“მე ისეთი პატრიოტი ვარ, არამგონია ქართველის გარდა ვინმე მოვიყვანო ცოლად, მაგრამ გრძნობა ისეთი რაღაცაა… არაფერი არ არის გამორიცხული…”
ავტორი: მარი გულორდავა
შარშან ამ დროს ქართველ ხალხს იურმალაში გამარჯვება დუეტმა „ჯორჯიამ“ მოუტანა. მაშინ მაკაც და რატიც იურმალაში ძალიან პოპულარულები იყვნენ. როგორც ამბობდნენ, რატის ყარაულობდნენ კიდეც, რომ მას ქალებში არ ევლო. წელს კონკურსანტები იურმალაზე სტუმრის სტატუსით მიიწვიეს და დუეტმა „ჯორჯიამ“ საზეიმო კონცერტში მიიღო მონაწილება.
კონკურსის დაწყებიდან მესამე დღეს, მაკა საქართველოში ჩამოვიდა, რატი კი დარჩა და თან საპატიო მიზეზით – როგორ გვითხრა, მან იურმალაში სიყვარული იპოვნა.
-რატი, მაკა მარტო რატომ დაბრუნდა საქართველოში?
-არ ვიცი, ეს მაკას ჰკითხეთ. როგორც მითხრა, საქმეები ჰქონდა. მე მესმის მისი. ოჯახი აქვს მაინც. მე კი თავისუფალი მოქალაქე ვარ და შესაბამისად, დარჩენაც თავისუფლად შემეძლო.
-მაკა ორსულად ხომ არ არის?
-არა, არ ვიცი. ჩემთვის არაფ ერი უთქვამს. მგონი ჯერ არ აპირებს, რადგან კლიპებია გადასაღები და ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ვფიქრობ, ორსულობა ხელს შეუშლის.
-როგორ შეგხვდნენ იურმალაში? –
ვერ აგიწერ, ისე თბილად შეგვხვდნენ. ყველა გვეხვეოდა და გვკითხულობდა. იცი რა არის? თვითონ მუსიკალურ სფეროში არა, მაგრამ ხალხში ომის შემდეგ არის რაღაც ცვლილება. თუმცა ცდილობენ, რომ არ შეიმჩნიონ. ვარსკვლავები განსაკუთრებული სითბოთი შეგვხვდნენ. გავგიჟდი კრუტოის, რევზინის, ტუვცოვას, აგუტინის და პავლიაშვილის რეაქციაზე, როცა დაგვინახეს. როდესაც ვიმღერეთ, მოვიდნენ და გვითხრეს, სუნთქვა დაგვაწყებინეთო. არ ვიცი, რა იგულისხმეს. ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმდენად კარგად და არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, რომ მეტი არ შეიძლება. არ ვაჭარბებ, მართლა თან გვყვებიან.
– რატი, წელს რა შანსები გვაქვს?
– პირველი ადგილის შემდეგ ხუთეულში გასვლა საკმაოდ კარგი შედეგია. წელს ლიკას საკმაოდ სერიუზული და ძლიერი კონკურენტები ჰყავს. უკვე გამოკვეთილია სამი-ოთხი ლიდერი.
-ფანები როგორ დახვდნენ?
-იცით რა არის? იურმალა წლიური კონკურსია. როდესაც იმარჯვებ, იმ წელს ხარ აქტუალური და პოპულარული. შემდეგ თუ ეკრანზე არ ჩანხარ, ხალხს ავიწყდები, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, როდესაც ქუჩაში გავედი, დაახლოებით ათასი კაცი მომეხვია, ჩემთან ფოტოებს იღებდნენ და ავტოგრაფებს მართმევდნენ. ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვარ. შეიძლება ითქვას, მეორედ დავიბადე.
-მე ვიცი, რომ შარშან გოგოები პირდაპირ სასტუმროში გაკითხავდნენ. წელს რა ხდება, ვინმე არ გამოიჭირე?
-ოოო, ხომ იცი ქართველებს ქალები არასოდეს გვაკლია. არც მე ვარ გამონაკლისი. აქ ერთი გოგო ვიპოვნე და ისე კარგად ვარ მასთან, რომ მეტი არ შეიძლება. აქედან ჩამოსვლა აღარ მინდა, მეტი რაღა გითხრა.
-ე.ი. შესაძლებელია შეყვარებული რატი დაგვიბრუნდე?
-ახლა ისეთი აჟიტირებული ვარ, არაფერია გამორიცხული.
-და ვინ არის ჩვენი სარძლო?
-ოოო, ახლა ზედმეტებს ნუ მალაპარაკებ. ყველაფერი თუ კარგად განვითარდა და ისე მოხდა, როგორც ღმერთს სურს, აუცილებლად პირველს შენ გეტყვი, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან ჯერ არ გადავმხტარვარ.
-რატი, იურმალას შემდეგ ქართველი კონკურსანტები თხოვდებიან. წელსაც არაჩვეულებრივი კონკურსანტი გვყავს და რატომღაც ჩავთვალე, რომ შენი სიყვარულის ობიექტი ლიკაა.
-გეთანხმები, ჩვენი გოგოები იურმალას შემდეგ გათხოვდნენ. მაგრამ ჩემსა და ლიკას შორის არაფერი ხდება. მასთან ვმეგობრობ და ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი.
-ძალიან კარგი, შენი რჩეული რა ეროვნების არის?
-უკრაინელია.
-როდის გაიცანი?
-მაგას არ გეტყვი. მარი, იცი რა არის? ახლა ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელ. ჩემთვის პრიორიტეტული ქართველი ქალებია. მე ისეთი პატრიოტი ვარ, არამგონია ქართველის გარდა ვინმე მოვიყვანო ცოლად, მაგრამ გრძნობა ისეთი რაღაცაა, წინ ვერაფრით აღუდგები.
-და შეიძლება უკრაინელიც მოიყვანო ცოლად?
-არაფერი არ არის გამორიცხული, როცა ადამიანი შეყვარებულია. თან ჩემი რჩეული გოგონა ძალიან თბილია, რაც მომწონს და მიზიდავს კიდეც მასში.
-გასაგებია. ე.ი. სითბოთი შეგაბა?
-ასეა. ქალში მარტო ვიზუალურ მხარეს არ ვაფასებ. რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე უნდა იყოს ლამაზი, მაგრამ გარდა გარეგნული ხიბლისა, შინაგანი ხიბლიც უნდა ჰქონდეს, რაც მამაკაცს მასთან ყოფნის სურვილს გაგიჩენს.
-საქართველოში ხომ არ აპირებ შენი ახალი სიყვარულის ჩამოყვანას?
-ჯერჯერობით არა. არ გვაქვს ისეთი სერიოზული ურთიერთობა. ჯერ ჩემთვის პრიორიტეტული ქართველი ქალებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი. არაფერი არ არის გამორიცხული…
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N21-ის არქივიდან.2009 წ.)