ავტორი: ავთო ჩიტიძე
სახეშეცვლილი ქალები ეს ფრაზა დღეს ბევრ წარმატებულ ქალს მიესადაგება. კარიერის საწყის ეტაპზე ისინი სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ. ახლა კი უმეტესობამ საკუთარი თავის უკეთ შეფუთვა ისწავლა.
თამთა ჭელიძეს კეხიანი ცხვირი ენატრება
თამთა ჭელიძე ქართულ შოუ-ბიზნესში აქტიურად 10 წლის წინ გამოჩნდა. საზოგადოებამ ის სულ სხვა სახით გაიცნო – კეხიანი ცხვირით, წაბლისფერი თმით და სახასიათო სახის ნაკვთებით. ახლა კი მომღერალი და მსახიობი წითური თმით, პლასტიკური ცხვირითა და სრულიად შეცვლილი მიმიკებითაა. „მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში აქტიურად გამოვჩნდი, გარეგნულად ძალიან შევიცვალე, მაგრამ შინაგანად – ნაკლებად. თუმცა ქმართან დაშორების შემდეგ, უფრო ძლიერი ქალი გავხდი. მივხვდი, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დამეწყო. მებრძოლა საკუთარი თავისთვის და შვილისთვის. როცა მარტო აღმოვჩნდი, ცხოვრების მთელი სიმძიმე საკუთარ მხრებზე ავიღე“.
თამთამ პირველი ცვლილება, რაც გარეგნობაში შეიტანა, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია იყო. მას შემდეგ თამთა სულ სხვა იერის გახდა. ამას ისიც ემატება, რომ თითქმის ყველა სეზონზე თმის ფერს და ვარცხნილობას იცვლის. „ჩემი პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სამსახიობო პროფესიას უკავშირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემი თავი არ მომწონს. უბრალოდ, იმ ცხვირით თეატრში და კინოში როლებით შევიზღუდებოდი. თუმცა თეატრალურში სწავლისას ჯგუფის რეჟისორი მეუბნებოდა, რომ არ გამეკეთებინა ოპერაცია, რადგან ასე უფრო საინტერესო, სახასიათო სახე გაქვსო. ხანდახან ვნანობ და მენატრება ჩემი ძველი ცხვირი. რაც წლები გადის, მით უფრო ვხვდები, რამდენად სხვანაირი ვიყავი იმ პერიოდში, სანამ პლასტიკას გავიკეთებდი. ძველ სურათებს ყოველთვის სევდიანად ვათვალიერებ. მომენატრა „ძველი“ თამთა. რაც შეეხება თმას, თითქმის ყველა ფერი მაქვს მოსინჯული ლურჯისა და მწვანის გარდა. ახლაც შევიცვალე თმის ფერი – წითელში გადასული ღია წაბლისფერი მაქვს და მოკლედაც შევიჭერი. ჩემი იმიჯის შეცვლა ძალიან პირადულია. ვარცხნილობისა და ფერის შეცვლა ჩემთვის ყოველთვის სიახლის ან დეპრესიის მანიშნებელია. საბედნიეროდ, ახლა დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ.“
თამთა არც მომავალში გამორიცხავს, რომ კიდევ შეიძლება სახე და იერი შეიცვალოს. „ბევრი ფული რომ მქონდეს, უამრავ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებდი. არავის არ მინდა დავემსგავსო. უბრალოდ, მინდა, რომ უფრო უკეთესი და უკეთესი ვიყო.“
პუტკუნა ნინადან „ფლეიბოის“ ვარსკვლავამდე
ნინა საზოგადოებაში 6 წლის წინ გამოჩნდა. გრძელი, ქერა თმებით, ფერ-ხორციანი, თხელი ტუჩებითა და დიდი იმედებით. დღეს კი ნინა სექსუალური ქალის იმიჯით, წონაში დაკლებული, მოკლე თმით, დაბერილი ტუჩებით და მტაცებელი ქალის მზერითაა. „რაც თავი მახსოვს, მუდმივად წონის პრობლემა მქონდა. როგორც იქნა, ის ზედმეტი კილოგრამები, რომელსაც ყოველთვის ვებრძოდი, წარსულში დავტოვე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიეტაზე აღარა ვარ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვინარჩუნებ სასურველ წონას. იმ ნინაზე, რომელიც პირველად გამოჩნდა, 10 კილოთი გამხდარი ვარ და ძალიან მომწონს. უარი ვთქვი ცომეულზე და ღამით ჭამაზე. დანარჩენი შეზღუდვები არ მაქვს.“
ნინამ გარეგნობაში ბევრი რამ შეცვალა, გარდა თმის ფერისა. ის სტაბილურად ქერაა. „ვფიქრობ, ქერა თმას ყველაზე კარგად ვიხდენ. რამდენჯერმე სხვა ფრად შევიღებე, მაგრამ ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ ავიტანე და კვლავ ქერა გავხდი. უბრალოდ, რაც მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ მოკლე თმა ბევრად კომფორტული და პრაქტიკულია. ამიტომ, დიდხანს არ მიფიქრია და ჩემი ტრადიციული გრძელი თმა შევიჭერი.“ ნინა აცხადებს, რომ მხოლოდ ზედა ტუჩი აქვს დაბერილი, თუმცა, როცა მის ძველ ფოტოებს ათვალიერებთ, ცხვირის სხვანაირი ფორმაც თვალში საცემია. ცხვირის პლასტიკას მომღერალი კატეგორიულად უარყოფს.
„არა, ცხვირი გაკეთებული არა მაქვს, მაგრამ პლასტიკას სიამოვნებით გავიკეთებდი. რამდენიმე ქირურგთანაც ვიყავი, მაგრამ ხელი არ მომკიდეს და უკან გამომაბრუნეს. მითხრეს ეს ახირებაა და არაფერი გაქვს შესაცვლელიო. ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ სწორი მაკიაჟის გაკეთება ვისწავლე. ამიტომაც, ახლა ბევრად და ხვეწილად გამოვიყურები, ვიდრე 6 წლის წინ.“ როცა ნინა თავის ძველ ფოტოებს უყურებს, გულიანად იცინის.
„მეცინება ჩემს გაწეწილ თმაზე, ჩემს ძველ სიმღერებზე. მეცინება იმაზე, რომ ადრეც გამხდარი მეგონა თავი და სინამდვილეში კარგი პუტკუნა ვყოფილვარ. მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სახე კიდევ შეიცვალოს. როგორც კი პატარა ნაოჭები გამოჩნდება, მაშინვე დავუწყებ ბრძოლას და ყველანაირ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ ამისთვის. ვიცი, რომ მომავალში უფრო მეტად მოვლილი ქალი ვიქნები. გადაწყვეტილი მაქვს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეფექტური და მოწესრიგებული ვიყო.“
ნინო ბურჯანაძე მარგარეტ ტეტჩერიდან ტუტსიმდე
ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში ტალღოვანი თმით, უკან შეკრული კიკინით და სამკუთხა ფორმის, წაგრძელებული სათვალეებით გამოჩნდა. ძველი ნინოსგან ახლა მარგალიტები და ძვირფასი ქურქებიღა შემორჩა. შევარდნაძის გვერდში დგომისას ნინო გაშლილ, მხრებამდე შეჭრილ თმებს ატარებდა. სააკაშვილის გვერდში დგომისას მოკლე ვარცხნილობა აირჩია და ნელ-ნელა ცნობილ კინოგმირს, ტუტსის დაემსგავსა. ოპოზიციაში ატქიურობისას მნიშვნელოვანი სახეცვლილება არ განუცდია. სახის კანს საგულდაგულოდ უვლის და სათვალის ფორმასაც გემოვნებით არჩევს. თუმცა ქალი, რომელსაც სწორება მარგარეტ ტეტჩერზე ჰქონდა, ტუტსის ქართული ორეული გახდა.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N24-ის არქივიდან 2009 წ.)