“თმის სოკოს გადადება სავარცხელთან ერთად სხვადასხვა ნივთებითაც ხდება. პირველ რიგში საშიშია მაკრატელი, სავარცხელი, პირსახოცი და სავარძელი”…
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშივლი
სილამაზის სალონებში დაცულ ჰიგიენურ ნორმებს სანიტარული სამსახური ხშირად უნდა ამოწმებდეს. მისი გაუქმების შემდეგ კი, სალონებს აღარავინ აკონტროლებს.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ლამაზი ვარცხნილობის გაკეთებას ან თმის შეჭრას? როგორ უნდა ავიცილოთ იგი თავიდან? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სალონში და რა უნდა მოვთხოვოთ პარიკმახერს? ლელა ლომიძე, ექიმი-დერმატოლოგი:
„არსებობს თმის დაავადებები: ზერელე და ღრმა ტრიხოფიტია, რუბროფიტია და მიკოსპორია, რომლებიც თმის ღერისა და კანის სოკოვანი დაავადებებია. ისინი სტილისტის ინსტრუმენტებით გადადის. ხშირ შემთხვევაში ეს არამარტო პარიკმახერებისთვის, არამედ კლიენტისთვისაც შეუმჩნეველია. ყველაფრის თავი და თავი სალონებია. დაავადებული თმის ერთი ღერიც რომ დარჩეს სავარცხელში, თუ მისი სტერილიზაცია არ მოხდება, სოკოვანი დაავადება ყველა იმ ადამიანს გადაედება, რომლებსაც იმავე სავარცხლით დავარცხნიან. დაავადების შანსი 100%-ია.
თმის სოკოს გადადება სავარცხელთან ერთად სხვადასხვა ნივთებითაც ხდება. პირველ რიგში საშიშია მაკრატელი, სავარცხელი, პირსახოცი და სავარძელი. როდესაც დაავადებულ თამას ჭრიან, სპორები, რომლებიც თმის ღერში ცხოვრობენ მაკრატელზე გადადის, ამ მაკრატლით სხვასაც თუ შეჭრიან თმას, მასაც გადაედება. ასევე საშიშია მატერიაც, რომელსაც თმის შეჭრის დროს უკეთებენ სალონში და პირსახოცი, რითიც თმას ამშრალებენ. დაუშვებელია ერთი პირსახოცით რამდენიმე ადამიანისთვის თმის შემშრალება, შემდეგ მზეზე გაშრობა და ხელახლა გამოყენება. პირსახოცმა უნდა გაიაროს თერმული დამუშავება, გაირეცხოს 40 გრადუს ტემპერატურაზე(ან მეტზე). თუ გააუთოვებენ ესეც კარგი იქნება.
ბევრ სხვა „სიკეთესთან“ ერთად ძალიან დიდია დატილიანების ალბათობაც. სტილისტმა თუ შენიშნა ჩირქოვანი არე, ქერცლი და სხვა საეჭვო ანთებითი კერა, კლიენტს თმა არ უნდა შეჭრას და დერმატოლოგთან წასვლა უნდა ურჩიოს. რაც შეეხება მაკრატლის და სავარცხლის დეზინფექციას, სავალდებულოა მათი ანტისეპტიკურ ხსნარში და მუშავება. მაკრატელი, სავარცხელი და თმის შეჭრისთვის საჭირო სხვა ინსტუმენტები, საპნიან წყალში უნდა გაირეცხოს, ამის შემდეგ გამდინარე წყალში კიდევ ერთხელ კარგად უნდა გაივლოს, კარგად გამშრალდეს და ამის შემდეგ ჩაიდოს ,,ლიზოფორმის“ 2-3 %-იან ხსნარში.
– თმის დაავადებას კიდევ როგორი გამოვლინება აქვს?
– სოკოვანი დაავადების სხვადასხვა გამოვლინებები არსებობს. მაგალითად, ძლიერი ქავილი, რასაც მოჰყვება ალოპეცია. ასეთ დროს სოკოვანი სპორები ვითარდება და იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას. როდესაც ჩირქოვანი კერებია, უკვე სერიოზულ პრობლემაა. ეს პროცესი ძალიან ძლიერი ქავილის ფონზე მიდის. ზოგიერთი სოკოვანი დაავადების დროს თავის კანი გაწითლებულია. რაც შეეხება თმების შეღებვას, ძალიან ხშირად მომმართავენ პაციენტები სახის შეშუპებით და სხვადასხვა ალერგიული ფონით.
სანამ თმებს შეიღებავთ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ხელზე სინჯი. თუ საღებავმა რეაქცია გამოიწვია და კანის ის მონაკვეთი გაწითლდა, ამ საღებავით თმების შეღებვა დაუშვებელია.
– როგორ ავიცილოთ ეს გართულებები?
– სალონში შესვლისთანავე უნდა მოვიკითხოთ არსებობს თუ არა ანტისეპტიკური ხსნარი ან მშრალი დეზინფექციის აპარატი. ხსნარს, რომლითაც ინსტრუმენტების დამუშავება ხდება, აუცილებლად უნდა ეწეროს დამზადების თარიღი.
სალონი „ბელისიმა სეკრეტი“:
– რამდენი პირსახოცი გაქვთ?
– 40 ცალი.
– ერთი პირსახოცით რამდენ ადამიანს უმშრალებთ თმას?
– ერთ ადამიანს და მერე ირეცხება.
– რამდენი მაკრატელი აქვს ერთ სტილისტს?
– „ხელოსნებს“ ორ-ორი მაკრატელი აქვთ. მამაკაცისთვის ცალკე და ქალისთვის ცალკე.
– თუ უკეთებთ დეზინფექციას მაკრატლებს და სავარცხლებს?
– სტერილიზატორი გვაქვს და ვუტარებთ სტერილიზაციას. მშრალი სტერილიზაციის აპარატიც გვაქვს.
– ერთი დღის განმავლობაში რამდენჯერ ახდენთ ინსტრუმენტების სტერილიზაციას?
– ყოველ საღამოს ვასტერილებთ.
სილამაზის სალონი „მაგნოლია“:
– რამდენი პირსახოცი გაქვთ?
– ოცამდე გვექნება.
– ერთი პირსახოცით რამდენ ადამიანს უშრობთ თმას?
– ერთ ადამიანს. მერე ვრეცხავთ.
– შეგიძლიათ მაჩვენოთ პირსახოცები?
– „ახლა ყველა გასარეცხად აქვთ წაღებული.
– სავარცხელს და მაკრატელს დეზინფექციას უკეთებთ?
– არა. ჯერ არ შეგვიძენია ხსნარი და დანადგარი. დაახლოებით ერთი თვეა, რაც გაიხსნა სალონი და…
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N31-ის არქივიდან 2009 წ.)