ჩუბჩიკა – ”ზუსტად იმ ფუნჯით დავიწყე ხატვა - წიგნი გამოვეცი და მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი"

15:49 07-18-2016
378

ავტორი:  დეა თავბერიძე.

“როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მესამე დღეს ავედი სახელოსნოში. ზუსტად, იმ საღებავით და ფუნჯით, რომლითაც ის მუშაობდა - დავიწყე ხატვა. მამას, ყველაზე მეტად მუშაობა უხაროდა, არ მინდოდა ეს პროცესი გამეწყვიტა…”

დიდი ხანია, ჩუბჩიკასთან სახელოსნოში არ ვყოფილვარ… მისი უბრალოება, ბევრს იზიდავდა… აქ ხშირად იკრიბებოდნენ მისი მეგობრები, რომლებიც პროფესიონალები და საინტერესო ადამიანები იყვნენ: ვახუშტი კოტეტიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ედმუნდ კალანდაძე, დიმა ერისთავი, ჯემალ ლოლუა… სახელოსნოს კარი, ახლაც ღიაა, მასპინძელი კი, გიკა მირზაშვილია.

იცი, რა მიხაროდა? ბავშვობიდან, ჩემდამი სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ. რჩევას მაძლევდნენ, რაც ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა. აღნიშნავდნენ, რომ ჩემი ხელწერა, დავიმკვიდრე. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, არაერთი გამოფენა ჰქონია. საზღვარგარეთაც გაუტანიათ მისი ნახატები. ბოლო ინფორმაციით, გიკა მირზაშვილის ნამუშევარი, მოსკოვის ერთ-ერთ გალერეაში, 20 000 დოლარად არის შეფასებული.
არ იცის რომელი ნახატია, არც ის, იქ საიდან გაჩნდა, არც ის, ვის მიჰყიდა და რამდენად… არც უცდია გარკვევა. ასეთია ის, უცნაური და თავისებური…

ყველა მხატვარი, ცოტათი გიჟია, როცა ასე მძაფრად აღიქვამ ფერს, ვერ უნდა იყო მთლად ნორმალური. აქედან გამომდინარე, ვიღაც თავისებურს დაგიძახებს, ვიღაც უცნაურს, ვიღაც გიჟს… არ მწყინს, მართლაც ასეა და რას იზამ…

მხატვარი და პოლიტიკა

ამ ბოლო დროს, პოლიტიკა, ძალიან შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში… ცუდია. მე რომ მთხოვო ნახატის დახატვა, დაგიხატავ და დაგიმტკიცებ, რომ ჩემი საქმის კეთება შემიძლია. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მით უმეტეს მხატვარი, არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრები, გიჟები ვართ, წესიერი ხალხი ვართ…
მხატვარს, ბევრი არ სჭირდება. მინიმალური თანხა იმისთვის, რომ იარსებოს. მიხედოს ოჯახს, გადაიხადოს გადასახადები და ელემენტარულად, იყიდოს მასალა. ამისთვის, უნდა გაიყიდოს ნამუშევარი. ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივ, ბევრად რთულადაა საქმე, ათასში ერთხელ იყიდება რაღაც…

მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალს არ ვყრი. ადამიანმა, გული არ უნდა გაიტეხო… მჯერა,,თუ მაქსიმალურად დაიხარჯები, ადრე თუ გვიან, შედეგსაც მიიღებ და აუცილებლად გახვალ ფონს.

ლოთობის პერიოდი

როცა ჩაგითრევს, ძნელია იქედან გამოქცევა, მე ჩემი წილი უკვე დავლიე… ფხიზელი გონებით, ბევრად უფრო საინტერესოა ცხოვრება…
მის ცხოვრებაში, ლოთობის პერიოდიც იყო, ნასვამს, არასოდეს არაფერი დაუხატავს, სამაგიეროდ, ბევრი დაუწერია. გამძაფრებულმა აღქმამ, უამრავი რამ დალექა მის გონებაში. რომელიც შემდეგ, ფრაზებად აღმოცენდა და ხელსახოცზე, სიგარეტის კოლოფზე, ქაღალდის ნაგლეჯზე, დასახლდა…

ასე შეიქმნა, ნოსტალგიით გაჟღენთილი, ქალაქური ლექსები… ფრაზებში გაცოცხლებული, წარსულს ჩაბარებული ისტორიებით…. 

პირველი წიგნის შესავალი, სწორედ ამ ჩანაწერებით არის დამონტაჟებული.

მამაჩემი, აზარტული კაცი იყო. როცა ეს ჩანაწერები წაიკითხა, მოეწონა, გადაწყვიტა დაებეჭდა. სულ დარბოდა… ხან გამომცემლობაში, ხან სტამბაში. სიცოცხლეში, რამდენიმე ბუკლეტიც დაბეჭდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თავი მოვუყარე, წიგნად გამოვეცი და მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი.

სცენა და გამოფენა

გამორჩეულ ფოტოებს იღებს… დასარტყამ ინსტრუმენტზეც უკრავს… ირაკლი ჩარკვიანის კონცერტს, მისი აკომპანიმენტის გარეშე, არ ჩაუვლია. ბონგებზე და ტამტამებზეც უკრავდა. ისინი, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. იმ პერიოდს, საინტერესო ცხოვრებას ეძახის…

ახლა სახლში, ზოგჯერ, ჩემთვის ვერთობი… ზოგს, სცენაზე ყოფნის შიში აქვს, მე ბევრად მიჭირს, გამოფენის გახსნაზე ყოფნა. თავს, მარტო ვგრძნობ და ძალიან ვიღლები…

მიუხედავად ამისა, მის ცხოვრებაში, კიდევ ერთი გამოფენა შედგა. ორი წიგნის პრეზენტაციაც იყო, აქედან წარმტაცი ქალაქი, ჩუბჩიკას მიუძღვნა… გამოფენაზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები კი შვილს, ირაკლი მირზაშვილს. რომელმაც სხვა პროფესია აირჩია, თუმცა, მამისა და ბაბუის ნიჭიც გამოჰყვა:

ბევრს ვხატავ, მაგრამ ჩემი ნახატები, ძალიან განსხვავდება, მამაჩემისა და ბაბუაჩემის ნამუშევრებისგან. მე უფრო, ნახშირსა და ზეთის პასტელებს ვხმარობ, პასტელებით მამაჩემიც ხატავს, მაგრამ ჩემი სტილი, მაინც განსხვავებულია.

(გაზეთ “პრაიმტაიმის” N 5-ის არქივიდან)

ავტორი: რუსა ღვანიძე