ქართული სამოდელო ბიზნესი – "დეფილეები რძლების კონკურს უფრო ჰგავს, ვიდრე მოდის დღესასწაულს” .

18:01 08-15-2016
344

ავტორი: ავთო ჩიტიძე

მის საქართველო 2008, ხათუნა სხირტლაძე, მადნეულის მფლობელის, კობა ნაყოფიას რძალი გახდა. საქართველოს პირველი ლამაზმანის რჩეული, 19 წლის ნიკა ნაყოფიაა. წყვილი ივლისში, ჯვრისწერას გეგმავს და დიდ საქორწილო სამზადისშია. პირველი ლამაზმანის ტიტულმა, ხათუნას, სიყვარულიც აპოვნინა. მდიდარი ოჯახი, რძალს, თავს ევლება და ქორწილსაც, პომპეზურს ჰპირდება. სავარაუდოდ, ქორწილი სტამბულში, ფეშენებელურ სასტუმროს რესტორანში შედგება. თბილისური რესტორნები, სიძის ოჯახმა დაიწუნა და დაპატიჟებულ სტუმრებს, სპეცრეისით, სტამბულში გადააფრენენ. ქორწილს კი, ბრაზილიიდან მოწვეული, მუსიკოსები და მოცეკვავეები გააფორმებენ. შესაძლებელია, მათ ქორწილში, რომელიმე ცნობილი უცხოელი მომღერალიც გამოჩნდეს.
ხათუნა, საპატარძლო კაბას, ქართველ დიზაინერებს არ ანდობს. როგორც ამბობენ, მის საქართველოს სადედოფლო კაბას, მილანში, დოლჩე და გაბანას აკერინებენ. ფაქტია, რომ მის საქართველოს ტიტულის შემდეგ, ხათუნას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

საქართველოში მოდელობა, პროფესიად კი არა, გართობად ითვლება. ეს კი, პირველ რიგში, იმის შედეგია, რომ განვითარებული არ არის მოდის ინდუსტრია, არ ეწყობა ხშირი ჩვენებები და ჰონორარიც, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 100-დან 300 დოლარამდეა.

სააგენტოები, ცნობილი მოდელებით, ფულს ვეღარ შოულობენ.
სამოდელო სააგენტოებში, ყველა ლამაზი გოგონა, დიდი ოცნებებით მიდის. ყველას პირზე აკერია ფრაზა - მინდა პოპულარული და წარმატებული მოდელი  გავხდე, მინდა, უცხოეთის პოდიუმზეც მოვხვდე. რეალურად, კი ლამაზი გოგონები, სააგენტოების დახმარებით, მოხდენილად სიარულს სწავლობენ, ხვდებიან მაღალ საზოგადოებაში და სარფიანად თხოვდებიან. ანუ, სამოდელო სააგენტო მათ საშუალებას აძლევს, თავი კარგად შეფუთონ და ბედსაც ეწიონ.

თბილისში გამართულ ჩვენებებზე, იშვიათად დადის, მამაკაცთა ის კატეგორია, რომელსაც დიზაინერის ნამუშევარი აინტერესებს. ისინი ძირითადად, გოგონების დასათვალიერებლად დადიან. ხშირად ჩვენებებზე, სადედამთილოები, სასურველ სარძლოებს არჩევენ. მოკლედ, ჩვენთან გამართული დეფილეები, რძლების კონკურს უფრო ჰგავს, ვიდრე მოდის დღესასწაულს.

დღეს სამოდელო სააგენტოები. თავს სკოლა-სტუდიებით უფრო ირჩენენ, სადაც პატარა გოგონებს სიარულს, მეტყველებას, ცეკვას და პლასტიკას ასწავლიან. იმისთვის, რომ ქართული ფეშენ-ბიზნესის კრიზისის მიზეზი გაერკვია, პრაიმტაიმმა, თბილისის რამდენიმე სამოდელო სააგენტოს მიაკითხა.

ლევან მჭედლიძე, სამოდელო სააგენტო ლეონის გენერალური მენეჯერი:

- ყველა გოგოს, რომელიც სააგენტოში მოდის, სურს, პოპულარული მოდელი გახდეს. როცა სიყვარული თავბრუს ახვევს, მაშინ უკვე კარიერაზე ნაკლებად ფიქრობენ. ქართველი მოდელები, საზღვარგარეთ, ვერ გადიან და წარმატებას ვერ აღწევენ, ამაში დამნაშავე, მათი აღზრდა და კომპლექსებია. სამოდელო ბიზნესში, თამამი უნდა იყო და გამბედავი, რომ წარმატებას მიაღწიო. საქართველოში, მოდელობა ჰობია და არა პროფესია.

ჯიჯი რეჯინი - სააგენტო ამსას ხელმძღვანელი:

- საქართველოში, სკაუტინგი არ არსებობს. ქუჩაში მიმავალ ლამაზ გოგოს, რომ მოდელობა შესთავაზო, შეიძლება, ჩანთა ჩაგარტყას თავში. 6-7 წლის წინ, სამოდელო სააგენტო - ქორწინების სახლთან ასოცირდებოდა. გოგონა იმიტომ ხდებოდა მოდელი, რომ დაპიარებულიყო ქალაქში, სვეტსკი სასტავში მოხვედრილიყო და კარგად გათხოვილიყო. ახლა ჩვენს სააგენტოში, კონტრაქტების სისტემა არსებობს. იწარმოება ხარჯთაღრიცხვა, - რა თანხა დაიხარჯა მოდელზე. თუ მოდელმა სხვადასხვა მიზნით კონტრაქტი დაარღვია, მაგალითად - გათხოვდა, მაშინ ის სოლიდურ ჯარიმას და მასზე დახარჯული თანხის, ორმაგ რაოდენობას იხდის.
სააგენტოში მოსულ გოგონას, სამი თვე ვაკვირდებით, რამდენად სერიოზულად ეკიდება ამ პროფესიას და მხოლოდ შემდეგ, ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას. ჩვენი სააგენტო, სერიოზულად მუშაობს უცხოეთზე და ამიტომ, მხოლოდ სერიოზული კარიერის მსურველი გოგონები გვჭირდება.
სამოდელო სააგენტო თბილისში ვერ ამართლებს. ჩვენი სააგენტო, მხოლოდ ისეთი სახეების მოძიებაზეა ორიენტირებული, რომლებიც წარმატებას მოიპოვებენ საზღვარგარეთ.

მაგალითისთვის - ანუკი არეშიძეც საკმარისია. წავიდა პარიზში, მილანში და სერიოზულ წარმატებასაც მიაღწია. უბრალოდ, კახი კალაძე შეუყვარდა და გათხოვდა. აქ უკვე, ყველა უძლური აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, არ ვთლი, რომ ანუკამ, თავის მომავალს, ზურგი აქცია. მან იმას მიაღწია, რაც უნდოდა.
გახდა, წარმატებული ქალი და იპოვნა, დიდი სიყვარული. თქვენ არ იცით, რა ხდებოდა ანუკაზე, სანამ გათხოვდებოდა. კარგი მაჭანკალივით მირეკავდნენ და ანუკას გაცნობას მთხოვდნენ. ეს მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება.

***
ლიკა კვარაცხელია, სამოდელო სააგენტო ნატალის, ერთ-ერთი პირველი თაობის მოდელია. მას, თავის დროზე, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. რელურად კი, თავისი მოდელობით, პოპულარობა და შემდეგ სიყვარული მოიპოვა. მისი ერთ-ერთი ინტერვიუ, ცნობილმა ფეხბურთელმა, მურთაზ შელიამ წაიკითხა, მოეწონა ლიკა, ცოლადაც მოიყვანა და უკვე, სამი შვილიც ჰყავთ. ყოფილი მოდელი, ახლა, რესტორან მონოპოლის ხელმძღვანელია.

13 წლიდან დავიწყე მოდელობა. მაშინ, უამრავი დიზაინერი არსებობდა. ხანდახან, დღეში ორჯერ გამოვდიოდით ჩვენებებზე. მერე, ყველაფერი გაჩერდა. ერთი პერიოდი, ჩემი სამოდელო ჰონორარით, ოჯახსაც კი ვინახავდი. დღეს კი, სტიმული მოდელობისთვის ნაკლებადაა. ის, რომ მე მოდელობა არ გავაგრძელე, გათხოვების ბრალი არ არის. თუნდაც, თაკო ჩხეიძის მაგალითი ავიღოთ - მან გათხოვების შემდეგ, უფრო მეტი გააკეთა კარიერაში. თაკო, მოდელად არის დაბადებული, მე კი, ალბათ, ნაკლები ინტერესი მქონდა. საქართველოში, ისეთი ჩვენებები არ ეწყობა, რომ გული დაგწყდეს და მუდმივად, ფორმაში ყოფნა ღირდეს.

ანა კოშაძე, სააგენტო ნატალის, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პერსპექტიულ მოდელად ითვლებოდა. 15 წლის ასაკში, მისი პოდიუმზე გამოჩენა, ოვაციებისა და იმედების მომტანი იყო. ქართველი ლამაზმანი, მალე გათხოვდა და დღეს, მხოლოდ მნიშვნელოვან ჩვენებებში მონაწილეობს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც პერსპექტიული მოდელი, ოჯახის შექმნის
შემდეგ, სამოდელო მომავალზე უარს ამბობს. მე, ისედაც არ ვაპირებდი, გამომეყენებინა ჩემი შანსები და საზღვარგარეთ წავსულიყავი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ გათხოვებამ ჩემი გეგმები შეცვალა. მოდელობა, მაინც ჰობის დონეზე რჩება და ძნელია ამას, პროფესია უწოდო. ვერ ვიტყვი, იმიტომ დავიწყე მოდელობა, რომ კარგად გავთხოვილიყავი, მაგრამ ბევრი გოგო, ამაზე სერიოზულად ფიქრობს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჩემს მომავალ ქმარს, პოდიუმზე მოვეწონე და მერე გამიცნო.

ზოგიერთი ცდილობს, დამოუკიდებელი მოდელის სტატუსი შეინარჩუნოს, რადგან თვლის, რომ ეს ფინანსურად უფრო ხელსაყრელია. დამოუკიდებელი მოდელი - ლაშა ჯაფარიძე, უკვე 8 წელია, ამ სფეროშია. თვლის, რომ გოგონებთან შედარებით,
ბიჭი მოდელების მდგომარეობა, უფრო რთულადაა.

ლაშა ჯაფარიძე:
- რომელიმე სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტით ყოფნა, გამართლებულად არ მიმაჩნია. არავითარი დაინტერესება არ მოდის სააგენტოსგან, მხოლოდ მადლობებით კი, ვერ იცხოვრებ. 8 წლის განმავლობაში, პოდიუმიდან, მხოლოდ 550 დოლარი მაქვს ნაშოვნი. აქედან ჩანს, რა სიტუაციაა ჩვენს სამოდელო ბიზნესში. გოგონების შემთხვევაში, ოდნავ კარგი სიტუაციაა, მათზე უფროა მოთხოვნა, ვიდრე ბიჭებზე.

ყველაზე კარგი სიტუაცია, მაკა ასათიანის პერიოდში იყო. მან, მოდელების ჰონორარებიც კი ასწია და ის, რომ დღეს, პოდიუმზე გამოსასვლელად, ჰონორარზე ვაჭრობა, 100 დოლარიდან იწყება, მაკას დამსახურებაა.

საერთოდ, რა მოდაზეა საუბარი, როდესაც ჩვენებებზე, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, ვის უფრო კარგი მკერდი აქვს, ვინ გასუქდა, ვინაა გასათხოვარი…

ჩვენებებზე, მაყურებლის 70 პროცენტი, იმისთვის მოდის, რომ გოგო შეაფასოს და შეათვალიეროს. იმის გამო, რომ საქართველოში, მოდელებს, პროფესიული პერსპექტივა ნაკლებად აქვთ, ისღა დარჩენიათ - კარგად გათხოვდნენ. გათხოვებამ, ბევრი პერსპექტიული მოდელი გააქრო, პოდიუმიდან.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N 11-ის არქივიდან.2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე