თინეიჯერების ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის „ფრანის“ სოლისტი, გაგა ჩიხლაძე მშობლიურ ქუთაისს დაუბრუნდა. დიდი ხნის მცდელობის მერე ოჯახი დაიყოლია და საცხოვრებლად ცისფერყანწელების ქალაქში გადაბარგდა. მუსიკოსი 33 წლის გახდა. აქედან 16 წელი მშობლიურ ქუთაისში გაატარა, 16-იც – თბილისში.
– გაგა, ქუთაისის რიგი დადგა თუ…
– ქუთაისის რიგი სულ იყო. პროფესიიდან გამომდინარე მომიწია მშობლიური ქალაქის დატოვება. თეატრალური უნივერსიტეტი ქუთაისს არ ჰქონდა. მე მსახიობობა მინდოდა. ამიტომაც მოგვიწია განშორება. ვისწავლე, მერე შეიქმნა „ფრანი“, შევქმენი ოჯახი და შევრჩი თბილისს. ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ვეძებდი მიზეზს, რომ ჩემი კუთხე შემექმნა, ისეთი, სადაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი. ნელ-ნელა, ხვეწნით, თხოვნით დავიყოლიე ოჯახიც, ჩემი შვილი თომა გადმოვიყვანე იმ სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, მე, ჩემი და, მამაჩემი და დედაჩემი დღემდე პედაგოგია. ასე რომ, ჩემს საოჯახო ქუთაისურ ისტორიას ვაგრძელებ.
– მეუღლე როგორ დაითანხმე, ანი ხომ მსახიობია…
– გორის თეატრის მსახიობია. მაინც არ იყო თბილისში. დარბოდა გორში. ახლაც არ შეიზღუდება, ივლის რეპეტიციებზე და სპექტაკლებზე, როგორც მე მომიწევს „ფრანის“ გამო თბილისში ჩამოსვლა. ქუთაისიდან უფრო მარტივია საქართველოში მოხეტიალე ადამიანისთვის მოძრაობა. ქუთაისი საქართველოს გულია. ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი დაბრუნდა თბილისიდან ამ ქალაქში. სულ რომ არაფერი გამეკეთებინა, გადაიტვირთა თბილისი ძალიან, ყველა თბილისში მიდის…
– მოკლედ, ჩამოსულები მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდით?
– (იცინის) მშობლიურ ქალაქს. სანამ თბილისს დაესიზმრებოდა დედაქალაქობა, ეს ქალაქი იყო დედაქალაქი.
– როგორც ვხვდები, „ფრანი“ არსად არ წასულა. შენ მიატოვე თბილისი…
– „ფრანი“ თბილისური ჯგუფია და ვერსად ვერ წავა. ჯგუფის ყველა წევრი თბილისელია, ჩემ გარდა. მეც „ფრანის“ ნაწილი ვარ და ხშირად მომიწევს ამ ჯგუფის სიყვარულით რეპეტიციებსა თუ კონცერტებზე დედაქალაქში ჩამოსვლა.
– შენ ისეთ პიარს აკეთებ, შეიძლება თბილისელებიც დავირაზმოთ და ჩამოვიდეთ ქუთაისში…
– მერე ჩამოსულებმა არ დაგვღალოთ, უბრალოდ (იცინის).
– სტუმრად, გაგა, სტუმრად…
– სტუმრად კი, ბატონო. ქუთაისელებს, ხომ იცით, მეთერთმეტე მცნება აქვთ – სტუმრის პატივისცემა.
– ღვინის გალერეა გახსენი ქუთაისში…
– ღვინის გალერეა – „საწნახელი“ გავაკეთეთ მეგობრებმა. სახელი მე შევურჩიე. ერთი ადამიანი ხომ ვერ წურავს ღვინოს საწნახელში. რამდენიმე ადამიანი სჭირდება, რომ საერთო ნაწარმი მიიღო. ასე რომ, გავერთიანდით მეგობრები და გაბედული ნაბიჯი გადავდგით. თავიდან ყველა გვეუბნებოდა, სარისკოა, ღვინით ვერავის გააკვირვებო. ასე ეგონა ყველას, მაგრამ ღვინო ისეთი მცნება აღმოჩნდა ჩემთვის, დიდი გარდატეხა მოახდინა და დაუფიქრებლად გადავწყვიტე, რომ უნდა ჩამოვსულიყავი. მთელი ცხოვრება არ გეყოფა ადამიანს, ღვინო რომ შეისწავლო. მინდა, კვალიფიკაცია ავიმაღლო. ღვინის სკოლაც მინდა გავხსნა ქუთაისში. საქართველოში 80%-მა ღვინო არ იცის. მეც იმ 80%-ში შევდივარ. მოყვარულის დონეზე ვარ, მაგრამ ახლა, პრაქტიკიდან გამომდინარე, რაღაცები ვისწავლე. 4 თვეა, რაც გალერეა გავხსენით. ეს არის საოჯახო მარანი. მოვიარე საქართველოს ყველა კუთხე და ოჯახებიდან ჩამოვიტანეთ ღვინო. ვისაც ბოთლებში ჰქონდა ჩამოსხმული ქვევრის ღვინო, ყველას ვეუბნებოდი, თქვენთვის ვხსნი ამ სივრცეს-მეთქი. ფაქტობრივად, ტურნე მქონდა. შემოვიარე ყველა მარანი. ასამდე ღვინის სახეობა მაქვს.
– სამზარეულო?
– სამზარეულო არ მაქვს. ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ყველაფერი ქართული და ოჯახურია ჩვენთან.
– გსტუმრობენ პარლამენტარები?
– კი, პარლამენტარებიც, ევროკავშირიც, ელჩებიც.
– როგორი მუსიკა გაქვთ?
– გააჩნია, რა მაქვს დალეული იმ დღეს (იცინის). პროფესია შეიცვალეო, მეუბნებიან, თორემ გალოთდებიო. რა ვქნა, დეგუსტატორი ვარ ამ მარანში. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ტურისტებთან ურთიერთობა. მხოლოდ ღვინოზე არ ვესაუბრები მათ, საქართველოს ვაცნობთ… მუსიკას რაც შეეხება, მშვიდია, საღამოობით ვიოლინო უკრავს, კლავიში, ხან „გაგა-ფრანი“ გიტარით. ჩვენი ღვინის გამოშვებასაც ვაპირებთ, რთველს ველოდებით. ასე რომ, ახლა უკვე ორი სახელი მაქვს, ხან „ფრანს“ მეძახიან, ხან – „საწნახელს“.
– ვინ ან რა დაგრჩა თბილისში, რაზე გწყდება გული?
– არაფერზე, იქიდან გამომდინარე, რომ არსაიდან არ წამოვსულვარ. ქართველი ვარ, რომელსაც უყვარს თბილისი. უბრალოდ, ახლა მეტ დროს ქუთაისში გავატარებ. ადრე ქუთაისი მენატრებოდა, ახლა თბილისი მომენატრება. ზაფხულში თვეების გატარება მომიწევს თბილისში. „არტგენის“ ფესტივალი იწყება. ახალი შემოთავაზება მივიღე, ფოლკლორულ მხარეს მე გავუძღვები, როგორც წამყვანი. პატივი დამდეს. ეტყობა, 33 წლის რომ გავხდი, მეკუთვნის, ალბათ (იცინის).
– რატომ, ქრისტეს ასაკში ხარ?
– ეგეც და ჯგუფი „33 ა“… ეს ხომ მარტო ჯგუფი არაა, მთელი გაერთიანებაა, რაც ნიაზმა შექმნა. ადრე ქუთაისში მოვდიოდი ხოლმე ზაფხულობით, ახლა თბილისში დავისვენებ. და, ზოგადად, დაასვენონ თბილისი ჩამოსულებმა, კარგი იქნებოდა.
– „ფრანის“ გეგმებიც მომიყევი…
– რადგან ვიზალიბერალიზაცია შეგვეხო, დავიწყეთ მუშაობა ევროტურზე. გვინდა, ქართველ ემიგრანტებს მოვეფეროთ.
– მგონი, დროა, თბილისშიც გამართოთ კონცერტი, თორემ მოდუნდნენ ფანები…
– მთავარია, „ფრანები“ არ მოდუნდნენ… ჩვენ არ ვდუნდებით, უბრალოდ, ქარს ველოდებით ხოლმე. ქუთაისში უკეთესი ქარია, უფრო მარტივია ფრენა. ზოგადად, მგონია, რომ ხელოვანმა ადამიანებმა პერიოდულად გარემო უნდა შეიცვალონ. ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი საქმისთვის ეს იდიალური გარემოა. ბედნიერი და გახარებული ვარ. მიყვარს თბილისი, მაგრამ ქუთაისელი ვარ. დიდი ცვლილებები უნდა მოვახდინოთ ქუთაისში. ეს ქალაქი უნდა გამოვაცოცხლოთ, უნდა ეტყობოდეს, რომ ცხოვრება დუღს. ბოლოს და ბოლოს, ცისფერყანწელების ქალაქში ვართ. ჩემს ქალაქს ვჭირდები. გელოდებით ქუთაისში. მადლობა „პრაიმტაიმს“
ინტერესისთვის.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“










