უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ, ბოკერიას ჯგუფმა სააკაშვილს “რევოლუციური სცენარი” ჩაუშალა – ირაკლი გოგავა

13:20 01-07-2017
194

საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლება “ქართული ოცნებისა” და ბოკერია-უგულავას ჯგუფის შეთანხმების შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში დაიდო,

როგორც გოგავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, სწორედ ეს გაახმოვანა პრემიერის მეგობარმა დავით კოღუაშვილმა მაისში, როდესაც განაცხადა, რომ უგულავა მეტ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას ციხის გარეთ.

“კოღუაშვილმა მაშინ იჩქარა და კარტები გახსნა, რისთვისაც “გარიყეს” კიდეც პარტიიდან. უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ ბოკერიას ჯგუფმა “რევოლუციური სცენარი” ჩაუშალა სააკაშვილს და ახალაიას დაჯგუფებას. “ნაციონალური მოძრაობის” ეს ფრთა გადატრიალებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ მქონდა ინფორმაცია უკრაინიდან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების არჩევანი შეზღუდული იყო: თუ უგულავას ციხიდან გამოსვლაზე უარს იტყოდა, მინიმუმ ორთვიან არეულობას მიიღებდა ქვეყანაში თავისი მიტინგებით, შეტაკებებით, ცემა-ტყეპით, ხაბაზის “ავტომაიდანით” და მოლოტოვის კოქტეილებით “თავისუფალი ზონისგან”. ეს პროცესი დააქცევდა ქართულ ეკონომიკას. უგულავას გარეთ გამოსვლა აშკარაა, რომ გააძლიერებს ბოკერიას ფრთას “ნაციონალური მოძრაობის” შიდა დავაში”, – წერს გოგავა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ წაუგებელი ითამაშა რადგან უგულავას განთავისუფლებაზე შეთანხმებით ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან და გახლიჩა “ნაციონალური მოძრაობა”.

“ერთი კი უნდა ითქვას: თუ კანონი “შემსუბუქდა” უგულავასთვის, აუცილებელია ყველა იმ ადამიანის ამნისტირება, ვინც მსგავს ან ნაკლები სიმძიმის დანაშაულზე იხდის სასჯელს! P.S. ჩემს პოსტს გამოაქვეყნებს მედია და “ოცნებაც” (სატელიტი “ექსპერტების” აკომპანიმენტით) და “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილიც კატეგორიულად უარყოფს ასეთ შეთანხმებას, მაგრამ არ დაიჯეროთ! ზუსტად ისეა, როგორც მე აღვწერე. მგონი ამ პოსტკრიპტუმით “ექსპერტები” ჩამოვიშორე – აღარავინ მოინდომებს თავისი თავის გაშიფრვას, პოლიტიკოსები კი აუცილებლად იუარებენ – სხვა სვლა არ აქვთ”, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო გუშინ საღამოს მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ის და დავით კეზერაშვილი რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი.

“თბილსერვისის” ეპიზოდთან დაკავშირებით კი სასამართლომ უგულავას ერთი წლით, სამი თვითა და 22 დღით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის ათვლა დაიწყო უგულავას ფაქტობრივი დაპატიმრებიდან და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სარჩელის ვადა გუშინ ამოეწურა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე