წლის იღბლიანი – ანიტა რაჭველიშვილი – “ლა სკალაში” პროცენტიანი ვალით

17:31 02-08-2017
314

ავტორი: ავთო ჩიტიძე

25 წლის ანიტა რა­ჭველიშვილი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც „ლა სკალ­აში“ 2009 წლის სეზონი გახსნა. მან „კარმენში“ იმღერა. მსოფლიოს ამ პრესტიჟულ საოპერო სცენაზე ბევრ ქართვე­ლს უმღერია, მაგრამ მთავარი პარტიით, სა­ოპერო სეზონი არავის გაუხსნია.

ანიტა რაჭველიშვილი, თამამად შეიძლება, 2009 წლის ყველაზე იღბლიან ადამიანად ჩაითვალოს. ანიტა, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საოპერო მომღერალია. მისი განრიგი 2012 წლის ჩათვლით უკვე გაწერილია.

ანიტა რაჭველიშვილს არასდროს უფიქრია, რომ ოპერის სცენაზე დადგებოდა, თუმცა იცოდა, რომ აუცილებლად ხელოვნებას გაჰყვებოდა.

დედა – მეგი დუმბაძე, მეცო-სოპრანო და ქართული ცეკვების შემსრულებელი იყო. მამა – გურამ რაჭველიშვილი კი კომპოზიტორი და გიტარისტი. შვილის საოპერო ხმა პირველად დედამ შენიშნა და პედაგოგთან მიიყვანა.

ცხოვრება შიმშილსა და სიცივეში

– იტალიაში ორწლიანმა ცხ­ოვრებამ შეგცვალათ?

– პირველად მომიწია დამოუკიდებლად ცხოვრება. ყოველთვის ძლიერი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ამ ორმა წელმა უფრო ძლიერი გამხადა. იოლი ცხოვრება არასდროს მქონია. იყო გაჭირვება, შიმშილი, სიცივე…

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოჯახი მაინც ერთად ვიყავით და განსაკუთრებულად ვამხნევებდით ერთმანეთს. ასეთმა ცხოვრებამ უფრო გააძლიერა ჩემში ბრძოლის ინსტინქტი.

– იყო მომენტი, როდესაც ფიქრობდით, რომ თავს დაან­ებებდით სიმღერას და სულ სხვა პროფესიას აირჩევდით?

– კონსერვატორიაში სწავლის დროს მქონდა პერიოდი, როდესაც ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. ვფიქრობდი, რომ სწავლისთვის თავი დამენებებინა და მუშაობა დამეწყო, რათა ელემენტარული ცხოვრების პირობები გვქონოდა. საბედნიეროდ, ჩემმა მშობლებმა ამის ნება არ მომცეს.

– როგორ მოხდა, რომ „ლა სკალას“ წლევანდელი სეზო­ნის გახსნა მთავარი საოპერო პარტიით თქვენ მოგანდეს. როგორ შეგარჩიეს?

– აკადემიაში სწავლისთანავე მუდმივად მქონდა სასიმღერო პარტიები. ახალ სტუდენტებს არასდროს აძლევენ უფლებას, რომ კონცერტებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ მე ხელს მიწყობდნენ, რომ სპექტაკლებში მემღერა. იტალიელებს ჩემი გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირდათ. ამიტომ, ავიღე სხვა გვარი და გავხდი ანიტა რაველი. მაესტრო ბარანბოევმა მითხრა, თუ გინდა მსოფლიოს გააცნო საკუთარი თავი, პირველ რიგში შენი ნამდვილი გვარი უნდა დაამახსოვრებინოო. მეც ისევ დავიბრუნე ჩემი გვარი და მას შემდეგ სადაც კი მიმღერია, ყველგან ჩემი გვარით გამოვდიოდი. „ლა სკალას“ სპექტაკლებშიც პატარ-პატარა როლები მქონდა. წლევანდელი სეზონის გახსნამდე კი დამიბარეს ადმინისტრაციაში და მითხრეს: გადავწყვიტეთ, სეზონი „ლა სკალაში“ მთავარი პარტიით შენ გახსნაო. ბევრს მოვუსმინეთ ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ არჩევანი შენზე გავაკეთეთო. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მაშინვე დავურეკე ჩემს მშობლებს და საქმროს. ემოციები გავუზიარე.

– ასეთი საპატიო მისია და­გეკისრათ. ალბათ „ლა სკალ­ას“ აკადემიაში ბევრი მტერიც გაიჩინეთ.

– სიმართლე რომ გითხრათ, მტრობა არავისგან მიგრძვნია. უბრალოდ, იყო კულისებში საუბარი, რომ არ შეიძლება 25 წლის გოგომ გახსნას „ლა სკალას“ სეზონიო, რადგან ღირსეულად გამოსვლას ვერ შევძლებდი, მაგრამ პრემიერით ყველას დავუმტკიცე, რომ შემიძლია! აქამდე ამ თეატრში, არავის გაუხსნია სეზონი ასეთ ასაკში. მხოლოდ ერთხელ, 22 წლის გოგონამ იმღერა, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ მთავარი მსახიობი ცუდად გახდა და ის ჩაანაცვლა.

უკანასკნელი საჩუქარი პედაგოგს

ანიტა რაჭველიშვილი: – ჩემში მომავალი მომღერალი მზია დავითაშვილმა აღმოაჩინა, რომელმაც მომამზადა და საშუალება მომცა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. იქ კი 6 წელი მანანა ეგაძე მასწავლიდა. ჩემი პედაგოგი დარწმუნებული იყო, რომ,თუკი დავუჯერებდი, დიდ წარმატებას მივაღწევდი. მეც მიზნად დავისახე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მისთვის სურვილი შემესრულებინა. როდესაც ქალბატონმა მანანამ შეიტყო, რომ მძიმედ იყო ავად, განსაკუთრებულად მოინდომა, „ლა სკალას“ აკადემიაში მის სიცოცხლეშივე მომესწრო ჩაბარება. მისი ეს უკანასკნელი სურვილი შევასრულე. 2007 წლის ივნისში ჩავაბარე აკადემიაში გამოცდები და ორ თვეში მანანა ეგაძე გარდაიცვალა…

„ლა სკალაში“ ჩემი მიღება მისი ბოლო სიხარული იყო. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ფანჯრები გამოაღო და მთელი ხმით ეზოში იყვირა – ანიტამ ჩააბარაო. ორმაგი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის იქ სწავლა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სიხარული ვაჩუქე ჩემს პედაგოგს. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ის ზევიდან მიყურებს.

– ნიჭის გარდა იღბალიც დაგჭ­ირდათ „ლა სკალას“ აკადემია­ში მოსახვედრად?

– იღბალი ჩემს მხარეს იყო, რადგან ამ აკადემიაში ორ წელიწადში ერთხელ, ძალიან შეზღუდული რაოდენობით იღებენ სტუდენტებს. 400 კანდიდატიდან 7-8 ადამიანს არჩევენ. გამიმართლა იმაშიც, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინე. ბევრი ბარიერის გადალახვა მომიწია. პირველ რიგში – ენობრივის, რადგან იტალიურად საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი. საბედნიეროდ, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი თბილი და კარგი ადამიანი აღმოჩნდა. პირველი ერთი წელი ძალიან რთული იყო ფინანსურად. იტალიაში სასწავლებლად რომ წავსულიყავი, ჩემმა მშობლებმა ბინა ჩადეს ბანკში და პროცენტიანი ვალი აიღეს. ამიტომ ჩემი სტიპენდია ძირითადად ამ ვალის გასტუმრებაში მიდიოდა. საბედნიეროდ, შევძელი ამ ვალის დაფარვა და დღეს, ჩემი ბინა გლდანში უკვე გირაოში აღარ დევს.

– რა ხდება „ლა სკალას“ აკ­ადემიაში და თეატრში. ალბათ, ბევრი ინტრიგა და შუღლია.

– სამწუხაროდ, „ლა სკალა“ სულაც არ არის ისეთი ლამაზი და ფეიერვერკული, როგორც ერთი შეხედვით, თეატრში მისვლისას ჩანს. აკადემიაში სწავლისას ძალიან ბევრ პედაგოგთან მომიწია მუშაობა, რაც მომღერლისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ორი წელი ვისწავლე და შევძელი, 5 საუკეთესო სტუდენტს შორის მოვხვედრილიყავი.

“ლა სკლაში” ნაპოვნი სიყვარული და ოცნება თბილ სახლზე:

– გაგვაცანით თქვენი საქმრო

– იტალიელი ტენორი რიკარდო მარსი. ერთმანეთი აკადემიაში გავიცანით, ერთად დავამთავრეთ. არაჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ის, ფაქტობრივად, ჩემი მეუღლეა. სულ გვერდით მყავს. კარგად გვესმის ერთმანეთის. ყველაზე რომანტიკული დღეები ამ ზაფხულს სარდინიაში გავატარეთ. რიკარდო ცდილობს, ქართული ენა ისწავლოს.

– როგორ ხვდება თქვენს წარმატებ­ას, თქვენს ჩრდილში ხომ არ ექცევა?

– მართალია, მას ჯერ ჩემნაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს. სხვათა შორის, 4 დეკემბერს, „ლა სკალას“ სცენაზე, სეზონის ოფიციალური გახსნის წინა დღეებში შედგა სპექტაკლი, სადაც ერთად ვიმღერეთ. წესია, რომ დიდ პრემიერამდე პატარა პრემიერა იმართება ხოლმე, რომელსაც აუცილებლად ჰყავს ბევრი მაყურებელი.

– კარგი მზარეული ხართ?

– ძალიან მსიამოვნებს კერძების კეთება. რიკარდოს საცივი შევაყვარე. აჭარულ ხაჭაპურებსაც ვუცხობ. ჩემთვის რთული და გაუკეთებელი კერძი არ არსებობს. ბევრი იტალიური კერძი ვისწავლე და, როგორც აქ მეუბნებიან, ძალიან გემრიელადაც ვამზადებ. მიუხედავად ჩემი კულინარიული მისწრაფებებისა, მუდმივად დიეტაზე ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემთვის მაინც მოვამზადო კერძი ცხიმის გარეშე. თანამედროვე ოპერა მონსერატ კაბალიეს გაბარიტებს აღარ ითხოვს. რეჟისორებსაც არ უნდათ სცენაზე მომღერალი, რომელსა მოძრაობა არ შეუძლია.

– რა აკლია თქვენს ბედნიერებას ამ მომენტში?

– ძალიან მინდა ჩემი ოჯახი ბედნიერი გავხადო და ცხოვრების საუკეთესო პირობები შევუქმნა. ახლა „ლა სკალას“ პრემიერის ჰონორარს ველოდები, რათა სახლში რემონტი დასრულდეს და გათბეს. მინდა, რომ ბებია ამ ზამთარში თბილად მყავდეს. ეს ჩემი ოცნებაა, რომელსაც მალე განვახორციელებ.

 

სტუმრად ანიტასთან

ამ სიტყვების შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი, რომ ანიტას თბილისური სახლი და მისი ოჯახის წევრები გვენახა. გლდანის მერვე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში, მეშვიდე სართულზე ლოჯიას ჯერ ფანჯრები არა აქვს. იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ანიტას მამამ სამი წლის წინ დაიწყო. თუმცა როდესაც ანიტამ „ლა სკალას“ აკადემიაში ჩააბარა, საჭირო გახდა, რემონტისთვის შეგროვილ ფული სულ სხვა მიმართულებით წასულიყო – ის ანიტას სწავლას დასჭირდა.

სახლის დაგირავებაც მოუხდათ. რემონტი სახლში „ლა სკალას“ სეზონის გახსნის შემდეგ განახლდა. ყველაზე მეტად ანიტას მშობლები საკუთარი ქალიშვილის წარმატებით და იტალიაში მის სპექტაკლზე დასწრებით არიან ბედნიერები. ისინი ემზადებოდნენ, რომ ანიტას გამოსვლას „ლა სკალაში“ რადიოს საშუალებით მოისმენდნენ, მაგრამ პრემიერამდე ორი დღით ადრე, სრულიად მოულოდნელად, იტალიაში გაემგზავრნენ და სპექტაკლსაც დაესწრნენ.

მეგი დუმბაძე: მთელი ცხოვრება ვოცნებობდი „ლა სკალაში“ მოხვედრაზე, მაგრამ თუკი იქ ჩემს შვილს ვნახავდი, ამას ვერც კი ვიფიქრებდი. ამიტომაც, „ლა სკ- ალას“ სეზონის გახსნა წელს ჩემთვის ორმაგად ბედნიერი იყო. რომ არა პრეზიდენტის ინიციატივა, ჩვენ ჩვენი საშუალებებით ვერ შევძლებდით იტალიაში გამგზავრებას.

ინტერნეტში მოვძებნეთ რადიო, რომლის საშუალებითაც ვემზადებოდით ანიტას სიმღერის მოსასმენად. თუმცა მოულოდნელად საოპერო თეატრის დარბაზში აღმოვჩნდით. ნახევარი სპექტაკლი თვალებზე ცრემლები არ შემშრობია. სპექტაკლის ბოლოს ყვავილების წვიმა და ხანგრძლივი ოვაცია ჩემი და ჩემი ქმრის ემოციების პიკი იყო. პრემიერის შემდეგ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე დიდი მადლობები გვიხადეს ასეთი შვილის გაზრდისათვის.

გურამ რაჭველიშვილი: მე კი ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ანიტას სახელი აუცილებლად გაჟღერდებოდა დიდ სცენაზე. როდესაც თბილისის კონსერვატორიაში ბაკალავრიატი დაამთავრა, ანიტა ფიქრობდა, რომ მაგისტრატურის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ფინანსურად გვიჭირდა და ჯობდა, ემუშავა. მაგრამ მე ამის უფლება არ მივეცი. დავაჯერე, რომ მას სულ სხვა მომავალი ელოდა. ის ორი წელი ძალიან გავიჭირვეთ და ანიტას საშუალება მივეცით, რომ ბოლომდე მიეღო ცოდნა.

მეგი დუმბაძე: როდესაც ანიტას სწავლის გადასახადი სჭირდებოდა, სამწუხაროდ, ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ დავარწმუნეთ, რომ დაგვხმარებოდა. ამიტომ, იძულებული გავხდით, ჩვენი ერთდაერთი სახლი ბანკში ჩაგვედო და პროცენტი ანი ვალი აგვეღო. ანიტამ მოახერხა და თავისი შრომით ბინა გამოისყიდა. ახლა რემონტი გვაქვს. თებერვალში ჩამოსვლას აპირებს და გვინდა, რომ თბილი სახლი დავახვედროთ.

ქართული ტემპერამენტი ესპანურ  “კარმენში”

– რამდენად უხდებით კარმ­ენს? არის ეს თქვენი ოპერა?

– კარმენი ნამდვილად არის ჩემი ოპერა. მისი შესრულება არ გამჭირვებია, რადგან, ალბათ, მისი ტემპერამენტი ჩემთვისაც მისაღებია. ფიზიკურადაც იდეალური ვარ კარმენისთვის და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ სპექტაკლით შედგა ჩემი პრემიერა.

– წარმატებული პრემიერის პირველი შედეგები რა არის?

– ჩემმა აგენტმა მითხრა, სანამ ოპერის მეორე ნაწილი დასრულდებოდა, ელექტრონულ ფოსტაზე 53 წინადადება იყო სხვადასხვა თეატრებიდანო. მას შემდეგ მუდმივად არის ზარები ნიუ-იორკიდან, პარიზიდან, ბერლინიდან… მთელი მსოფლიოდან. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული სახე მიიღო ჩემმა კარიერამ. ეს უფრო მეტ საშუალებას მომცემს, დავეხმარო ჩემს ოჯახს. 2012 წლამდე გამოსვლები უკვე დაგეგმილი მაქვს. 2011 წელს ვიმღერებ ჩემი ოცნების ოპერას „სამსონი და დალილა“. ძალიან ლამაზი და საინტერესო ოპერაა.

– როგორ უვლით ხმას?

– როგორც ყველა ოპერის მომღერალი, ვცდილობ, არ გავცივდე. ვცდილობ, კარგად და ჯანმრთელად ვიკვებო.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N42-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე