ავტორი: თამარ გონგაძე
ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საზოგადოება სხვა სფეროებიდან იცნობს, მაგრამ დღეს მათ გარკვეული პოსტი უჭირავთ და კაბინეტებში სხედან. მიუწვდომელი არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა. არც მდივანთან ჯდომა დაგვჭირვებია შეკითხვით – დალოდების საათები როდემდე აქვთ? შესაბამისად, არც ჭერის ბზარების წარმომავლობით დავინტერესებულვართ და საქმეზეც პირდაპირ გადავედით.
ნინო დარასელიც არ ზის მარტო კაბინეტში. უხარია, რომ ახალი ადგილსამყოფელი დემოკრატიული გამოდგა და დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ერთამანეთს კომენტარებით ამხნევებენ.
„კომპიუტერების გარდა მაგიდაზე ქაღალდების ისეთი დასტა მიდევს, რომ დღის ბოლოს მისი მოწესრიგებით ვარ დაკავებული. უამრავი კითხვა შემოდის, ჩემს სიცოცხლეში ასეთ დაძაბულ გრაფიკში არ ვყოფილვარ.“ თუ საქმე თავისსავე შენობაში, ეკონომიკის სამინისტროში აქვს, ტელეფონით და კომპიუტერით კონტაქტს, ფეხით მისვლას ამჯობინებს. „ადგილზე ჯდომით გავსუქდები და ტიპიური კაბინეტის ადამიანი გავხდები. ნელი არაფერი მიყვარს, სამინისტროში ლიფტი ძალიან ნელა მოძრაობს, ამიტომ კიბეებზე ავდი-ჩამოვდივარ. “
გიორგი უშიკიშვილი 2004 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელია. პირველად სხვა კაბინეტი ჰქონდა.
„იქ ერთადერთი სკამი დამახვედრეს და მითხრეს, ყველაზე კარგი სკამი თქვენ დაგახვედრეთო. თანამშრომლების შეკრება რომ ვითხოვე, ყველა თავისი სკამით მოვიდა. აქ, ამ კაბინეტში სამი წელია ვარ. დიდ დროს არ ვატარებ. ძირითადად რეგიონში ჩაწერებზე და ექსპედიციებში დავდივარ. ერთ ადგილზე ჯდომის თვალსაზრისით მოუსვენარი ვარ.“ აქედან გამომდინარე, მისი კაბინეტი განსაკუთრებულად მოწყობილი არ არის. აქვს ნოუთბუქი, ტელევიზორი და კალკულატორი… „ასე რომ, საშხაპე არა მაქვს და იმედები გაგიცრუეთ.“ კაბინეტზე მისი ნაკლები ზრუნვა იმითაც არის განპირობებული, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აღმაშენებლის გამზირზე აპირებს გადასვლას, რომელიც ახლა რემონტდება.
ზაალ ჩიქობავას ოთახით უცებ მიხვდებით, რომ თეატრის მმართველის კაბინეტში ხართ. ირგვლივ თეატრის მუზეუმის ექსპონატები, უნიკალური სპექტაკლების ესკიზები და მხატვრებისგან საჩუქრად მიღებული ნახატები და შთამბეჭდავი ფოტოებია…
ორ წელიწადნახევარია, რაც ეს თანამდებობა ჩააბარეს. დღეში 18 საათამდე აქ ატარებს, თუმცა საქმის სიყვარული დაღლას უმსუბუქებს. „ვცდილობ ნელ-ნელა შევავსო ჩემთვის საინტერესო, ნაჩუქარი ნივთებით. კაბინეტი ნელ-ნელა ემსგავსება თავის პატრონს. ჩემი ოთახი მუდმივად არეულია და მუდმივად ბევრი ადამიანი ირევა.“
თაკო ჩხეიძე სამი წელია, რაც სააგენტო „ჯეომოდელსის“ დამფუძნებელია. ეს კაბინეტი მეორე წელია აქვს, თუმცა წელს გაცილებით აქტიურად იყენებს საქმიანი შეხვედრებისთვის.
ოთახი მეუღლესთან ერთად – გემოვნებით მოაწყო. „ჩემთვის მნიშვნელოვანია კაბინეტში თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჩემი აზრით, პრაქტიკული და სადაა, პასტელის ფერებში გადაწყვეტილი. აქ მშვიდი აურაა და ყოველთვის დალაგებულია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემს მაგიდაზე მოდების ჟურნალებს წააწყდებით.“ თაკოს კაბინეტში არც დაქალების სტუმრობაა იშვიათობა. ფინჯან ყავასთან ერთად, ჭორაობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
ია ჩანტლაძემ აღიარა, რომ კაბინეტის ადამიანი არ არის. საქმიანი მოძრაობა გაცილებით მოსწონს, ვიდრე კაბინეტში ჯდომა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში მომღერალი ახალი პროექტების დეპარტამენტის უფროსია.
ორ წელზე მეტია, რაც ეს თანამდებობა აქვს და კაბინეტის შეცვლაც მოასწრო. მის ოთახში სამი ადამიანი ზის. აქედან გამომდინარე, მუსიკის მოსმენას მხოლოდ ყურსასმენით ახერხებს. მაგიდაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრის ნაჩუქარი ნივთები უდევს. კედელზე სიგელები და სერთიფიკატები აქვს გაკრული. „თუ გასვლითი სამუშაოები არა მაქვს დილიდან გვიან საღამომდე ვარ კაბინეტში. ყავა არ მიყვარს, მაგრამ მისი დალევა მაინც მიწევს. ჩემი ოთახი ძალიან მომწონს…“
დათო გომართელი მერვე თვეა, რაც რადიო „აფხაზეთის ხმის“ დირექტორია და დიდ კაბინეტში ზის. მის მოწყობაში ნაწილობრივ მიიღო მონაწილეობა.
დიდად არ უყვარს კაბინეტზე ლაპარაკი, ჩვეულებრივი ოთახია თავისი ყველა საჭირო ატრიბუტიკითო. „საქმეების მოსაგვარებლად მოსახერხებელი ოთახია. თათბირები ჩემს კაბინეტში ტარდება. მჯდომარე ხელმძღვანელი არა ვარ, ვმოძრაობ.“ მატერიალური თვალსაზრისით ყველაზე ძვირფასი ნივთი დათოს კაბინეტში – ტელევიზორია, საჭიროების მიხედვით კი – სათვალე, რომლის გარეშეც დირექტორი ვერც წაიკითხავს და ვერც დაწერს. სახლიდან მოტანილი დისკების კოლექციით კაბინეტში ფონოთეკა მოაწყო. სხვათა შორის, ამ კოლექციიდანაც ჟღერს რადიო „აფხაზეთის ხმაში“ მუსიკა.
იხ. ფოტოკოლაჟი:
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N28-ის არქივიდან 2009 წ.)