ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში, შარტავას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მომხდარ ფაქტზე მღებრიშვილის უწყება მხოლოდ მცირე განცხადებით შემოიფარგლა, შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, ვინ ვის სძალავდა დიდი ოდენობით თანხას. „პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული თბილისში მცხოვრები ბიზნესმენია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე გაზგასამართ სადგურს ფლობს. ჩვენ მოვახერხეთ დაზარალებულთან დაკავშირება და მასთან ამ საქმის გაუხმაურებელი დეტალების გარკვევა. აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენს ფულს „კანონიერი ქურდების“ ჩარევით სძალავდნენ. საქმის მასალებში დევს ოპერატიული ფარული ჩანაწერები, რითიც ამ საქმესთან კრიმინალური ავტორიტეტების კავშირი დასტურდება, თუმცა სანამ ამ დეტალებს გიამბობთ და თავად ბიზნესმენის ინტერვიუს გაგაცნობთ, ვნახოთ, რა წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ჟ. და ბ.ჯ. ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, სანამ ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდათ. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“.
ასეთია შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით კი, შესაძლოა, საქმეზე კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მათ შორის შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წაუყენონ.
მოქალაქე ა.ლ., რომლისგანაც ზემოხსენებული პირები 200 000 დოლარს ითხოვდნენ, საავტომობილო გაზის ბიზნესით არის დაკავებული. ჩვენ დაზარალებულის თხოვნით არც მის ვინაობას ვასახელებთ და არც კომპანიის სახელწოდებას, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია საკმაოდ ცნობილ გაზგასამართ ქსელზე. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ სპეცოპერაციას ფიზიკური ანგარიშსწორება უძღოდა. საქმის მთავარი ფიგურანტი კომპანია „სუპერ გაზი იტალია 2“-ის ერთ-ერთი მეწილე კობა ფანგანია, რომელიც ამავდროულად სხვა რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს. იგი გახლდათ მეწილე შპს „საფე სერვისშიც“. ეს გახლავთ კომპანია, რომელსაც საქართველოში გაზგასამართი სადგურების აღჭურვილობა, ე.წ. კომპრესორები შემოჰქონდა. ა.ლ-მ სწორედ ამ კომპანიისგან შეისყიდა კომპრესორები საკუთარი ბიზნესის გასამართად, თუმცა წლების შემდეგ ეს საკითხი ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ქურდული გარჩევების საფუძველი გახდა. ვნახოთ, რას ყვება დაზარალებული ბიზნესმენი ა.ლ.:
– ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ამ პიროვნებასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ის გახლდათ „საფე სერვისის“ მეწილე. მათგან მე შევიძინე კომპრესორი 2007 წელს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დაზიანებული და დეფექტიანი, თუმცა მოვილაპარაკეთ და სიტუაცია გამოსწორდა. მიუხედავად იმისა, რომ ზარალი მოგვაყენა, კომპრესორი უკან მთლიანად არ დავაბრუნე და მხოლოდ ნაწილის გამოცვლაზე დავთანხმდი. ამის შემდეგ არანაირი გართულება არ ყოფილა. 2007 წლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივ გრძელდებოდა ამ კომპანიასთან. ეს გახლდათ იტალიური კომპანიის წარმომადგენლობა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მერე იგივე პრობლემა შეუქმნეს „გალფს“, ამ კომპანიამ მიმართა იტალიურ მხარეს და საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ დაკარგეს უფლება. „გალფის“ დირექტორატი ჩავიდა იტალიაში და ისე გააკეთეს, რომ საერთოდ დააკარგვინეს წარმომადგენლობის უფლება.
– გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ „გალფი“ კეზერაშვილის სახელთან იყო დაკავშირებული, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ კეზერაშვილმა დააკარგვინათ კომპანია?
– არა. ეს იყო იტალიური კომპანიის გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში კეზერაშვილს არანაირი ინტერესი არ ჰქონია. არ იყო ამხელა მნიშვნელობის საკითხი. მოკლედ, წარმომადგენლობის დაკარგვის შემდეგ, მათ შექმნეს ახალი კომპანია, რომელსაც, ასევე, შემოჰქონდა კომპრესორები, ოღონდ ამჯერად ნაწილი არგენტინიდან და ნაწილი ისევ იტალიიდან. 2012 წელს ახალი გაზგასამართი სადგურისთვის დამჭირდა კომპრესორი და ამ ახალ კომპანიასთან შევთანხმდით შესყიდვაზე. 168 000 ევროდან 50 000 ევრო წინასწარ გადავუხადე, დანარჩენი უნდა გადამეხადა დადგენილი გრაფიკით და ასეც მოხდა. შეთანხმებულ ვადაში ეს თანხა მთლიანად გადავუხადე, რასაც ადასტურებს საბუღალტრო დოკუმენტაციაც. ამ პერიოდში კობა ფანგანთან არანაირი შეხება არ მქონია.
– როდესაც გქონდათ გამოცდილება, რომ 2007 წელს დაზიანებული საქონელი მოგაწოდეს, კვლავ ამ პიროვნებასთან რატომ დაიჭირეთ საქმე?
– მე კობა ფანგანთან შეხება არ მქონია. კომპანიას ჰყავდა სხვა პასუხისმგებელი პირი და მასთან ვურთიერთობდით. ჩვენ ვჭირდებოდა საქონელი, რომელიც მათ ჰქონდათ და ცხადია, წარსული გაუგებრობის გამო, ურთიერთობას ვერ გავწყვეტდით. მით უმეტეს, რომ მაშინ ის პრობლემა ჩვეულებრივ, ყოველგვარი გართულების გარეშე მოგვარდა. მოკლედ, ბოლო ურთიერთობიდან გავიდა 4 წელი, ამ ხნის განმავლობაში არ გვქონია არანაირი დაძაბულობა და ცხადია, არც პრეტენზია გამოუთქვამს რაიმეზე. მოულოდნელად, 10 აპრილს შემომივარდა ოფისში, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დამემუქრა „კანონიერი ქურდებით“.
– კონკრეტულად?
– ამ ეტაპზე სახელსა და გვარებს არ დავასახელებ, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და არ მინდა, ხელი შევუშალო. სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდნენ, რომ უნდა გადამეხადა 200 000 დოლარი და კომპანიის 25 პროცენტი გადამეფორმებინა თავის ნდობით აღჭურვილ პირზე. მომთხოვეს, რომ ქურდული გარჩევის მიზნით გავყოლოდი სტამბულში. მე დავთანხმდი, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მეორე დილითვე დამირეკეს, – გველოდებიან ქურდებიო და მსგავსი საუბარი… ამის შემდეგ გვქონდა კიდევ რამდენიმე შეხვედრა და საბოლოოდ გადაწყდა რომ 29 მაისს სკაიპის მეშვეობით უნდა დაგვლაპარაკებოდნენ „კანონიერი ქურდები“, თუმცა შსს-ს მიერ იმავე დღეს დაიგეგმა სპეცოპერაცია და ორი გამომძალველი დააკავეს. თავად ფანგანი მანამდე, რამდენიმე დღით ადრე უკვე დაკავებული ჰყოლიათ, ოღონდ სხვა ბრალდებით.