ქართული თეატრის ფანატიკოს ქურუმზე სერგო ზაქარიაძეზე – “ყოველდღე სცენაზე სიცო­ცხლეს ვტოვებ”…

11:59 12-09-2016
259

ავტორი: რეზო შატაკიშვილი

მის პროფესიონალიზმსა და სა­ქმისადმი ფანატიკურ სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. იყო ფანატიკოსი და ფანატიზმს ითხო­ვდა პარტნიორებისგანაც. ის არ უყვარდათ კოლეგებს, მაგრამ უყვარდა და უყვარს ხალხს.

მას უყვარდა თეატრი, კინოში მუშაობას ტანჯვას ეძახდა, მაგრამ სწორედ კინომ მოუტანა დროში განფენილი დიდება. ჯარისკაცის მამას ქმნიდა, რო­გორც ქართვლის მამას, მსოფლიო აღიარებამ კი დაარწმუნა, რომ ზო­გადსაკაცობრიო სიმებს ჩამოჰკრა ხელი…

ქართული სცენის უკომპრ­ომისო ქურუმი ბაქოში დაიბადა, პირველად სწორედ იქ დადგა სც­ენაზე ფეხი, ჯერ კიდევ 7 წლისამ. შემდეგ ზესტაფონშიც თამაშობდა, საგასტროლოდ ჩასულმა დიდმა მსახიობებმა კი საბოლოდ გადაწყ­ვიტეს მისი არჩევანი. მერე იყო ზე­სტაფონის სადგურში წაკითხული თეატრალური სტუდიის განცხადე­ბა. მუდარა დედისადმი – გამიშვი. უარი. მერე გაპარვა. მერე ტყუი­ლი – 17 წლის ვარ. არდაჯერება ამ ტყუილის, ისევ ხვეწნა-მუდარა და ჩარიცხვა სტუდიაში 14 წლის ყმაწ­ვილის…

მერე თბილისის უნივერსიტე­ტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1926 წლიდან 2 წელი რუსთაველ­ის თეატრი. ახმეტელის მასოვკაში დგომა… მერე მარჯანიშვილის თე­ატრი. დიდი გზის დასაწყისი. მადლიერება სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის მიმართ, მაგრამ რამდენიმეგზის წასვლა მისი დაარსებული თეატრიდან – კო­ნფლიქტებითა და ტკივილებით. მაგრამ…

„მე ვე­რავინ გადამიყვ­ანდა იმ გზიდან, რომელსაც ერთხ­ელ დავადექი დი­დი სურვილითა და სიყვარულით“ (სერგო ზაქა­რიაძე).

მერე ისევ რუსთაველ­ის თეატრი. დიდება . საბედისწ­ერო დიდება.

სერგო ზაქარიაძე რუსთაველ­ის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენი­ტში. მხოლოდ თეატრში კი არა, ეროსი მანჯგალაძე იმხანად ყველ­აზე პოპულარული არტისტი იყო საქართველოში. თვით ხორავაც და თუმანიშვილიც, დოდო ალექსიძეც ეროსი მანჯგალაძეში თეატრის ახ­ალ ლიდერს ხედავდნენ. ხორავა თა­ნდათან უთმობდა კიდეც ლიდერო­ბას ეროსი მანჯგალაძეს.

სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში და როგო­რც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მა­ნჯგალაძის შუაში ჩაჯდა. „ჩაჯდა“ და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად თეატრის ლიდერი.

როგორც ნოდარ გურაბანიძე წერს, თეატრის სამხატვრო ხელმ­ძღვანელს, დოდო ალექსიძეს ცეკამ დაავალა მარჯანიშვილის თეატ­რიდან უკვე მესამედ თუ მეოთხედ წამოსული სერგო ზაქარიაძის თეატრში მიღება. თეატრში მიღებისთანავე კი ოი­დიპოს მეფის როლის ახალ შემს­რულებლად დანიშნეს (ამ როლს სამი შემსრულებელი ჰყავდა – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯ­გალაძე).

ზაქარიაძისთვის თეატრის სარეპეტიციოში სპეციალურად აი­გო დეკორაციები, რომ მოსკოვში, ქართული დეკადისთვის მოესწროთ მისი სპექტაკლში შეყვანა. შევიდა კიდეც სპექტაკლში და მოსკოვმა სამი ოიდიპოსი ნახა – ხო­რავასეული, მანჯგალაძისეული და ზაქარიაძისეული…

სწორედ ოიდიპოსის რო­ლით გაიცნეს პირველად მოსკოვში. „თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი“, – ასე მიმართეს თეატრის რუსმა კორიფეებმა ზა­ქარიაძეს…

დეკადის შემდეგ, მოსკოვმა რუსთავ­ელის თეატრს საბჭოთა კა­ვშირის სა­ხალხო არტი­სტის ერ­თი ლიმიტი გამოუყო. ამ წოდებაზე წა­რდგენილი იყო სპექტაკლის დამდ­გმელი რეჟისორი დოდო ალექსიძე, მაგრამ… მიიღო ზაქარიაძემ.

დოდო ალექსიძე მწარედ გაიხუმრებს – „ზაქარიაძე ჩემს კუბოში ჩაწვა“.

ნოდარ გურაბანიძე: „სერგო ზა­ქარიაძის მისვლა რუსთაველის თე­ატრში საბედისწერო აღმოჩნდა ეროსი მანჯგალაძისთვის, დოდო ალ­ექსიძისთვის და თვით მისთვისაც კი. სიყვარულისა და სიკეთისთვის გახსნილმა, უაღრესად ზრდილმა და გულთბილმა ეროსიმ თეატრში მისვლის პირველივე დღეებიდან შე­იძულა სერგო ზაქარიაძე, თითქმის არ ელაპარაკებოდა, ზურგს აქცე­ვდა, მისთვის უჩვეულო მკვახე ტო­ნით პასუხობდა (თუკი პასუხობდა).

სერგო ზაქარიაძე ისე წავიდა ამ ქვ­ეყნიდან, რომ ეროსის მასზე გული არ მობრუნებია. სიკეთისთვის შექმ­ნილი ეროსის გულში ამ კაცისადმი დაუძლეველმა სიძულვილმა დაის­ადგურა…“

ვასილ კიკნაძე: „სერგო ზაქა­რიაძე, მიუხედავად ტრიუმფალური სვლისა, მსახიობთა ახალ თაობაში სიყვარულით არ სარგებლობდა. მაგრამ თეატრში შეიქმნა სიტუაც­ია, როცა სერგოს ძალიან სჭირდებოდა ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთან გაერთიანება, ახალგა­ზრდების კი სჭირდებოდათ მისი ავტორიტეტი. ასე გაერთიანდნენ ყველანი დოდო ალექსიძის წინააღ­მდეგ. თეატრის მთელი სადავეები, ფაქტობრივად, სერგო ზაქარიაძის ხელში აღმოჩნდა…“

როგორც ნოდარ გურაბანიძე იტყვის: „ზაქარიაძემ, ფაქტობრი­ვად, გაწირა დოდო ალექსიძე, რომელიც იძულებული გახდა, უკრა­ინაში გადახვეწილიყო. მალე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და ამგვარად მან დაიჭირა არა მა­რტო ეროსი მანჯგალაძის, არამედ აკაკი ხორავასა და დოდო ალექსი­ძის კუთვნილი ადგილებიც. მაგრამ ბედისწერა ახალ მსხვერპლს ით­ხოვდა რუსთაველის თეატრის კვ­არცხლბეკზე.

ახალგაზრდა თაობა თანდათან განუდგა სერგო ზაქარი­აძეს, რასაც იმპულსი მისცა მასა და მიხეილ თუმანიშვილს შორის გაჩე­ნილმა უთანხმოებამაც. სერგო ზა­ქარიაძე გენიალურად თამაშობდა მთავარ როლს თუმანიშვილის მი­ერ დადგმულ სპექტაკლში – „როცა ასეთი სიყვარულია“. იგივე როლი, სრულიად განსხვავებული ინტერპ­რეტაციით ითამაშა გოგი გეგეჭკ­ორმა. თუმანიშვილს თავის მეგობართა წრეში უთქვამს (თითქოს!) – სპექტაკლი სწორედ ისე მქონდა ჩაფიქრებული, როგორც გეგეჭკ­ორი თამაშობსო…

ეს ნათქვამი უმალ მიუტანეს ბა­ტონ სერგოს და თუმცა ბატონი მიშა უარყოფდა, ამის მსგავსი არაფერი მითქვამსო, ამან საქმეს ვერ უშვე­ლა. პირველი დიდი ბზარი უკვე გა­ჩნდა ამ ორ დიდ ხელოვანს შორის. ამას ისიც დაერთო, რომ რუსულ ჟურნალში „ტეატრალნაია ჟიზნ“ დაიბეჭდა წერილი, სადაც გეგეჭკ­ორს უფრო დიდ შეფასებას აძლევდ­ნენ, ვიდრე სერგო ზაქარიაძეს, ამან კი მოთმინების ფიალა აუვსო და კა­ტეგორიული უარი თქვა ამ როლზე. სპექტაკლი ამის შემდეგ სულ მალე ჩამოვიდა სცენიდან…

დაპირისპირ­ება სერგო ზაქარიაძესა და დასის მსახიობებს შორის უფრო და უფრო დრამატულ ხასიათს იღებდა. ბატო­ნი სერგო საშინლად ნერვიულობდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა სამხ­ატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვება, აქეთ-იქით აწყდებოდა, ნერვიულობდა, როცა სპექტაკლები არ გამოსდიოდათ, დღე და ღამეს ასწორებდა თეატრის გრანდიოზულ რეკონსტრუქციებზე, თან კინოშიც იღებდნენ…

გადაიღალა, გადაიქან­ცა მისი გული, სამკურნალოდ დაწვა „ლეჩკომბინატში“ და სულ მალე გარდაიცვალა…“

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რაიკომში თეატრი­დან დარეკეს, შეამოწმეთ, მართლა ავად არის თუ?..

მას ღრმად სწამდა, რომ არტი­სტს სჭირდება ნიჭი, შრომისმოყვ­არეობა და იღბალი. მისი არტისტული ნიჭი დღემდე გვაოგნებს. შრომისმოყვარეობა ჰქონდა მი­ქელანჯელოსდარი, დღემდე საარ­აკო ამბად რომაა თაობებისთვის გადმოცემული. თავად ამბობდა, რომ ეს შრომ­ისმოყვარეობა, თეატრის ფანატიკური სიყვარულის გარდა, გამოუმ­უშავა ფეხბურთმაც. დიახ, ის ფეხბ­ურთელი იყო, შორეულ ახალგაზრ­დობაში, თამაშობდა ზესტაფონის ნაკრებში და სწორედ ფეხბურთს უმადლოდა ნებისყოფის, გამძლე­ობის გამომუშავებას.

„მე ყოველდღე სცენაზე სიცო­ცხლეს ვტოვებ, სპექტაკლის შე­მდეგ სახლში ძლივს მივლასლასებ, თქვენ კი ისე თამაშობთ, გეგონება, კინოლენტა იყოთ, დღეში რამდ­ენჯერმე რომ შეიძლება დაატრიალო“,

– არცთუ იშვიათად მიმართ­ავდა ასე ახალგაზრდა კოლეგებს. მისი პარტნიორობა არც ისე იოლი იყო. იღბალი? იღბალი ფრიად სეგმ­ენტური ჰქონდა – მუდამ ბრძოლა უწევდა ადგილის დასამკვიდრებლად და ამ ბრძოლაში დამარცხდა კიდეც, მაგრამ იღბალი ჰქონდა ხა­ლხის სიყვარულში… დღემდე რომ არ გამქრალა.

იყო დიდი არტისტი და ამბობენ, რომ არ ესმოდა პატარა არტისტებ­ის ტკივილი… რუსთაველის თეატრში „ფირო­სმანი“ იდგმებოდა, ფიროსმანს სე­რგო ზაქარიაძე თამაშობდა. მარგ­არიტას – მედეა ჩახავა. მედეა ჩახა­ვას დუბლი კი ელენე საყვარელიძე იყო. ელენე საყვარელიძე მოუთმე­ნლად ელოდა, როდის მოუწევდა რეპეტიციების გავლა, ხუმრობა ხომ არ იყო, მის სათაყვანებელ სე­რგო ზაქარიაძეს მედეა ჩახავას მა­რგარიტა ხელში აჰყავდა, ტახტზე სვამდა და შესციცინებდა. ჰოდა, საყვარელიძეც ელოდა ამ წამებს. მოუწია რეპეტიციის რიგმა, მივი­და საქმე იმ სცენამდე და… სერგო ზაქარიაძემ ელენე საყვარელიძეს უბიძგა – დაწე ტახტზეო. დოდო ალექსიძეს კი განუცხადა: ეს მარგ­არიტა ნამეტანი მსუქანია, ხელში ვერ ავიყვანო. გულმოკლულმა მს­ახიობმა თვე-ნახევარში ათი კილო დაიკლო, სერგო ზაქარიაძემ მაინც არ აიყვანა ხელში – მუხლის ტკ­ივილი მოიმიზეზა. მაგრამ მუხლი რატომღაც არ სტკიოდა მედეა ჩა­ხავას მარგარიტასთვის…

„დიდმა მსახიობმა სულ ვერ იგ­რძნო პატარას ტკივილი, რაღას ვიზამდი, ვიკადრე და წამოვწექი ტახტზე“, – იხსენებდა ელენე საყვ­არელიძე. სწორედ „ფიროსმანის“ დადგ­მისას გაუნაწყენდა ძმა – ბუხუტი ზაქარიაძე. ბუხუტი ზაქარიაძეს ერთ-ერთი პატარა როლი ჰქონდა, რეპეტი­ციისას რეჟისორმა და სერგო ზა­ქარიაძემ ჩათვალეს, რომ რასაც ბუხუტის გმირი ამბობდა, სჯობ­და ფიროსმანს ეთქვა. რეჟისორმა ბუხუტი ზაქარიაძეს როლიდან ის რამდენიმე წინადადება წაართვა და სერგო ზაქარიაძეს ათქმევინა.

ბუხუტი ზაქარიაძემ სიკვდილა­მდე არ დაივიწყა ეს წყენა… ხმასაც არ სცემდა ძმას… სერგო ზაქარიაძეს თავისი ყვ­ელა როლი უყვარდა. უყვარდა, რადგან ყოველი როლის შექმნაში სისხლი და ოფლი ჰქონდა ჩანთ­ხეული.

„მე არ მითამაშია როლი, რო­მელზეც ღამეები არ მეთენები­ნოს. და თუ რომელიმე უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი. ამიტ­ომ მიყვარს ყველა ერთნაირად“, – ამბობდა ის, მაყურებელს კი დღემდე არ ავიწყდება მისი ჯა­რისკაცის მამა თუ შადიმან ბარა­თაშვილი, მოხუცი ფოსტალიონი თუ სხვა კინოროლები.

მისი თე­ატრალური შედევრები კი ქართ­ული თეატრის საგანძურია – დევი „ჭინჭრაქაში“, კრეონტი „ანტიგო­ნეში“, ოიდიპოს მეფე „ოიდიპოს მეფეში“, ფიროსმანი „ფიროსმან­ში“, კაცი მანტიით – სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია“…

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N36-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე