ამ ბიჭის გამოჩენამ „იქს ფაქტორში“ თინეიჯერი გოგონების დიდი ინტერესი გამოიწვია. 25 წლის მერაბ ამზოევის გარეგნულ თუ მუსიკალურ მონაცემებს ფანები გამოუჩნდნენ. ამას დაერთო ისიც, რომ მომღერალმა პროექტის ფარგლებში მეუღლე, სოფი ქავთარაძე გამოაჩინა. ინტერესი მის მიმართაც გაჩნდა. გოგონებმა, რომლებსაც მერაბი მოეწონათ, სოფის ნაკლის ძებნა დაიწყეს და დაიწყო ჭორაობა, რა პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული ამ ლამაზ გოგონას. სოფი იმ ზომამდე მივიდა, რომ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ არანაირი ოპერაციები ვიზუალის გასაუმჯობესებლად არ გაუკეთებია.
დღეს წყვილი „პრაიმტაიმის“ სტუმარია და ყველა საინტერესო თემაზე თავად გიამბობთ.
მერაბი:
– მუსიკალური განათლება არ მაქვს. არც ჩემს მშობლებს. მამა თვითნასწავლია, უკრავს გიტარაზე და მღერის. სიმღერა 18 წლის ასაკში დავიწყე. ჯერ გიტარაზე დაკვრა ვისწავლე და მერე სიმღერა.
– მანამდე რა ინტერესები გქონდა?
– ფეხბურთელი ვიყავი. 7 წელი ვთამაშობდი რუსეთში. საქართველოში რომ დავბრუნდი, კარგი პირობები არ იყო და თავი დავანებე. რთული პერიოდი მქონდა, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. მამას ყოველთვის უნდოდა, გიტარაზე დაკვრა ესწავლებინა ჩემთვის, ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი და ვცადე. სამი აკორდი მასწავლა მამამ და მერე ჩემით განვვითარდი. თავიდან ჩემი ნამღერი არ მომწონდა. დიქტოფონზე ვიწერდი ჩემს ხმას, მერე ორიგინალს ვუსმენდი და ასე ნელ-ნელა დავიხვეწე.
– პროფესიით ვინ ხარ?
– შეიძლება ითქვას, რომ ბარმენი. უმაღლესი განათლება არ მაქვს. ფეხბურთს რომ ჩამოვშორდი, ჩემს ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როცა არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, დავიწყე რაღაცების ცდა. ჯერ ხატვა დავიწყე. დავხატე დედაჩემი, ბებიაჩემი, ყველა (იცინის). მერე ეგეც მომბეზრდა, განვითარება ვერ ვნახე.
– ბებიასა და დედას მოსწონდათ შენი ნახატები?
– ყველას მოსწონდა, ჩემ გარდა… გარკვეული პერიოდის მერე სიმღერა დავიწყე. მერე ამასაც შევეშვი, ვიფიქრე, რომ არაფერი გამომივიდოდა. ორწლიანი ჩავარდნა მქონდა, არაფერს არ ვაკეთებდი, კომპიუტერთან ვიჯექი. ვთამაშობდი. გადმოვიწერე პროგრამები და კლიპების გაკეთება დავიწყე „2 დე“ დიზაინით.
– ვიცი, რომ ბარმენადაც მუშაობდი…
– კი, იყო ეგ პერიოდიც ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რომ დრო იყო, მუშაობა დამეწყო და ოჯახს დავხმარებოდი. დედამ მიმიყვანა ბარმენობის შემსწავლელ კურსებზე. მანამდე შეხება არ მქონია არც სასმელთან და არც მთვრალ ხალხთან. თავადაც არ ვსვამ, ძალიან იშვიათად. რაიმე განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ დავლიო.
– ანუ სასმელი არ გჭირდება კარგი ხასიათისთვის?
– მე მაინც სულ ცუდ ხასიათზე ვარ (იღიმება), სასმელიც არ მშველის. დიდად არ მოქმედებს ჩემზე. უბრალოდ, ვდუნდები და პრობლემები მავიწყდება. 4 წელი ვიმუშავე ბარმენად. კლუბებში ვმუშაობდი. ღამის თენება და ხმამაღალი მუსიკა ძალიან დამღლელია. მერე კარაოკეში დავიწყე მუშაობა წამყვანად.
– სოფი, თქვენი გაცნობის ისტორია შენ მიამბე. სად ნახე პირველად მერაბი?
სოფო:
– კოლეჯში შევხვდით ერთმანეთს. მე სასტუმროს ბიზნესს ვსწავლობდი, მერაბი –ბარმენობას. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ შორიდან ვხედავდით ერთმანეთს. ერთხელ გიტარაზე უკრავდა, მე დარბაზში მივდიოდი. დამიძახა, სოფო, ერთი წუთით მოდი, სიმღერა ვისწავლოთო. ბანკეტისთვის სიმღერას ამზადებდა და უნდოდა, დუეტში გვემღერა. გამიკვირდა. მოკლედ, ასე გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და მერე, როგორც ხდება ხოლმე…
– ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?
– არ უთქვამს, მიყვარხარო. კინოში მაკოცა და ამით ნათქვამი იყო ყველაფერი.
– სოფი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავს მერაბს…
– ეს ძალიან მახარებს. ჩვენს შორის ეჭვიანობა არ არის. ერთმანეთს ვენდობით. 5 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ორი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
– განსაკუთრებული მოთხოვნილებები აქვს მერაბს ოჯახში?
– კი. საჭმელი უნდა იყოს ყოველთვის მზად, სახლი დალაგებული…
– და თუ არ არის მზად?
– ძალიან გაბრაზდება.
– სოფი, შენ რა პროფესიის ხარ?
– სასტუმროს ბიზნესი დავამთავრე. პიარმენეჯერად ვმუშაობდი. ძალიან რთული გრაფიკი მქონდა. ახლა სილამაზის სალონი მაქვს და იმას ვამუშავებ.
– და სოფო რომ მოდის სახლში დაღლილი…
მერაბი:
– მე უნდა დავახვედრო კერძი?
– არასდროს მოგიმზადებია მისთვის სიურპრიზი?
– როგორ არა, სხვათა შორის გემრიელ კერძებს ვამზადებ. ამიტომაც მაქვს მოთხოვნილება, არა იმაზე რომ საჭმელი იყოს, არამედ გემრიელი საჭმელი მინდა რომ იყოს. როცა ხასიათზე არ არის, არ გამოსდის გემრიელი. ასეთ შემთხვევაში მზა კერძებს ვუკვეთთ.
– გაბრაზებული მერაბი როგორია?
სოფო:
– ჩუმად არის, იბუტება.
მერაბი:
– ვინ იბუტება? ასე არ არის. მე ვიგროვებ ამ გაბრაზებებს და მერე ერთიანად ამოვასხამ ხოლმე.
– როგორია ეს „ამოსხმა“?
– სუსტ წერტილებში ვურტყამ (იცინიან).
– სოფი, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პლასტიკური ოპერაციები გაქვს გაკეთებული…
– არაფერი არ მაქვს გაკეთებული. მერაბი დამეთანხმება. არ ვიცი, რატომ წამოვიდა ეს ჭორები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიდეომიმართვა გავავრცელე სოციალურ ქსელში.
მერაბი:
– მე ვუთხარი, არაფერი დაეწერა, მაგრამ ქალები ხომ ემოციურები ხართ, ვერ ითმენთ!
– გაბრაზდი?
– თავისთავად… ყოველთვის ასე ვიქცევი, ჯერ ვუხსნი ადამიანს, რატომ ვუკრძალავ და მერე ვუკრძალავ. თუ ვერ ხვდება, მერე ვბრაზდები. ვუხსნიდი, რომ აზრი არ აქვს, რომ რაც უფრო მეტ ვიდეოსა და კომენტარს დადებ, მეტი გამოხმაურება და აგრესია მოჰყვება-მეთქი. მაინც გააკეთა. მერე მიხვდა, რომ მართალი ვყოფილვარ.
სოფო:
– მე არ ვნანობ, რომ ვიდეო დავდე… გული მწყდება იმაზეც, ჩემზე რომ ამბობენ, გაუნათლებელიაო. არ მიცნობენ და ერთი-ორი ვიდეოდან გამოიტანეს დასკვნა. ბავშვობიდან დედასთან ვცხოვრობ თურქეთში, კვიპროსზე და ამიტომ ვერ ვსაუბრობ ქართულად გამართულად.
– მამა სადაა?
– 6 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა.
– მერაბ, „იქს ფაქტორს“ დავუბრუნდეთ. მანამდე არცერთ მუსიკალურ კონკურსში არ მიგიღია მონაწილეობა. რატომ?
– მაქსიმალისტი ვარ. მეგონა, რომ მზად არ ვიყავი. აქაც სოფოს წყალობით მოვხვდი. ჩუმად გამოაგზავნა ვიდეო და მაიძულა, ქასტინგზე გავსულიყავი. ახლა უკვე მიხარია, რომ აქამდე მოვედი. მაგრამ მე სხვა მიზნები მაქვს, მინდა საკუთარ თავში ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემს საქმეს ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა. კი, მივდივარ ფინალისკენ, მაგრამ ვიმსახურებ? აი, ეს მაინტერესებს.
– ვინ გაგიშვებდა, რომ არ იმსახურებდე. ძალიან ბევრი კარგი კონკურსანტი დარჩა კონკურსმიღმა… შენი პროგნოზი როგორია, ვინ დარჩება ფინალში?
– სანდრო და პატარები იქნებიან ფინალში.
სოფო:
– მე ვფიქრობ, მერაბი და სანდრო იქნებიან ფინალში. მერაბი პესიმისტია. მე – ოპტიმისტი.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“








