ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მეუფე პეტრე ცაავა არცერთ ფარულ ჩანაწერში არ ფიგურირებს.
ამის შესახებ მამალაძემ ტელეკომპანია “პირველის” თოქშოუ “რეაქციაში” განაცხადა და აღნიშნა, რომ “ვაიბერ მიმოწერა”, რომელიც მეუფე პეტრესთან დაკავშირებით გავრცელდა, მორიგი შემოგდებული თემაა.
“მეუფე პეტრე არანაირ ჩანაწერში არ ფიგურირებს. ასე რომ, მის წინააღმდეგ, ვერანაირი საქმე ვერ “შეიკერება”. ეს “ვაიბერ მიმოწერა” არის მორიგი თვალის ახვევა საზოგადოებისთვის და შემოგდებული თემა”, – განაცხადა მამალაძემ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა “ვაიბერ მიმოწერა” მიაწოდა მედიასაშუალებებს, სადაც უცნობი პირი მას “თავის შეკავებას” ურჩევს. შეტყობინების ავტორი სასულიერო პირს აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმოწერის თანახმად, ბრალდების ადრესატი შესაძლოა, თავად მეუფე გახდეს.