“სიმსივნური დაავადებები გამრავლდება და ყველა დაავადებას ვერც იწინასწარმეტყველებ, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება უჯრედს შლის და ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს“…
ავტორი: მარიტა დამენია
ოზონის ფენის მიმართ მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ყველას ეშინია, რომ გარემოს გამუდმებული დაბინძურების შედეგად, ერთ დღესაც, შეიძლება ის გაქრეს, რაც კაცობრიობისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება. ბუნების განადგურებაზე რომ აღარაფერი ვთქვ ათ, ასეთ შემთხვევაში ადამიანებს თავს იმდენი უცნობი და ნაცნობი დაავადება დაგვატყდება, რომ დიდხანს ვეღარ გავძლებთ. ოზონის ხვრელის პრობლემებზე საქართველოში ასტროფიზიკოსთა ჯგუფი მუშაობს, თუმცა მათი პროგნოზი ჯერჯერობით სანუგეშოა და კიდევ უფრო მეტად გასახარელია ის, რომ, ამ მხრივ, ყველაზე ჯანსაღი მდგომარეობა საქართველოშია. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ოზონს და რა პროგნოზები კეთდება ამ კუთხით, ამის თაობაზე უფრო დეტალურად ასტროფიზიკოს გოჩა დიდებულიძეს ვესაუბრეთ:
„ოზონის ფენაზე სისტემატური დაკვირვებები მთელმა მსოფლიომ 1957 წლიდან დაიწყო. ამ დროს ბევრი საერთაშორისო სადგური გაერთიანდა. ოთხმოციანი წლებიდან, ანუ იმ პერიოდიდან, რაც ანტარქტიდის თავზე გაზომვებმა აჩვენა, რომ ოზონის კონცენტრაცია მცირდებოდა, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საერთოდ, ოზონი – ეს არის ცოცხალი ორგანიზმების დამცავი ფარი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ამ გამოსხივებას ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების განადგურების უნარი აქვს, ზოგიერთ სხივს, მაგალითად, ფოთოლის გაქრობაც შეუძლია. ოზონის ხვრელმა ყველაზე საშიშ ზომებს 1986-87 წლებში მიაღწია. რამ გამოიწვია ეს, ბოლომდე ახსნილი არ არის. ამის შემდეგ ხვრელი პერიოდულად ფართოვდებოდა და იკლებდა, 2008 წელს ოზონის ხვრელი ისევ გაფართოვდა, წელს კი საგრძნობლად დაიკლო. არც ეს ფაქტორია ბოლომდე ახსნილი. თუმცა ზოგადად ოზონის ფენაზე ძალიან დიდია კარბონატებისა და ფრეონების გავლენა. ფრეონები ოზონთან შედის რეაქციაში და ჟანგვისმაგვარი პროცესი მიდის, შემდეგ ისინი ისევ გამოთავისუფლდება და ისევ შედის რეაქციაში, ანუ თვითონ ფრეონი არ იშლება და ამას ეძახიან კატალიზურ რეაქციას. ცუდი ისაა, რომ ოზონის კონცენტრაცია სამყაროში არც ისე დიდია, საშუალოდ, მილიონიდან ერთი კონცენტრატია. ოზონი უდიდეს ფუნქციას ასრულებს ცოცხალი ორგანიზმის დასაცავად“.
თუმცა, როგორც გოჩა დიდებულიძე ამბობს, ოზონის ფენის შემცირებაზე ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანური, ასევე კოსმოსური ფატორები:
„როცა მზის აქტივობა იმატებს, ამ დროს ხდება ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები და, შესაბამისად, ადგილი აქვს ოზონის ფენის შემცირებასაც, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, კოსმოსური ფაქტორები უფრო დიდია თუ ადამიანური. ყველაზე მეტად ოზონს წარმოება აზიანებს. ანტარქტიდის თავზე ოზონის უზარმაზარი ხვრელის გაჩენა სწორედ ადამიანურმა ფაქტორმა განაპირობა. ახლა უკვე წესდება გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, ცდილობენ, მაცივრების წარმოებაში ნაკლებად გამოიყენონ ფრეონი. ოზონის ფენა 30-60%-ითაც რომ შემცირდეს, კატასტროფის ტოლფასია და ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მილიარდები იხარჯება. საერთოდ, ოზონის წარმოქმნა-გაქრობაში 70-ზე მეტი რეაქცია მონაწილეობს და ყველა პროცესს ვერ გათვლი. შეიძლება, ისეთი მოვლენები განვითარდეს, რომ პროგნოზირებული არ იყოს. ისეთ ქვეყნებში, სადაც წარმოება განვითარებულია, სახელმწიფო მუდმივად უნდა აკონტროლებდეს გარემოს დაბინძურების დონეს. ასეთ ქვეყნებში უნდა იყოს ოზონომეტრები, CO 2-ის გამზომი ხელსაწყოები, მეცნიერულად უნდა იყოს გამოკვლეული, რა ხდება ატმოსფეროში. მაგალითად, სომხეთში რომ ატომური სადგურია, მან, წესით, არ უნდა იფუნქციონიროს, იმიტომ რომ იქ გამოყენებული სისტემა არასანდოა. რეალურად ეს სადგური უნდა გაჩერდეს, მაგრამ სახელმწიფო ვერ ახდენს მასზე ზემოქმედებას. ისე კი, მთელს მსოფლიოში მილიარდები იხარჯება იმისთვის, რომ წარმოება უსაფრთხო გახდეს და ოზონის ფენა გადარჩეს. თორემ სხვა შემთხვევაში სიმსივნური დაავადებები გამრავლდება და ყველა დაავადებას ვერც იწინასწარმეტყველებ, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება უჯრედს შლის და ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს“.
რაც შეეხება საქართველოს, რომ იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან გაუქმებულმა საწარმოებმა ქართული ცა ბევრად ჯანსაღი და სუფთა გახადა.
გოჩა დიდებულიძე: „საქართველოში არ არის ისეთი წარმოება, რომ ატმოსფერო განსაკუთრებით დაბინძურდეს, თუმცა ეს უკვე გეოგრაფიულ მდებარეობაზეცაა დამოკიდებული. დაბინძურება ზოგ რეგიონში დიდხანს ჩერდება, ზოგან კარგად გაიწოვება. საბედნიეროდ, ჩვენ უნიკალური რეგიონი ვართ, საჰარის უდაბნოს მტვერიც კი, რომელიც მთელს მსოფლიოში მიმოიფანტება, ჩვენთან ძალიან იშვიათად ხვდება. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში დაბინძურება მეტია. აი, გადავდივართ თუ არა ყაზახეთისკენ, იქ დაბინძურება იმატებს და ჩვენ თითქოს გარს გვივლის, ისეთი დინამიკაა. მაგალითად, ჩერნობილი რომ აფეთქდა, დაბინძურება წავიდა სკანდინავიისკენ და ჩვენთან შემოვიდა მეორადი ტალღა, თუმცა სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ წვიმები დაემთხვა. საქართველოს თავზე რომ ჯანსაღი ცაა, ეს კოსმოსიდანაც ჩანს და ამას კავკასიონი და შავი ზღვა განაპირობებს“.
ქართველი მეცნიერები აქტიური თანამშრომლობის დაწყებას აპირებენ შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებთან. განსაკუთრებით კი უკრაინასთან, რომ ამ რეგიონში ატმოსფერო კიდევ უფრო სუფთა და ჯანსაღი იყოს.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N37-ის არქივიდან 2009 წ.)