ავტორი: დავით ჯანელიძე
ბრაზილიელი ლამაზმანები, კრისტინა სანტანა და ანდრეზა ჩაგასი საქართველოს დროშის ქვეშ თამაშობენ. თუმცა, კაცთა წყვილისგან, რენატოსა და ჟორჟისგან განსხვავებით, საქართველოში ნამყოფები არ არიან.
ჩვენმა პლაჟბურთელებმა - კრისტინა სანტანამ და ანდრეზა ჩაგასმა, იგივე “საქა” “რთველო”-მ (ეს მათი მეტსახელებია), პეკინის ოლიმპიადაზე კარგად ითამაშეს, ჯგუფში რუსების წყვილი ურიადოვა-შირიევა დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს, აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო, ის გამარჯვება გულზე მალამოსავით დაედო. ეს ამბავი სასიამოვნო უფრო მეტად იმადაც გახლდათ, რომ ბრაზილიელებს სრულად ჰქონდათ ამ მატჩის მნიშვნელობა გათავისებული. რუსებს გაათმაგებული ენერგიით დაუპირისპირდნენ და ლამის წაგებული მატჩი შემოუტრიალეს. კრისტინასთან და ანდრეზასთან, ოლიმპიადის ამბების გარდა, მათ პირადულ ცხოვრებაზეც ვისაუბრეთ.
კრისტინა: ოლიმპიადის საგზური ბოლო მომენტში მოვიპოვეთ და ამან ძალიან გაგვახარა. მთლიანობაში პეკინში ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ. მთავარი მიზანი რუსების დამარცხება იყო და ეს ამოცანა წარმატებით შევასრულეთ.
ანდრეზა: მართლა არ გვეგონა, რუსებთან მატჩი ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა. შეხვედრას 11 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და პრესკონფერენციაზე 250 ჟურნალისტი მოვიდა. ასეთმა ყურადღებამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა. ქართველებთან ურთიერთობაში ვგრძნობდით, რომ ძალიან უნდოდათ რუსების დამარცხება. მატჩის შემდეგ უბედნიერესი ადამიანები ვიყავით. ეს გამარჯვება ცხოვრების ბოლომდე არ დაგვავიწყდება.
- ნამატჩევ პრესკონფერენციაზე რუსმა პლაჟბურთელებმა საკმაოდ უხეშად ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ თქვენ ქართველები არ იყავით და არც ის იცოდით, საქართველოს პრეზიდენტი ვინ იყო.
ანდრეზა: ჰო, ეს ძაან მაგარი იყო, დაბოღმილები იყვნენ, რაზეც კრისტინამ წაკლურად უპასუხა, ჩვენ ქართული პასპორტი გვაქვს, ქართველები ვართ, ტაბლოზე წერია, რომ საქართველომ დაამარცხა რუსეთი, დანარჩენი კი ფეხებზე მკიდიაო.
კრისტინა: რუსებმა ძალიან გამაღიზიანეს. სწორედ იმ დღეებში საქართველოს პირველ ლედის,სანდრა რულოვსსაც ვესაუბრეთ. რუსი სპორტსმენების საქციელი ლამაზი ნამდვილად არ იყო.
- რაზე ისაუბრეთ სანდრა რულოვსთან?
კრისტრინა: მაშინ პეკინიდან ქართული დელეგაციის დაბრუნებაზე იყო საუბარი. ჩვენ ვუთხარით, რომ საქართველოში არავინ გვყავდა და იმ დროისთვის ვერც ბრაზილიაში წასვლას მოვახერხებდით. ამიტომ გვერჩივნა, პეკინში დავრჩენილიყავით და მთავარი საქმე რუსების დამარცხებით გაგვეკეთებინა. საბედნიეროდ, მერე გადაწყდა, რომ ჩინეთში ვრჩებოდით.
- თქვენს თამაშს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორი განწყობა იყო ამ მხრივ ბრაზილიაში?
ანდრეზა: ოლიმპიადაზე ბრაზილიელი გულშემატკივარი თითქმის არ გვიცნობდა, პეკინში თამაშის შემდეგ კი ძალიან ბევრი გვცნობს. ქუჩაში რომ მივდივართ, გვაჩერებენ და გვესაუბრებიან, რაც მართლა სასიამოვნოა. ბრაზილიური წყვილის შემდეგ ხომ მთელი ქვეყანა გვქომაგობდა. წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა ჩვენს სამშობლოში, როდესაც თანამემამულეებს პეკინში პირველი სეტი მოვუგეთ. ბრაზილიელი ხალხი ვანერვიულეთ, თუმცა მათგან საოცარ სითბოს ვგრძნობთ.
- ტურნირებში მუდმივად მონაწილეობთ და ხშირად თვეობით სამშობლოში ვერ ჩადიხართ. როგორ ეგუებიან ამას თქვენს ოჯახში?
კრისტინა: რთულია, თვეობით ოჯახისგან მოწყვეტა, მაგრამ ასეთი პროფესია გვაქვს და რა გაეწყობა. მე ის მეხმარება, რომ მეუღლე ჰარლი მარკესი პლაჟბურთელია და ხშირად ერთად ვართ. თუმცა ოჯახი მაინც ძალიან მენატრება. ჰარლის ახლახან გავყევი ცოლად. ქორწილი შარშან ოქტომბერში გვქონდა. წმინდა ბრაზილიური ქორწილი იყო. ბევრი ტკბილეულით, ათასნაირი სასმელითა და ბევრი ცეკვით. დილამდე გავერთეთ.
ანდრეზა: ოჯახთან განშორება მეც ძალიან მიჭირს. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ბრაზილიაშია. მას იქ წვენების ქარხანა აქვს და სულ საქმეშია. სამწუხაროდ, ვერ ახერხებს ხშირ მოგზაურობას და ჩემთან დიდხანს ყოფნას. მას იშვიათად ვნახულობ. ისე კი, ახლახან, გერმანიაში ყოფნის დროს, ვეღარ მოითმინა და ჩამომაკითხა.
- პლაჟბურთი დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და საკმაოდ დამღლელია. მატჩების შემდეგ როგორ ისვენებთ?
კრისტინა: ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ხშირად ვკითხულობ. მომქანცველი თამაშების შემდეგ განტვირთვის საშუალებაა.
ანდრეზა: კითხვა მეც ძალიან მიყვარს თუ დრო მაქვს, არც გასეირნებაზე ვამბობ უარს.
- მუდმივად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობთ, გამორჩევით თუ მოგწონთ რომელიმე?
კრისტინა: მეც და ანდრეზასაც საფრანგეთი გვიყვარს, სასიამოვნოა იქ თამაში. არაფერი სჯობს იმას, როდესაც თამაშობ და იცი, რომ შენს უკან ეიფელის კოშკია. პარიზი ყველაზე რომანტიკულია და ძალიან გვიყვარს.
ანდრეზა: ბევრ ქვეყანაში კი ვმოგზაურობთ, მაგრამ იმის დრო ნაკლებად გვრჩება, რომ მატჩების მერე გავისეირნოთ და ღირსშესანიშნაობები დავათვალიეროთ, რაც ძალიან ცუდია.
- ახლა ის გვითხარით, კარიერის დასრულების შემდეგ რის გაკეთებას აპირებთ?
კრისტინა: ბიზნესისა და მარკეტინგის სპეციალობა მაქვს, თუმცა კარიერის დამთავრების შემდეგ ძალიან მინდა ჩემი საკუთარი სკოლა მქონდეს. ასევე, მინდა დედა გავხდე და შვილები გავზარდო.
ანდრეზა: სპორტული განათლება მივიღე და საბუღალტრო კურსებიც გავიარე. სურვილი მაქვს, ცოდნა გავიღრმაო და ბუღალტერიში სწავლა გავაგრძელო.
- ისევ პლაჟბურთს დავუბრუნდეთ, ალბათ, უკვე ფიქრობთ 2010 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე.
კრისტინა: ოლიმპიადისთვის მზადებას 12 იანვრიდან დავიწყებთ, როგორც კი სანაკრებო მატჩები დასრულდება. პეკინის ოლიმპიადის საგზური ბოლოს მოვიპოვეთ, ახლა იგივე არ უნდა განმეორდეს. 2011 წელს უკვე ლიცენზია უნდა გვქონდეს და 2012 წელს მთლიანად ოლიმპიადისთვის მზადებას დავუთმობთ.
- საქართველოში ჩამოსვლას როდისღა აპირებთ?
ანდრეზა: საქართველოს ნახვა ძალიან გვინდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახლოს გავიცანით ქართველი ხალხი. მათ უდიდესი სითბო დაგვანახვეს და ერთი სული გვაქვს, თბილისში როდის ჩამოვალთ. იმედია, ეს მალე მოხდება.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N 11-ის არქივიდან.2009 წ.)