უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უარყოფს, თითქოს მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ზეწოლის შემცველი წერილები გაუგზავნა.
როგორც “Tv პირველში” სატელეფონო საუბრისას საყვარელიძემ განაცხადა, მას ამის ინტერესი არ ჰქონდა.
“მეტი საქმე არ მაქვს, დავჯდებოდი ახლა და ზეწოლის წერილებს ჩემი ხელმოწერით დავაგზავნიდი. თავიდან ალბათ მშვილდისრით გაგზავნას ვაპირებდი და შემდეგ სუს-ის ფოსტალიონებთან მტრედს გავატანე, რომლებმაც ერთდროულად მიიტანეს ეს წერილები”, – აღნიშნა საყვარელიძემ.
მისი თქმით, საქმის გამომძიებლები თავად ფაბრიკაციას აკეთებენ და ამით დანაშაულს სჩადიან და ამიტომ ეჭვი ეპარება, რომ საქმე გამოძიებული იყოს.
მთავარმა პროკურატურამ 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების – ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე – უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
“საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით”, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.