მკვლელი ქოლესტერინი – ბუნებრივი ცხიმოვანი მასა – გულ-სისხლძაღვთა დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი

23:05 11-30-2016
484

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის ბოლოს ამბულატორიულ პოლიკლინიკებს გულ-სისხლძარღვთა პრობლემით 306 573 ადამიანმა მიაკითხა. აქედან 74 379 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2007 წლის მონაცემებით, 351 468 შემთხვევიდან 71 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ციფრებით კარგად ჩანს, რომ ავადობის შემთხვევები ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება. გულ-სისხლძაღვთა დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ადამიანის სისხლძარღვებში უადგილო ადგილას წარმოქმნის ცხიმოვან ეგრეთწოდებულ ათეროსკლეროზულ ფოლაქებს და მათ ავიწროებს.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მაღალქოლესტერინიანი საკვების მიღებამ და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ თვალსაზრისით?

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დიაბეტისა და დიაგნოსტიკური ცენტრების დირექტორს, ენდოკრინოლოგს, პროფესორ რა­მაზ ყურაშვილს ვესაუბრეთ.

– დღეს საქართველოში დაახ­ლოებით რამდენ ადამიანს აქვს კარდიო-მეტაბოლიური პრობლე­მა და აქედან არასწორმა კვებამ და ზედმეტმა ქოლესტერინმა, და­ახლოებით რამდენ ადამიანს შე­უქმნა პრობლემა?

– საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი შეიძლება დაავადდეს კარდიო-მეტაბოლური პათოლოგიით, აქედან ერთი ნაწილი იქნება მიდრეკილი პროფილაქტიკური მედიცინის მიმართ, მეორე ნაწილი, როგორც პაციენტები –მეორადი პროფილაქტიკის მიზნით. ჯანმრთელმა ადამიანმა პროფილაქტიკის მიზნით ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს ცხიმების რაოდენობა. შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს, მაგრამ სისხლში ქოლესტერინის დიდი რაოდენობა ჰქონდეს. სწორედ ამაში გამოიხატება ამ დაავადებების ვერაგობა, რომ არავითარი სიმპტომი არ აქვს. თითოეულმა დაავადებამ რომ წინასწარ გამოგზავნოს სავიზიტო ბარათი, მე მოვდივარო, მაშინ ადამიანი მომზადებული შეხვდება. მაღალი ქოლესტერინი ახასიათებს ათეროსკლეროზს, დიაბეტს, სიმსუქნეს.

კარდიო-მეტაბოლური დაავადებები დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ფართოდაა გავრცელებული, საქართველოში, რა თქმა უნდა, ისე არ არის. ამერიკაში 60-იანი წლებიდან ებრძვიან სიმსუქნეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაამარცხეს. სიმსუქნე ასოცირებულია კიბოსთან. ჭარბწონიან ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბო. წონის დაკლება მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.

საქართველოში ნაკლებად არის ინფორმირებული საზოგადოება სიმსუქნის შედეგებზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, პრესა ამ პრობლემით თითქმის არ ინტერესდება, სამაგიეროდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ათეროსკლეროზის პრობლემები ფართოდ შუქდება ტელევიზიითა და სხვა მედიასაშუალებებით. საქართველოში ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბავი რომ მოხდება, დიდ ამბავს ატეხენ და სამი-ოთხი დღე სულ იმას აშუქებენ.

სხვის პრობლემებს სჯობია, საკუთარი მოაგვარო. ხომ ხედავ, სახლი გეწვის! სატელევიზიო გადაცემა რომ გაკეთდეს და სპეციალისტები მიიწვიონ, ისაუბრონ თუნდაც ქოლესტერზე, ამით ხომ ბევრ ადამიანს გაუჩნდება ექიმთან მისვლის სურვილი, რათა მომავალში მოსალოდნელი გართულებები თავიდან აიცილოს. ზრდასრულ ადამიანებს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს დაწესებულებაში ბავშვებიც მოჰყავთ, რომლებსაც ჭარბი წონა და ხშირ შემთხვევაში დიაბეტი აქვთ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან ჭარბწონიანობის პრობლემით დაახლოებით ხუთი ბავშვი მოვიდა. რამდენიმე მათგანს წონის დასაკლები პრეპარატები დავუნიშნეთ.

– რატომ სუქდებიან ბავშვები?

– ეს ყველაფერი თავის ტვინიდან მოდის. მადის ცენტრი თავის ტვინშია და როცა ბავშვებს ჭარბი წონის პრობლემა აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გაღიზიანებული აქვთ ეს ცენტრი. სულ უნდათ, რომ ჭამონ. დედებმა ჯერ კიდევ ორსულობის დროს უნდა მიაქციონ ყურადღება ნაყოფის განვითარებას. როდესაც ნაყოფი ოთხ კილოგრამზე მეტი იბადება, მათ უმრავლესობას მომავალში სიმსუქნე ემუქრებათ, სიმსუქნე სხვა გამომწვევ დაავადებებთან ერთად დიაბეტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

– რა არის ქოლესტერინი?

– ეს არის ბუნებრივი ცხიმოვანი მასა. არსებობს „ცუდი“ და „კარგი“ ცხიმები. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, რომელსაც შემოკლებით LDL-C ეძახიან, ის თუ სისხლში დიდი რაოდენობით არის, სისხლძარღვებში იწყებენ მიმაგრებას და სისხლის მოძრაობას აფერხებენ. მისი სისხლძარღვთა სისტემაში დაგროვება კი იწვევს სხვადასხვა პრობლემებს, ერთ-ერთი ასეთი მიოკარდიუმის ინფარქტია, რომლის განვითარების შემთხვევაში სიკვდილიანობის რისკი მაღალია. ასევე, იწვევს თავის ტვინის ინსულტსა და მუცლის აორტის დაავადებას. რაც შეეხება „კარგ“ ცხიმებს, ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს (HDL-C), ჯანმრთელ ადამიანში ეს ცხიმები მაღალი უნდა იყოს, რადგან სისხლძარღვებს იცავს ცხიმოვანი ფოლაქებისგან. ასე რომ, „ცუდ“ ცხიმებს უნდა ებრძოლოს „კარგმა“.

ქოლესტერინს უნდა ვებრძოლოთ და ვუმკურნალოთ სამი ძირითადი მიმართულებით. პაციენტმა აუცილებლად უნდა შეცვალოს ცხოვრების წესი. თუ სიგარეტს ეწევა, აღარ უნდა მოწიოს, ასევე, თუ უმოძრაო ცხოვრებით ცხოვრობს, უნდა იმოძრაოს და თუ ბევრ სასმელს სვამს, რა თქმა უნდა, აღარ უნდა დალიოს. მკაცრად უნდა დაიცვას დიეტა და აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით. ასე რომ, ყველამ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები.

– რომელი პროდუქტი შეიცავს ბევრ ქოლესტერინს და რომელზე უნდა შეიკავოს თავი ადამიანმა?

– უნდა მოერიდოთ ცხიმიან ხორცს, საქონლის ტვინსა და შინაგან ორგანოებს, ასევე ძეხვეულს, არ ვარგა ბევრი პურის ჭამა, აუცილებლად უნდა აღკვეთოთ ზედმეტი მარილის მიღება. რაც შეეხება ტკბილეულს, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან უყვართ კრემიანი ნამცხვრები, ტორტი და ასე შემდეგ, უარი უნდა თქვან ამ სიამოვნებაზე, რადგან ამ პროდუქტებში დიდი რაოდენობით შედის ქოლესტერინი. ასე რომ, შეიყვარეთ ხილი და ბოსტნეული.

– რაც შეეხება ჰამბურგერებს, ჩისბურგერებსა და სწრაფი კვებ­ის პროდუქტს?

– „მაკდონალდსს“ თუ გულისხმობთ, გეტყვით, რომ მათ ჰქონდათ მაღალკალორიული ულუფები, ახლა გადახედეს თავიანთ სტრატეგიას და მე როგორც ვიცი, ამცირებენ კალორიულობას.

მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი კლინტონი ხშირად სტუმრობდა სწრაფი კვების ობიექტებს. ვერ გეტყვით, რომ მარტო „მაკდონალდსში“ დადიოდა, რადგან მსგავსი დაწესებულება ამერიკაში ბევრია. ერთგვარ პიარკამპანიაში ეთვლებოდა ასეთ დაწესებულებებში სიარული. მაღალკალორიული საკვების მიღებამ ექსპრეზიდენტს იშემიური დაავადება განუვითარა და მას შუტირება გაუკეთეს. ბუნებრივია, მას ექიმებმა აუკრძალეს ასეთ დაწესებულებებში სტუმრობა და ის იქ აღარ დადის.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N34-ია არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე