, გიორგი საქარველოში ჩამოვიდა, მაგრამ ჩვენი შეხვედრის დღე გაიწელა, რადგან დასასვენებლად წავედი. ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთს შევხვდით და აზრების გაზიარების შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენს შორის იმაზე დიდი კავშირი იყო, ვიდრე ვფიქრობდით. ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით და ვაცნობიერებდით, რომ თითოეული დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო. ამასობაში, 1 წელი გავიდა და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. ქორწილისთვის ერთ თვეში მოვემზადეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღე გრანდიოზულად დამთავრდა. სამოგზაუროდ ისრაელში წავედით, გვინდოდა წმინდა ადგილი მოგველოცა და უფლისთვის მადლობა გადაგვეხადა. ჩვენი შეხვედრა უფლის დიდი საჩუქარია, რადგან ერთმანეთი გვაპოვნინა”.













