ავტორი: სალომე ჩადუნელი
2.000 მასწავლებელს, რომლებიც ძირითად საგნებს ასწავლიან, უმაღლესი განათლება არ აქვს.
კურსდამთავრებულთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა.
მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნებში უარესდება.
15 წლის მოზარდებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილს იკავებს.
2017 წლის საატესტატო გამოცდებზე სულ 11 000-მდე მოსწავლე ჩაიჭრა – განათლების სისტემაში არსებული მსგავსი დრამატული შედეგების ჩამოთვლა მრავლად შეიძლება. საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევები მსგავსი საგანგაშო შედეგების შესახებ „მრავალფეროვან“ ინფორმაციას გვაწვდის. ნებისმიერ კვლევაში, ეს იქნება PISA თუ TIMSS, შედეგები უმეტესად ნეგატიურია. ცალსახაა, რომ ზოგადი განათლების სისტემაში პრობლემებია და შედეგები წლიდან წლამდე უარესდება. განათლების სამინისტროს აქვს პასუხისმგებლობა, ყველა პრობლემას უპასუხოს და დასვას სწორი დიაგნოზი, რომელიც ქართულ განათლებას „უმკურნალებს“, მასწავლებლებით დაწყებული, მოსწავლეებით დამთავრებული.
აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, დისკუსიაც გაიხსნა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას პირობას იძლება, რომ ქმედითი ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგმება და დაიწყება მუშაობა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ზოგადი განათლების საფეხურზე მოსწავლეების მომზადების დაბალი შედეგების განმაპირობებელია.
ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი:
– მნიშვნელოვანი კვლევის შედეგები შევაჯამეთ. ამ თემაზე კომუნიკაცია ერთი თვის წინ დავიწყეთ და ამის შემდეგ სამინისტროსა და ყველა დაინტერესებულ მხარე შორის ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა. ჩვენ შევეცდებით, გადაწყვეტილების გზებზე ვისაუბროთ, რა გზით უნდა წავიდეთ. გადაწყვეტილების საფუძველი დიაგნოზია, ანუ ის, რა იწვევს პრობლემებს. კვლევის შედეგებით ბევრი საინტერესო რამ გამოიკვეთა, მაგრამ ხაზს გავუსვამდი შედეგების მიხედვით სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის დიდ განსხვავებას. ეს შედეგები ნათლად გვიჩვენებს, რომ, პირველ რიგში, სოფლის სკოლებს უნდა დავუჭიროთ მხარი და განვავითაროთ. ასევე, ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა, სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ამიტომ, მოგეხსენებათ, ხარისხიანი პედაგოგების გარეშე ხარისხიანი სწავლება შეუძლებელია. მეორე პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობების სკოლებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოში მრავლადაა. იმ სკოლებს, სადაც ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ, სოფლის სკოლებზე დაბალი შედეგი აქვთ. ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთი ორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოების განვითარებაზე, პედაგოგებზე, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში პედაგოგების კორპუსი 20-25 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ეს სერიოზული პრობლემაა.
– თქვენ საუბრობთ მასწავლებლების კვალიფიკაციის პრობლემაზე. კვალიფიციური მასწავლებელი უნივერსიტეტმა უნდა მოამზადოს, პრობლემა კომპლექსურია, რას აპირებთ ამ მიმართულებით? როგორ უზრუნველყოფთ კვალიფიკაციას?
– მეორე წელია, რაც პედაგოგიურ მიმართულებაზე გრანტები გაგვიჩნდა. მანამდე ჩვენი მხრიდანაც დიდი აქტივობა არ შეინიშნებოდა, მაგრამ მოთხოვნაც არ იყო. ახლა მოთხოვნა გაიზარდა და ეს სასიხარულოა. მთავრობის სხდომაზე წლევანდელი გრანტებიც დავამტკიცეთ. წელიწადში ამ კოჰორტას 1000 პოტენციური მასწავლებელი შეუერთდება, თუმცა ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს, როგორ მივიზიდოთ ეს ხალხი სწორედ სოფლისა და ეთნიკური უმცირესობის სკოლებში, თორემ თბილისსა და მსხვილ ქალაქებში მასწავლებლების კორპუსის განახლება ხდებოდა და ხდება. სოფელში მომუშავე მასწავლებლების მატერიალურ წახალისებას ვაპირებთ.
– გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც შემუშავებულია, არ ემთხვევა იმას, რაც იგეგმებოდა. ხომ არ იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთხელ გადახედვა?
– სოფლებში ეროვნული სასწავლო გეგმა დანერგილი არ არის…
– ეს რას ნიშნავს?
– ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმა 2016 წელს დავამტკიცეთ. ერთია, რომ ქაღალდზე დავწერეთ და ბეჭედი დავარტყით და მეორეა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება 2000 სოფელშია მისატანი და სასწავლებელი. ჩვენ გვჩვევია, რომ გუშინ გეგმა დავწერეთ და გვგონია, რომ ხვალ შედეგი უნდა დადგეს. ეს სისტემა ასეთი არ არის. მაგალითად, 60 000 მასწავლებელს სანამ კარგად აუხსნი, როგორ მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიდგომა, წლები გავა. ამ მიმართულებით უნდა ვიაქტიუროთ.
– განათლების ექსპერტებიდან მუდმივად ისმის კრიტიკა, რომ საერთაშორისო კვლევები წლებია ხორციელდება და წლებია ასეთი სავალალო შედეგები იდება, თუმცა ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდებოდა არასდროს. არის მოლოდინი, რომ ახლა ამ კვლევებსაც დაივიწყებს განათლების სისტემა. რას უპასუხებთ მათ?
– არ დავეთანხმები, რომ არაფერი კეთდება. თქვენ ნახეთ კვლევის შედეგები და მეორე საკითხია, რომ შედეგობრივად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ. იმაზე საუბარი, რომ წარსულში შედეგი არ გვაქვს და მხოლოდ მომავალზე ვპროგრესირებთ, უსამართლოა. ჩვენ ვპროგრესირებთ, თუნდაც ის, რომ ქალაქის სკოლები არის ევროპული სკოლის დონეზე, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
– აუდიტის სამსახურის კვლევებსაც რომ შევეხოთ, კვლევის მიხედვით – 2.000 მასწავლებელს, რომლებიც ძირითად საგნებს ასწავლიან, უმაღლესი განათლება არ აქვს, რამდენად საგანგაშო მაჩვენებელია და აქვს თუ არა ადგილი კანონის დარღვევას?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ინფორმაცია სიღრმისეულად არის გასაანალიზებელი. დიდი განსხვავებაა იმაში, ეს ადამიანები პროფორიენტაციას ასწავლიან, საბუნებისმეტყველო საგნებს თუ ფიზკულტურას. მეორე, სამწუხაროდ, უმაღლესი განათლების დიპლომი ყოველთვის მაღალი კომპეტენციის დასტურად არ გამოდგება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ 2000 ადამიანს შორის, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვთ, შესაძლებელია, იყვნენ კარგი პედაგოგებიც და მათ შორის, ვისაც დიპლომი აქვთ – ცუდი პედაგოგები. შესაბამისად, სისტემა ისე უნდა მუშაობდეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხოლოდ დიპლომს არ ეყრდნობოდეს და სწორედ ამაზე გვაქვს მსჯელობა რეფორმის განვითარების პროცესში.
– ასევე, აუდიტის კვლევის მიხედვით, იმ სტუდენტების 40%-მა, რომლებმაც უნივერსიტეტებში გრანტები აიღეს, ბაკალავრის საფეხური საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს, ხომ არ გახდება ეს საფუძველი სახელმწიფო გრანტების სისტემის გადახედვის?
– ეს გვიჩვენებს იმას, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა შესაცვლელია. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ეს სისტემა აკადემიურ შედეგებთან უნდა იყოს დაკავშირებული. დეტალებს ვერ გეტყვით. ამაზე მუშაობა წელს დამთავრდება და შემდეგი წლისთვის ჩაეშვება.
– თავისუფალი ფაკულტეტების მიმართულებით რაიმე სიახლეები ხომ არ იგეგმება, არის ტენდენცია, რომ ეს ფაკულტეტები სტუდენტების თავშესაფარი გახდა, მათი რაოდენობა ხომ არ შემცირდება?
– რაოდენობა არ შემცირდება, ბარიერი აიწევს. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვას უკეთ სწავლა უნდა სჭირდებოდეს და უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე სხვა ფაკულტეტზე. თავისუფალი ფაკულტეტები ცუდი სტუდენტების თავშესაფარი არ უნდა იყოს, პირიქით, უფასო ფაკულტეტზე სწავლის შენარჩუნებას უფრო მაღალი შედეგიანობა უნდა ჰქონდეს. ჩვენ რამენაირი ფიზიკოსები და აგრონომები კი არ გვჭირდება, არამედ მაგარი ფიზიკოსები და აგრონომები.
– შრომით ბაზარზე დარღვევებია, უნივერსიტეტები დიდი რაოდენობით უმუშევარ კადრს აწარმოებენ. ამ მიმართულებით ხომ არ გეგმავთ, იმუშაოთ ისე, რომ გაზარდოთ შრომის ბაზრისთვის მოთხოვნად პროფესიებზე მიწოდება?
– დაფინანსებით უნდა ვიმუშაოთ და წავახალისოთ. მაგალითად, სტიპენდიები, გრანტები პედაგოგებზე მეტი გავცეთ, ვიდრე გავცემთ იურისტებზე. თავისი დანახარჯებით ვისაც განათლების მიღება სურს, მიმართულების არჩევას ვერ აუკრძალავ. მარკეტინგით უნდა ვიმუშაოთ. ეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ დაუსაქმებლობისკენ მიმავალ გზაზე ინვესტიცია კარგი აზრი არ არის. საერთაშორისო ურთიერთობები მოგვყავს ხოლმე მაგალითად. წელიწადში დიპლომიან 3000 კაცს ვაწარმოებთ და სამუშაო ადგილი, მაქსიმუმ, 300-ია. ანუ ეს არის გარანტირებულად 2700 ადამიანი, ვინც სპეციალობით ვერ იმუშავებს.
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, გამოცდებზე საუბრისას გამოიყენა ტერმინები – მკაცრი და ხისტი და ასევე, გამოვიდა ინიციატივით, რომ საატესტატო გამოცდები უფრო ჰუმანური გახდეს. თქვენ მას პირობა მიეცით, რომ ამ საკითხს განიხილავთ. ეთანხმებით მის ამ მოსაზრებას?
– გამოცდა, როგორც ასეთი, მკაცრია, მით უმეტეს კომპიუტერული გამოცდა, რომელიც, ცხადია, ხისტია. სწორ პასუხებს გასცემ, გადალახავ, არასწორს გასცემ – ვერ გადალახავ. მარიამ ჯაში საერთო სიხისტის შეცვლაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ იმაზე, რომ მეორე შანსი ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც, ფაქტობრივად, შემთხვევითობის გამო ვერ ჩააბარეს. დავპირდით კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხს განვიხილავთ. მეორე მხრივ, აქ სერიოზული საფრთხეებია. მეორე გამოცდას ერთისთვის ვერ გავაჩენთ. მეორე გამოჩნდა, ყველასთვის უნდა გაჩნდეს და ამან შედეგიანობაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს და მეორე გამოცდის იმედით პირველს ნაკლები მოტივაციით მიუდგებიან.