ტორონტოში დაკარგული ქართველი გოგონა სექტანტების სამიზნე გახდა – “ამ სექტის ხელმ­ძღვანელი ქართველი ყოფილა”…

23:29 11-08-2016
1980

“კანადაში გადასვლის შემდეგ ყველა მათგანმა შეიცვალა სოცი­ალური სტატუსი და გვარ-სახელი. რეზო ბაქრაძე გახდა თეოფილე მალაქია, რომელსაც აქვს საკუთარი საიტ­იც – „გზა ქრისტესკენ“ და ქადაგებს”

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

არ არის გამორიცხული, კანადის პოლიცია კვალმა ქართველებთან მიიყვანოს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარ მშობლებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს და ერთადერთ ჭეშმარიტებას მხოლოდ პროფესორ რეზო ბაქრაძეში ხედავენ, რომელმაც სახელი და გვარი შეიცვალა და თეოფილე მალაქია გახდა…

ტორონტოში დაკარგული ქართველი გოგონა, რომელსაც უკვე მეორე კვირაა უშედეგოდ ეძებენ, შესაძლოა, ერთ-ერთი სექტის სამიზნე გამხდარიყო. რას ასაი­დუმლოებს კანადის პოლიცია და რა ვერს­იებზე მუშაობენ სამართალდამცველები? ცნობილია, რომ ორიოდე წლის წინათ იმ­ავე რაიონში, სადაც 17 წლის მარიამ მახნ­იაშვილი გაუჩინარდა, კიდევ ორი ახალგა­ზრდა დაიკარგა, ასევე უცნაურ ვითარება­ში. მაშინ დადასტურდა, რომ დაკარგულ­ები რელიგიური ორგანიზაციის წევრები გახდნენ, მათზე ძალადობის კვალი არ შე­იმჩნეოდა. ისინი სექტას ნებაყოფლობით შეუერთდნენ.სხვათა შორის, ამ დროისთვის კანადაში საკმაოდ ბევრი რელიგიური ორგანიზაცია მოქმედებს. მათ შორის ბევრი ქართველი­ცაა. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის თა­ვკაცი კი, არც მეტი, არც ნაკლები, თსუ-ს პროფესორია. ცოტა ხნის წინ ქართულ მე­დიაში გაჩნდა ინფორმაცია წლების წინათ კანადაში ქართველი სტუდენტების გადა­ყვანის თაობაზე. ათობით ახალგაზრდამ ოჯახი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მალულად დატოვა და პროფეს­ორ რეზო ბაქრაძეს გაჰყვა. პროფესორმა თავისი სტუდენტები ჯერ თურქეთში გა­დაიყვანა, ბოლო ინფორმაციით კი, ყველა მათგანი15 წელია, კანადაში, ტორონტოში იმყოფება. უცნაურია, რომ სწორედ ტო­რონტოში გაუჩინარდა მარიამ მახნიაშვ­ილიც.

რამდენად რეალურია, რომ 17 წლის მა­რიამი ამ ჯგუფის წევრი გახდა? ამის და­დასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა არსებობს ვერსიები. ვერსიები, რო­მელზეც ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ. არ არის გამორიცხული, კანადის პოლიცია კვ­ალმა სწორედ ქართველებთან მიიყვანოს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სა­კუთარ მშობლებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს და ერთადერთ ჭეშმარიტებას მხოლოდ პროფესორ რეზო ბაქრაძეში ხე­დავენ, რომელმაც სახელი და გვარი შეიც­ვალა და თეოფილე მალაქია გახდა. ის თა­ვის დროზე თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში რელიგიის ისტორიას ასწავლიდა.

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმ­აციით, ტორონტოში მოქმედი ქართული სექტის შესახებ საქმის კურსშია ადგილო­ბრივი პოლიციაც.

„ჩვენთვის ამ სექტის შესახებ ცნობილია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული მონაცემები შევისწავლოთ“, – ასე უპასუხეს მარიამის მამას საგამოძიებო განყოფილებაში.

ჩვენ ამ ბურუსით მოცული გაუჩინარ­ების შესახებ მარიამის ბებიას, ცისანა მა­ხნიაშვილს დავუკავშირდით. ის თბილისში იმყოფება და შვილიშვილის დაკარგვის შე­სახებ მასაც პირველად ტორონტოს პოლი­ციიდან შეატყობინეს.

ცისანა მახნიაშვილი, დაკარგულის ბებია:

– დამირეკეს და მარიამის შესახებ მე­კითხებოდნენ. მე იმ დროისთვის არაფერი ვიცოდი, არადა ბავშვი თურმე უკვე ორი დღის დაკარგული ყოფილა. ჩემი შვილი არ მაგებინებდა, რომ არ მენერვიულა.

– შეყვარებული ხომ არ იყო?

– არა, ნამდვილად ვიცი, რომ არავინ უყ­ვარდა. მაგისთვის არც ეცალა. ძალიან ბე­ჯითი ბავშვი იყო და სულ წიგნებში ჰქონ­და თავი ჩარგული. ჩემი შვილი და რძალი 5 წლის წინათ წავიდნენ საზღვარგარეთ და ბავშვების წაყვანაც უნდოდათ, ამიტომ განსაკუთრებით უცხო ენებს სწავლობდა. ბავშვები 3-4 თვის წინ წავიდნენ.

– რა ვერსიებზე მუშაობს პოლიცია ამ დროისთვის? რას გეუბნებიან?

– ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამძებრო სამუშაოებში მთელი ქალაქია ჩართული. ყველა კუთხეკუნჭულს ათვალიერებენ. უბრალო მოქა­ლაქეებიც კი ეძებენ. ჩემი შვილი მეუბნება, არ მეგონა, ასეთ გულისხმიერებას თუ გა­მოიჩენდნენო. მეტს ვერაფერს გეტყვით. ისეთი დონის მუშაობა მიდის, რომ თვით­ონ ჩემს შვილსაც კი ერიდება პოლიციაში მისვლა და მათ საქმიანობაში ჩარევა.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 50 წლის მამაკაცთან ერთად შენიშნეს „მაკდონალდსში“…

– ეს სრული სიცრუეა. როგორ ფიქრ­ობთ, ასეთი რამ რომ ყოფილიყო, პოლიცი­ას გამოეპარებოდა?! ისიც ითქვა, თითქოს „მაკდონალდსში“ თან ჭამდა და თან მეცა­დინეობდა. ეს უკვე ჭორებია, რომელსაც სიმართლესთან არანაირი საერთო არა აქ­ვს.

– ქალბატონო ცისანა, არსებობს ინფორმაცია, რომ კანადაში მოქმედებს ქართული სექტა, რამდენად შესაძლებელია, რომ მათ ბავშვი თავიანთ ორგანიზაციაში ჩაეთრიათ? კანადაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც წლების წინათ წაიყვანეს და, სავარაუდოდ, სწორედ ამ სექტის წარმომადგენლები არიან…

– რაღა დაგიმალოთ და მსგავსი ეჭვები ჩვენც გაგვიჩნდა. ჩემს შვილს ამის შესახებ შევატყობინე და მან მითხრა, რომ ტორო­ნტოს პოლიციას უკვე ჰქონია ინფორმაც­ია. მითხრეს, ჩვენ ამის შესახებ ვიცით და ვმუშაობთ კიდეც ამ მიმართულებითო. ვი­ღაც ქართველი ყოფილა ამ სექტის ხელმ­ძღვანელი.

ქართველი, რომელზეც ქალბატონი ცისანა საუბრობს და რომლის შესახებაც ტორონტოს პოლიციასაც კი ჰქონია ინ­ ფორმაცია, ზემოხსენებული პროფესორი რეზო ბაქრაძეა, იგივე თეოფილე მალაქია.

მარიამის გაუჩინარება კი ძალიან ჰგავს იმ ახალგაზრდების ისტორიას, რომლებ­იც წლების წინათ სწორედ რეზო ბაქრაძ­ის ხელშეწყობით წავიდნენ სახლებიდან. მარიამი და მისი ძმა გიგა სკოლაში უნდა წასულიყვნენ. გოგონას ძმისთვის უთქვ­ამს, შენ მეორე შესასვლელიდან შედიო. ბოლოს კი გაირკვა, რომ მარიამი სკოლაში არც ერთი შესასვლელით არ შესულა. ის იმ დღეს სასწავლო პროცესს საერთოდ არ დასწრებია.

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია არ­ცთუ დიდი ხნის წინ მუშაობდა კანადაში ქართველი ახალგაზრდების უცნაურ გა­დაყვანაზე. მის მიერ მომზადებულ ფილმს კანადიდან გამოხმაურებაც კი მოჰყვა. იქ წასული ახალგაზრდები თავგამოდებით იცავდნენ რეზო ბაქრაძეს, რომელსაც თა­ვიანთ სულიერ მამად მოიხსენიებდნენ.

გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი:

– რეზო ბაქრაძემ 1994 წელს წაიყვანა თავისი სტუდენტები, სულ 35 ადამიანი. ჯერ თურქეთში წავიდნენ, რამდენიმე წლ­ის შემდეგ კი კანადაში გადავიდნენ, ამ­ჟამად ტორონტოში იმყოფებიან. პირველ წლებში ოჯახში იშვიათად მაინც რეკავდ­ნენ, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს კონტ­აქტი. მშობლები, რომლებიც ჩემს ფილმში იყვნენ ნაჩვენები, სწორედ ამას ჩიოდნენ, დაგვიკავშირდნენო. მათი არც ფული უნ­დათ და არც რაიმე სახის დახმარება. უბ­რალოდ, აინტერესებდათ, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ბაქრაძეს ვერც ერთი ქვეყნის პოლიცია ვერ ედავება, რადგან ეს სტუდენტები მას ნებაყოფლობით წა­ჰყვნენ.

თუმცა თავად რამდენიმე მათგანი ყვება, რომ ბაქრაძეს აქვს ზემოქმედების საოცარი უნარი. ამას ისინი ამბობენ, რო­მლებიც თავის დროზე აპირებდნენ მასთ­ან ერთად წასვლას და ბოლოს გადაიფიქ­რეს. შეუძლია თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს ადამიანი. კანადაში გადასვლის შემდეგ ყველა მათგანმა შეიცვალა სოცი­ალური სტატუსი და გვარ-სახელი. მაგა­ლითად, რეზო ბაქრაძე გახდა თეოფილე მალაქია, რომელსაც აქვს საკუთარი საიტ­იც – „გზა ქრისტესკენ“ და ქადაგებს.

– რას საქმიანობს ეს ჯგუფი ტორონტოში?

– ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რას საქმიანობენ. მე არ მომეცა არც რე­ზოსთან და არც რომელიმე მათგანთან უშუალო საუბრის საშუალება. მათ გა­დმომიგზავნეს გამოხმაურება, მაგრამ მე კითხვა ვერ დავსვი. ისინი მშობლებზე გაბრაზებულები არიან და მათთან კონტ­აქტი არ სურთ. ერთ-ერთმა მშობელმა ინ­ტერნეტში ნახა თავისი შვილი, რომელიც ბიზნესმენებს მოუწოდებდა, დაგვაფინან­სეთო, რადგან ჩვენ ვაშენებთ ევანგელი­სტურ ეკლესიასო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი ევანგე­ლისტები არიან.

– რა პრინციპით შეარჩია თავის დროზე ბაქრაძემ ეს სტუდენტები? რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან?

– მათ საერთო ის აქვთ, რომ ყველა მა­თგანი არის ძალიან განათლებული და ნი­ჭიერი. ფლობენ რამდენიმე ენას. მაგალი­თად, ნათია კუციამ საკუთარი ნაწარმოე­ბების ბროშურებიც კი გამოუშვა. ყველა სადღაც მუშაობს და აქვთ შემოსავალი, რასაც თავიანთ გამოხმაურებაშიც არ უა­რყოფენ. ყველა მუშაობს, მაგრამ არსებო­ბს საერთო ყულაბა, რომელსაც უშუალოდ რეზო ბაქრაძე განკარგავს.

– გოდერძი, რას იტყვი ტორონტოში ორიოდე კვირის წინ გაუჩინარებულ ქართველ გოგონაზე? შესაძლებელია, რომ ის თეოფილე მალაქიას ჯგუფს შეერთებოდა?

– მე რამდენიმე დღის წინ კანადიდან დამიკავშირდნენ ამ გოგონას მშობლები და მკითხეს რეზო ბაქრაძის შესახებ. აი­ ნტერესებდათ, რამდენად შესაძლებელია, რომ მათი შვილიც ბაქრაძესთან იმყოფე­ბოდეს. ამის გადაჭრით თქმა ძალიან რთ­ულია. მე მათ ვურჩიე, რომ გადაამოწმონ ბავშვის ინტერნეტ-გზავნილები, რადგან, თუ ამ ვერსიას გავყვებით, ძალიან დიდი შანსია, რომ ბავშვს ბაქრაძესთან ინტერნ­ეტის საშუალებით ეკონტაქტა. თუ ბავშვი საკუთარი სურვილითაა წასული, ბაქრაძეს ვერც დაადანაშაულებ, სამართლებრივად ძნელია, მას ბრალი დასდო. რა თქმა უნდა, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, მათ შორის ამ ვერსიაზეც.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N29-ის არქივიდან.2009 წ)

ავტორი: რუსა ღვანიძე