“აქ ადამიანი და ოჯახი უფრო წინაა წამოწეული. სამწუხაროდ, ამერიკაში დღეს ბევრისთვის გუჩი და ლუი ვიტონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები”…
ავტორი: ლევან ღვინიანიძე
როცა 26 აგვისტოს თამაშის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა, ტაირონ ელისი კი საჯარიმოებს ისროდა, 11.000 მაყურებელი მის გვარს სკანდირებდა. ეს იყო ემოცია, რომლის განცდასაც ნებისმიერი სპორტსმენი ინატრებდა…
„დამბურძგლა და ლამის კონცენტრაცია დამეკარგა! ეს ჯერჯერობით ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტი იყო. რაღაცით გადამავსო და ამაღელვა. ამან მაჩვენა, რომ ქართველებმა ბოლომდე როგორც შინაური, ისე მიმიღეს, რომ მათ დააფასეს ჩემი შრომა და ჟინი, რომლითაც ნაკრებში ჩატარებულ ყოველ მატჩს ვუდგები. ქართველობა ჩემთვის მხოლოდ პასპორტი არაა. მე მიყვარს ჩემი გუნდი და თავს ქართული საზოგადოების ნაწილად ვგრძნობ. სკანდირებამ საოცარი ემოციები მომიტანა, თავიდან ბედნიერი ვუსმენდი და შემდეგ საკუთარ თავს კონცენტრაცია ვაიძულე. არარეალური განცდა იყო.“
ტაიმის ოთხივე საჯარიმო ზუსტად ისროლა, მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე იბრძოლა და საუკეთესო მოთამაშედაც სამართლიანად დაასახელეს.
„საუკეთესო მოთამაშედ დასახელება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუმცა მთავარი მაინც გუნდის წარმატებაა. მე გუნდის კაცი ვარ და ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, როცა ბოლო წამებზე გუნდელები მენდნენ და მითხრეს, „ტაი, მიდი, ბურთი შენ უნდა აიღოო.“ თუმცა, მეორე მხრივ, მართლა მადლობელი ვარ. გამიხარდა, რომ ერიკამ ჩემი სურათების გადაღება შეძლო მვპ-ს ჯილდოთი და სიამაყის საბაბი მიეცა.“
ტაირონ ელისი საქართველოში პირველად 4 წლის წინ გამოჩნდა და მალევე გულშემატკივრების ერთ-ერთ უსაყვარლეს მოთამაშედ იქცა. მეც, შვებულებაში გასული, ჟურნალისტურ საქმიანობას ერთადერთი სურვილით დავუბრუნდი – სულ მინდოდა ტაირონთან გასაუბრება და ახლა ამისთვის საუკეთესო მომენტი იყო. ტაის და მის მეუღლეს, ერიკას სასტუმრო „სიმპატიაში“ მატჩის მეორე დილას შევხვდი…
„კალათბურთის თამაში 4-5 წლისამ დავიწყე. როგორც მშობლები მეუბნებოდნენ, ძალიან მიზანსწრაფული ვიყავი. მნიშვნელობა არ ჰქონდა რას ვთამაშობდი – კალათბურთს, ბეისბოლს თუ ამერიკულ ფეხბურთს, წაგება ყოველთვის მატირებდა. ბავშვობიდან ასე ვიყავი. კალათბურთს ვთამაშობდი სკოლაშიც და კოლეჯშიც, თუმცა კოლეჯში თავდაპირველად მაინც უფრო განათლების მისაღებად ჩავაბარე. ისე მოხდა, რომ პარალელურად ჩემი კალათბურთის თამაშით ხალხი დაინტერესდა. მირეკავდნენ და მირჩევდნენ, პროფესიული კარიერა დამეწყო. შედეგად ის მივიღე, რომ წელს ჩემი მე-9 წელია პროფესიულ დონეზე. მახსოვს ის განცდა, რაც ბავშვობაში მამასთან ერთად, ტელევიზორში კალათბურთის ყურებისას მეუფლებოდა. ხშირად ვუყურებდი „ბულზის“, ბოსტონისა და ლეიკერსის თამაშებს, მიყვარდა ეს თამაში. ჩემი საყვარელი მოთამაშეები ლარი ბერდი და მაიკლ ჯორდანი იყვნენ. ყოველთვის მაოცებდა ის, თუ როგორ ისროდა ბურთს ბერდი და როგორ დაფრ ინავდა ჯორდანი.“
ალბათ, ნებისმიერი ამერიკელი ბიჭი, რომელსაც კალათბურთის თამაში კარგად გამოსდის, NBA-ში მოხვედრაზე ოცნებობს… რა არის მთავარი დაბრკოლება ამ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე?
„რა თქმა უნდა, NBA საოცარი სამყაროა. თუმცა იქ მოხვედრა მხოლოდ ნიჭზე არაა დამოკიდებული. ეს ერთგვარი პოლიტიკაა. ბევრი რამ უნდა დაემთხვეს, რომ იქ მოხვდე. ასოციაციაში მოხვედრის მხოლოდ მცირე შანსი არსებობს და მისთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაა საჭირო. ხშირად ხდება ისეც, რომ ბიჭებს დრაფტზე ირჩევენ და შემდეგ მათი კარიერა დაღმა მიდის, როგორც ხვდებიან იქ, ისევე უწევთ მისი დატოვება. ბიჭები კი, რომლებიც შეიძლება ადრე არც თუ ისე კარგად თამაშობდნენ, დროთა განმავლობაში საოცარ კარიერას იკეთებენ NBA-ში. ჩემთვის NBA დიდი ოცნება იყო, თუმცა ახლა მთავარი ოცნება და მიზანი ჩემს ოჯახზე ზრუნვაა და დიდად არ ვანსხვავებ, თუ სად მომიწევს თამაში ამის მისაღწევად. თან ევროპა ერიკსაც და მეც ძალიან გვიყვარს, ესპანეთში თავს ბედნიერად ვგრძნობთ.“
– გაიხსენე, როგორ დაიწყო შენი ქართული ისტორია.
„გორდონ ჰერბერტი, რომელიც ჩვენს ნაკრებს 4 წლის წინ წვრთნიდა, კლუბშიც ჩემი დამრიგებელი იყო. მასთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი მოვიგე და როცა მან საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სვლა იყო. მე ამ სვლით გავიცანი ახალი ქვეყანა და გავეცანი საერთაშორისო კალათბურთს, რაკი კლუბში და საქართველოს ნაკრებში თამაში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კლუბში გაქვს ლიგა, სადაც სტაბილურად მართავ თამაშებს უკეთესი ადგილის დასაკავებლად, ნაკრებში თამაშით კი მთელ ქვეყანას წარმოადგენ. მე აქ შევხვდი პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, გავიცანი ქვეყანა და შემიყვარდა იგი. მე ძალიან ამაყი ვარ, როცა საქართველოს ნაკრების ფანებს ვუყურებ და მათგან კეთილ ემოციებს ვიღებ.“
– საქართველოს ნაკრებთან 4 წლიანი კონტრაქტი გაკავშირებდა. წელს შენს მეოთხე ქართულ სეზონს ატარებ. საინტერესოა, მომავალ წელს თუ აპირებ ნაკრებში თამაშს?
„ჩემთვის კონტრაქტი მანამ იყო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნაკრებს კარგად გავიცნობდი და თავს მის ნაწილად ვიგრძნობდი. დღეს შემიძლია გითხრა, რომ სანამ კალათბურთს ვითამაშებ და საქართველოსთვის წარმატების მოტანა შემეძლება, ყოველთვის მისი ერთგული ვიქნები. 31 წლის ვარ და ზუსტად ვერ ვიტყვი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ ნაკრების დონეზე თამაშს, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და ვიცი, რომ ყოველ წელს მე ნაკრები მელოდება. ასე რომ, სანამ ნაკრებს ელისი დასჭირდება, ელისი ყოველთვის მასთან იქნება.“
– ნაკრების თამაშებისგან თავისუფალ დროს თუ გაქვს ურთიერთობა ქართველ მოთამაშეებთან? „ბიჭებთან სულ მაქვს კავშირი, ზოგი ესპანეთში თამაშობს. შარშან „ცქიტას“ გუნდს ვეთამაშეთ, წავაგეთ. ნიკამ საოცრად ითამაშა ის მატჩი. სულ მაქვს კონტაქტი ზაზასთან, ბუს და ვიქტორს ინტერნეტით ვესაუბრები ხოლმე. ბოისა ესპანეთში თამაშობდა და მასთანაც სულ ვურთიერთობ. ასევე მანუ. ვალენსიაში თამაშობენ შემონდ ვილიამსი და თორნიკე შენგელია. სხვათა შორის, შემონდმა საკმაო როლი ითამაშა ჩემს გაქართველებაში. სანამ პასპორტს მივიღებდი, მას საქართველოზე დავეკითხე და ყველაფერზე აღმატებულ ხარი სხში მესაუბრა. მასაც ძალიან უყვარს აქაურობა. საკალათბურთო სამყარო საკმაოდ პატარაა ევროპაში. ასე რომ, როცა ვინმეს ისეთს ვნახულობ, ვინც, ვთქვათ, ვიქტორს იცნობს, სულ მოკითხვას ვაბარებ. საერთოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ამდენი მეგობარი მყავს. სიტყვა მეგობარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მყოლია გუნდელები, რომელთანაც მოედნის მიღმა არც კი მისაუბრია, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩემი გუნდელები და ფედერაციის თანამშრომლები ჩემი მეგობრები არიან და არა მხოლოდ კალათბურთის გამო. ეს უბრალო, ადამიანური ურთიერთობებია, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგაც ისეთივე ძვირფასად დარჩება ჩემთვის.“
ტაირონს ვკითხე, ფიქრობდა თუ არა კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლაზე, მის პასუხში ძალიან საინტერესო ამბავი შევიტყვე…
„აქ ყოველთვის დავბრუნდები. თამაშის შემდეგ მწვრთნელობას ვაპირებ და ჩემი ოცნებაა, ოდესმე საქართველოს ნაკრებს ამ მხრივაც გამოვადგე. ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ჩემი მომავალი პროფესიისთვის რაღაც შევიძინო. შარშან სტივ ნეშის კემპზე ვიყავი მწვრთნელი. წელს კი ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა ჩამრთო „ფინიქს სანსის“ საწვრთნელ პროცესში. მისგან ბევრს ვსწავლობ. იმედი მაქვს, თამაშს კიდევ 6-7 წელი შევძლებ. შემდეგ კი მალევე მინდა, მოედანს დიდად არ მოვშორდე და მწვრთნელობაზე გადავერთო. ეს ჩემი ოჯახისთვისაც კარგი იქნება და იმედია, ღმერთი ამის ძალას მომცემს.“
შემდეგ ტაის სამწვრთნელო შტაბზე და მთავარ მწვრთელ – იგორ კოკოშკოვზეც ვკითხე…
„იგორმა, უფრო სწორედ იგორმა და ჯეისონმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. არ არის მარტივი, შეხვდე გუნდს და გაწვრთნა იგი. მწვრთნელობა უამრავ დეტალზე ყურადღების გამახვილებას გულისხმობს. შედარებით ადვილია, როცა დიდი ასაკის მოთამაშეებს წვრთნი, რაკი მათ გამოცდილება კონცენტრაციას უადვილებს. ჩვენი ნაკრები კი ახალგაზრდა გუნდია და მწვრთნელებს უფრო მეტი სამუშაო აქვთ. მწვრთნელობა მხოლოდ სქემების შედგენა არაა, იგორს და ჯეისონს მამის როლის შესრულებაც უწევთ. ძალიან მაგრები არიან.“
ბოლოს ნაკრების 21ე ნომერს, ბელორუსთან საპლეიოფო დაპირისპირებაზეც დავეკითხე…
„წარმოდგენა არ მა ქვს რა გუნდია ბელორუსი, მაგრამ მე ვიცი, როგორი გუნდი გვყავს ჩვენ. ამდენად, თუკი ერთად ვიქნებით, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ. ჩვენი ადგილი „ა“ დივიზიონში…“
ტაირონთან საკალათბურთო თემაზე საუბრის შემდეგ, რამდენიმე კითხვა ერიკასაც დავუსვი.
„უკვე სამი წელია ერთად ვართ. პირველად საერთო მეგობართან შევხვდით, თუმცა არ გვისაუბრია. შემდეგ „მაისფეისზე“ მიპოვნა და დამეგობრების მოთხოვნა გამომიგზავნა. იქ ფოტოები ვნახე და ჩავთვალე, რომ სიმპატიური იყო. შემდეგ მესიჯი მომწერა, გაცნობა უნდოდა. 2-3 კვირა ტელეფონით ვისაუბრეთ სანამ შემხვდებოდით და შემდეგ ჰელოვინზე შევხვდით. თუმცა პაემანი იმდენად არ გვქონია… მე ჩემს მეგობრებთან და ახლობლებთან დავპატიჟე. ჩემი ძმა, ბიძა და ბევრი ხალხი იყო. მას მერე ყოველ დღე ერთად ვართ და ჰელო ვინიდან 4 თვის შემდეგ ცოლობა მთხოვა. მოკლედ, „მაისფეისი“ ძალიან გამოგვადგა.“
ერიკა განსხვავდება სპორტსმენის ცოლის სტანდატული მოდელისგან. საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრეა. უყვარს წერა და ახლა საკუთარ წიგნზე მუშაობს. ევროპამ მას ახალი გამოცდილება მისცა და თავს აქ მშვენივრად გრძნობს…
„ევროპა ძალიან შემიყვარდა, აქ ადამიანი და ოჯახი უფრო წინაა წამოწეული. სამწუხაროდ, ამერიკაში დღეს ბევრისთვის გუჩი და ლუი ვიტონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები. არსებობს გაგება, რომ სპორტსმენის ცოლობა ძალიან რთულია, თუმცა ამას ბოლომდე ვერ გავიზიარებ. ჩემთვის ბედნიერებაა ტაის გეგმებისა და ოცნების ნაწილად ყოფნა… ვამაყობ, როცა ვხედავ, როგორ უყვარს იგი ქართველ და ესპანელ გულშემატკივარს. თბილისში წელს პირველად ჩამოვედი და თავად დავრწმუნდი იმაში, რასაც ტაირონი მიყვებოდა.
მას ძალიან უყვარს აქაურობა და უხარია, როცა ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც ახალი ხვდება. თბილისი არის პატარა ქალაქი დიდი სიყვარულით და აქ ყოფნა ყოველთვის გამიხარდება.
“ როცა წყვილს სამომავლო გეგმებზე ვკითხე, ტაიმ მითხრა, რომ ერიკას დედას ტყუპისცალი და ჰყოლია, რაც მას იმედს უძლიერებს, რომ ღმერთის ნებით მათაც ტყუპები შეეძინებათ… მეც წარმატებებს ვუსურვებ, ცოტანი ვართ ქართველები და გამრავლება ნამდვილად გვჭირდება…
ველოდები დროს, როცა ნაკრებში ძმები ბოისების შემდეგ, ტყუპი ძმები ელისაშვილები იქნებიან. მწვრთნელ ტაირონ ელისის ხელმძღვანელობით კი ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშებს. დიდი მადლობა, ტაი!!!
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N25-ის არქივიდან 2009 წ.)