ავტორი:ავთო ჩიტიძე
23 აგვისტოს ბაჰამის კუნძულებზე სამყაროს ლამაზმანი დასახელდა. სამყაროს ულამაზესი ქალის გვირგვინი, 18 წლის ვენესუელელმა ლამაზმანმა, სტეფანია ფერნანდესმა დაიდგა. „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსის დამაარსებლად, მულტიმილიარდერი, დონალდ ტრამპი ითვლება. ამიტომაც, ხშირად ხუმრობენ, რომ კონკურსზე ყველაფერი მილიარდერის გემოვნებით წყდება.
„მის სამყარო“ უფრო კომერციულ კონკურსად ითვლება, ვიდრე „მის მსოფლიო“. „მის სამყაროს “ გამარჯვებულს უფრო სერიოზული პრიზები და კონტრაქტები ელოდება. ტიტული, როგორც მის მსოფლიოზეა, აქაც ერთი წლის განმავლობაშია ძალაში.
სამხრეთამერიკული ფურორი
სილამაზის კონკურსის 58-ე ცერემონიალი „მის სამყარო“, სასტუმრო „ატლანტის პარადის აილენდში“ გაიმართა. წლევანდელ გამარჯვებულს სილამაზის გვირგვინი შარშანდელმა გამარჯვებულმა, ვენესუელელმა ლამაზმანმა – დაიანა მენდოზამ დაადგა. ვენესუელელი ლამაზმანის გამარჯვება არავის გაჰკვირვებია. ბოლო პერიოდში ამ ქვეყნის ხუთმა ლამაზმანმა სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში გაიმარჯვა.
ვიცე „მის სამყაროს 2009“-ის ტიტული დომინიკის რესპუბლიკის ლამაზმანს – ადე აიმი დე ლა კრუზს ერგო. საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ მის-ავსტრალია, პუერტო რიკო და კოსოვო. ცერემონიალის მთავარი სიურპრიზი, ამერიკული ტაბლოიდების ელიტურ ვარსკვლავად წოდებული ფოტომოდელი, ჰაიდი მონტ აგანის გამოჩენა იყო, რომელმაც სცენაზე სიმღერაც შეასრულა და ამით თავისი სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია მოახდინა.
კონკურსის სკანდალები
წლევანდელი მონაწილენი საკონკურსო სკანდალებით გამო ირჩეოდნენ. სინგაპურის წარმომადგენელს, 19 წლის რეიჩელ კუმს ლამის კონკურსანტის ტიტული ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა კონკურსამდე ორი თვით ადრე გადაღებული ფოტოები, სადაც ლამაზმანი სექს-შოპში ნაყიდი რეზინის თოჯინით ერთობა და მამაკაცის ფალოსის ფორმის სანთელს აქრობს ტორტზე.
მის-იაპონია მარინო მიატა საკუთარი სექსუალური ჩაცმულოით მსჯელობის საგანი გახდა. თავისი შოკისმომგვრელი კოსტიუმის წყალობით, რომლითაც მოდელი კონკურსის საუკეთესო კაბების ტურში უნდა გამოსულიყო, საკუთარ სამშობლოში დიდ სკანდალში გაეხვა. იაპონელები თვლიან, რომ გოგონამ შეურაცხყოფა მიაყენა მათ ქვეყანას. იაპონური კიმონო საერთოდ არ უფარავდა საცვლებს. იაპონელებს სურდათ, საკუთარი ლამაზმანი ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოსულიყო და არა მის პაროდიაში.
ლამაზმანი როზარიტა ტაივალი, რომელიც „მის ლიბანი 2008“ გახდა, „მის სამყაროს 2009“-ის კონკურსანტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ბოლო ეტაპზე ინტერნეტით მისი ეროტიკული ფოტოები გავრცელდა. გოგონა ირწმუნებოდა, რომ ეს ფოტოები მისი მეგობრის მიერ იყო გადაღებული და საჯარო გამოფენას მიზნად არ ისახავდა, მაგრამ თავის მართლებამ არ უშველა. ბოლო მომენტში ის მისმა ქვეყანამ „მის სამყაროზე“ აღარ წარადგინა და ბაჰამის კუნძულებზე ქვეყნის სახელი მარტინ ენდროუსმა დაიცვა.
„მის სამყაროს“ უფლებები
„მის სამყაროს“ ტიტულისთვის მებრძოლებს მკაცრი მოთხოვნები ჰქონდათ წაყენებული. მათ არ ჰქონდათ უფლება,სკანდალის გმირები ყოფილიყვნენ. კონკურსის რეგლამენტში მკაცრად იყო მითითებული – თუ მანამდე ვინმეს სექსუალური ფოტოსესია ჰქონდა გადაღებული, ის კონკურსზე აღარ დაიშვებოდა.
სასურველია, რომ კონკურსანტი არ ეწეოდეს. მკაცრი მოთხოვნაა – კონკურსანტი, არ უნდა იყოს დანიშნული და გათხოვილი. ასევე კონკურსანტი, დაბადებული უნდა იყოს ქალად. ტრანსვესისტები არ დაიშვებიან.
უიღბლო ქართველი კონკურსანტი იღბლიანი პატარძალი გახდება
„მის სამყაროს“ კონკურსზე ტრადიციულად, წელსაც არ გაუმართლა საქართველოს წარმომადგენელს, „ვიცე მის-საქართველოს“, 18 წლის ლიკა ორჯონიკიძეს. ის ვერც საუკეთესო თხუთმეტ გოგონაში შევიდა და კონკურსის მანძილზე სრულიად შეუმჩნეველი დარჩა. ინტერნეტში, სადაც კონკურსანტების სურათები უხვად იყო, ლიკას ფოტოს მოძებნა ძალიან ჭირდა. მისი პორტფოლიო არც კონკურსის საიტზე აღმოჩნდა.
ბაჰამის კუნძულებიდან ხელცარიელი დაბრუნებული ლიკა, ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ემზადება. ის მალე პატარძალი გახდება… ცოლად ყოფილ კალათბურთელ და კლუბური ცხოვრების მოყვარულ ირაკლი ორდენიძეს, იგივე „ჩხიროს“ მიჰყვება. წყვილი კონკურსის ჩატარებას ელოდებოდა, რათა თავიანთი სიყვარული უფრო აშ არა და კანონიერი გაეხადათ. ირაკლისთვის ის „მის სამყაროა“, ხალხისთვის კი, უბრალოდ, ლიკა ორჯონიკიძე.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N25-ის არქივიდან 2009 წ.)