ავტორი: რეზო შატაკიშვილი
იყო კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილი, იყო გელა ჩარკვიანის ვაჟი და შეეძლო არხეინად ეცხოვრა მათ ჩრდილში წამოგორებულს.
მაგრამ ის არ იყო არხეინი. მას ლაღი ცხოვრება ერჩია.
ის იყო ირაკლი ჩარკვიანი.
მხოლოდ მის პოეზიაში შეიძლებოდა ყაყანი შემწვარიყო იასამანში – ბეწვითა და სისხლით.
„მოწყენილობას სჭირდება შველა, თორემ მოვა სიბერე…“ – მღეროდა ის. და არ დასცალდა სიბერე.
19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანი 48 წლის გახდებოდა. აღარაა მოწყენილობის ნომერ პირველი მტერი. კაცი, რომელიც მუდამ აღელვებდა საზოგადოებას, შოკში აგდებდა, მავანს ჭკუიდან შლიდა.
არ მავიწყდება ჩემი თაობის საყვარელი ჰიტი – „შენ აფრენ“, და არც ის, რაც მავნე ტოტების გასხეპვის ინიციატორმა – რეზო ამაშუკელმა ბრძანა: “თვითონ აფრენს და ჩვენც გაგვაფრენინებსო”.
ირაკლისთვის კი მთავარი იყო ფრენა, გაფრენა, რომ მისწვდე კოსმოსს და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საიდან აფრინდებოდი. „აფრინდით თუნდაც უნიტაზიდან“ – ასე მოუწოდებდა ის ხალხს იმ ინტერვიუში, რომელიც 10-11 წლის წინათ ჩავწერე.
ცოტა მოგვიანებით კი დასძენდა: „ფრენა შიშთან არის დაკავშირებული. დიდხანს ფრენა არ შეიძლება. იკაროსივით რომ არ დაიწვა. შიში ზომიერს გხდის, ანუ ოქროს ფრენა – არც იწვები და არც დაფრინავ. მე ჯერჯერობით ვახერხებ ასე“.
მას არასოდეს ეშინოდა თამამი განცხადებების, თამამი ნაბიჯების. სტერეოტიპის ლიწინ-ლიწინი ისეთ სიამეს ჰგვრიდა, როგორც გაბრუჟულ ქართველს თეფშების, ჭიქებისა თუ ბოთლების მტვრევა ქორწილში. მას არ სწამდა, რომ დრომოჭმული სტერეოტიპების მსხვრევა ადამიანს რყვნიდა.
საერთოდ, მიაჩნდა, რომ ვერავინ გაგრყვნის, თუ თავად არ გსურს. „თუ გარყვნა არ გინდა, როგორ უნდა გაირყვნა?“ ცხოვრობდა ბოჰემური ცხოვრებით და მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო ამ თავისი თამამი, ბოჰემური ცხოვრებით. იყო თავისუფალი და მის თავისუფლებას ვერ ზღუდავდა ვერაფერი. უნდოდა, თავს გადაიპარსავდა და ეგვიპტელი ქურუმივით ივლიდა; უნდოდა, საყურეს დაიკიდებდა; მოუდებოდა და თავზე ფარშევანგს შეისვამდა და ისე გაივლიდა.
ქმნიდა ღირებულ მუსიკას, მაღალმხატვრულ პოეზიას, პროზას. ამბობდა იმას, რაც სწამდა. ჯერ კიდევ ყველა რომ გუნდრუკს უკმევდა შევარდნაძეს, ის საჯაროდ გამოდიოდა მის წინააღმდეგ. ეს იმ დროს, როცა იმ შევარდნაძის გვერდით მამამისი იდგა.მოგვიანებით იტყვის: „იმ დროს მამასთან კონტაქტი პრაქტიკულად გავწყვიტე, ანგარიშს ვერავის ვერ გავუწევ. გადაწყვეტილება ყველამ თვითონ უნდა მიიღოს“. როცა რამე არ მოსწონდა, ვერავინ და ვერაფერი აკავებდა.
ერთ მშვენიერ დღეს თვითკორონაცია მოაწყო და თავი მეფედ გამოაცხადა. ბევრი გახეთქა გულზე ამ გამეფებით, მაგრამ იმ ბევრს ბოღმა მაშინ უფრო ჩაექცათ ტვინში, როცა საზოგადოებამ მისი ტიტული აიტაცა, მიიღო.
თავად ირაკლი ასე ხსნიდა თავის „მონარქიულ ცუღლუტობას“: – ეს საზოგადოების გამოფხიზლებისთვის გაკეთებული პატარა კულტურული შოკი იყო, ასეთ დროს საზოგადოება ცოცხლდება, ადრენალინი გამოიყოფა და კულტურაში რაღაც დინამიური ცვლილებები იწყება. ისე, ჩემთვის აგრესიაც სასიამოვნოა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანი გამოვაღვიძე… „მეფე“ იმიტომაც დავირქვი, რომ საქართველოში მეფეების შიში და სიყვარული საბოლოოდ აღმოვფხვრა, ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ყოველ მეათეს შეუძლია, მეფე დაირქვას და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“.
„მე რეაქციას ვიწვევ და რეაქცია მშობს“ – წერდა პოეტი ჩარკვიანი.
„პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი, მომისმინე მე…
არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემს გადახოტრილ თავს…
მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს”…
ჩარკვიანის პოეტური სამყარო დახუნძლულია მაღალმხატვრული სახეებით, მეტაფორებით და… იქვე მოულოდნელი გამოხდომებით. ყოფის უეცარი შემოდინებით. მისი პოეზია სავსეა ზეცისა და მიწის მოკლე ჩართვებით.
და ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვისაა – „მე ახალ ტალღას ვიწვევ, რომ გაგიტანო შორს… რაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას, გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას”…
ასოციაციობანა მეფესთან
წლების წინათ ერთი რუბრიკა მქონდა, „ასოციაციობანა“ ერქვა მარტივად. საგანგებოდ რესპონდენტისთვის შერჩეულ, ანბანურად დალაგებულ სიტყვებზე რესპონდენტი თავის ასოციაციებს უზიარებდა მკითხველს…
ირაკლი მართლაც რომ სასურველი რესპონდენტი იყო. მისი პოეზია ხომ სწორედ უსასრულო ჯაჭვია ასოციაციებისა…
„უმოძრაობა, ტბა, სისხლით ტკბობა, ნიავი, აშლილ ბალანში გველი, ტოტები, ისრები, დააღე პირი, ისრის სისხლიან ბოლოს დააკვირდი, წმინდათაწმინდა, მწვადი და საკმეველი, ქალის მკერდივით ჩამოზრდილი მიტოვებული ჭერი და ჭაღი, ჭიანჭველათა სასახლე, დაღარული პურის ნაჭერი, ფილტვივით მსუყე, ამოაფურთხა, გადმოანთხია ფოთლებზე ზიზღი, გულღვიძლში შედედებული წებო, მარადიული წყურვილი, შურისძიება, ყინულის ლოლო, წვინტლის ლოკოკინა, ზამთრის ცხედარში ჩასახული ყვავილთა ჟინი, აღმოცენდება ისტორია!!!“ – გვიმღეროდა მეფე…
დღეს კი უკვე ისტორიაა მეფესთან ჩაწერილი ასოციაციობანა…
ფრაგმენტები იმ „ასოციაციობანადან“:
ა-ვანგარდი – ავანგარდს ყოველთვის კბილებიანი წინააღმდეგობები ახლავს, თვითონაც ალიგატორს ჰგავს.
ბ-არიგა – იუდა თავის ვერცხლებით.
გ-ეიშა – ძალიან დიდი გული, სავსე სიყვარულით.
დ-ოპინგი – დინოზავრი, დინოზავრის ენერგიას გმატებს. მე თვითონ ვარ სხვების დოპინგი და დოპინგის გამოყენება არ მჭირდება. როგორც ხელოვნებაა ნარკოტიკი და შენ თვითონ ხარ ნარკოტიკი, ამიტომ შენ თვითონ ნარკოტიკის გამოყენება აღარ გჭირდება.
ე-ლიტა – გველის ასოციაციას ბადებს – გველი-ტა. გველს ჰგავს ელიტა, გველივით დასრიალებს და დასისინებს.
ვ-ერა – ვერა-ფერს გეტყვი მაგაზე.
ზ-ეწარი – ზღარბია, მოსვენებას არ გაძლევს, გესობა.
თ-რიაქი – ფორიაქი. თრიაქი უფრო ხშირად ნევროზს მართებს ადამიანებს. თავიდან გაწყნარებს, მაგრამ ბევრს რომ მოწევ, პირიქით შვრება. გარღვევს და გშლის. სჯობია, დოპინგიც და თრიაქიც თვითონ გამოიმუშაო და გარედან არ მიიღო.
ი-ნტერნეტი – იპოხონდრია, იდუმალი „ცეერუ“, შექმნილი მილიონების დასავამპირებლად და გადასაყლაპად. შექმნილი იმისთვის, რომ იცოდეს ყველაზე ყველაფერი, რაც ადამიანებს აქცევს ერთ მთლიან მონობაში.
კ-ოსმოსი – კოსმოსი არის ჩემს კატაშიც.
ლ-ეგენდა – ლიანებს მაგონებს, ჯუნგლებში რომაა. უამრავი ხალხის სული და ტვინია დაკიდებული ამ ლეგენდებზე და ირწევიან, როგორც მაიმუნები ლიანებზე.
რ-იჟრაჟი – ტანში რიჟა ჟრიალი.
ს-ილიკონი – მუცლის ქონი, ყოველ შემთხვევაში ძუძუებთან არ მაქვს ასოციაცია.
ც-ოცხი – ფარშევანგი. ფერადი ცოცხები არ არსებობს, მაგრამ 22ე საუკუნეში, ალბათ, იარსებებს.
ჭ-იაკოკონა – ჭიაკოკონა არის ჭუჭუ.
ჰ-ალსტუხი – ჰალსტუხიან ტიპებზე ასოციაციები კი არა, ჰალუცინაციები მეწყება…
მეფე და კომპიუტერი
ირაკლი ჩარკვიანი კომპიუტერთან მუსიკამ დააახლოვა – ლონდონში, მეგობართან ერთად, მუსიკას წერდა და მაშინ მოუწია პირველად კომპიუტერთან შეხება. მერე კომპიუტერმა მის პროზაშიც „ამოყო“ თავი – დაწერა მოთხრობა „იმეილები ფატიმას“.
„მინდოდა, ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა მომეძებნა, რომელიც იქნებოდა როგორც კი ბერული, ვირტუალური, ასევე ლიტერატურული. ანუ ლიტერატურა არა ქაღალდზე ნაბეჭდი, არამედ ვირტუალური, რომელიც მხოლოდ ამ სივრცეში არსებობს და არ იბეჭდება ქაღალდზე. მინდოდა ასეც დარჩენილიყო, არ დაბეჭდილიყო, მაგრამ რომანის ნაწილი იყო და მაინც მომიწია დაბეჭდვა, თუმცა მაქვს მოთხრობები, რომელიც ქაღალდზე არ გადმოსულა… კომპიუტერს დიდი დრო არ უნდა დაუთმო. კომპიუტერს კი არა, არაფერს არ უნდა დაავამპირებინო თავი. ცოტა ისეთი ტიპია, შეუძლია, ბევრი რაღაც ამოგაცალოს ისეთი, რომელიც სჯობია შენთვის დაიტოვო. ჩემს დავამპირებასაც შეეცადა. შეეცადა, რომელია, როცა კომპიუტერთან დავიწყე მუშაობა, იმდენი ენერგია და დრო დამაკარგვინა…
მივიხედ-მოვიხედე და ერთი თვე ისე იყო გასული, ვერც გავიგე. ბევრს ვიცნობ ისეთს, რომელიც ინტერნეტს ნარკოტიკივით ხმარობს და მის გარეშე არ შეუძლია. მახსოვს, პირველად რომ შევედი ინტერნეტში, რაღაც ახალ სივრცეში, მანამდე უცნობ განზომილებაში აღმოვჩნდი და ამან მიმიზიდა. ესაა არარსებული განზომილება, მაგრამ შეგიძლია, ადამიანებთან იკონტაქტო. მაშინ ჩემთვის ეს აღმოჩენასავით იყო და სულ ინტერნეტში ვიყავი, ვჩეტაობდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ერთი ვირტუალურ სექსამდე არ მივსულვარ, არ მქონია მაგის სურვილი, თორემ რომ გამჩენოდა, მაგასაც ვიკისრებდი.
ბოლო წლებია, ამ სივრცისადმი ინტერესი დავკარგე, კომპიუტერს მხოლოდ მუსიკისთვის და იმეილების შესამოწმებლადღა ვიყენებ. ერთი პერიოდი რაღაც პროგრესული მოვლენა მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს, უბრალოდ, ყოფითი და ჩვეულებრივი რამეა, და როგორც ინსტრუმენტი, ისე უნდა გამოიყენო. არ უნდა გააფეტიშო. არ უნდა იყო კომპიუტერის გიჟი, საერთოდ, არაფრის გიჟი არ უნდა იყო და მით უმეტეს, კომპიუტერის”.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N35-ის არქივიდან 2009 წ.)