დაკავებული რეპერი ამბობს, რომ დაკავებისას ტელეფონი წაართვეს და დარეკვის უფლება არ მისცეს

18:54 06-09-2017
175

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიას" დაკავებული წევრის, მიშკა მგალობლიშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვა ითხოვა თავად მგალობლიშვილმა. 

"ტაბულას" ინფორმაციით, მგალობლიშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს ნარკოტიკის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით და პოლიციას ნარკოტიკის, " ფერადი შეფერილობის ტაბლეტების ჩადებაში" ადანაშაულებს. 

მგალობლიშვილი მის დაკავებას "ბირჟა მაფიას" რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული.

მგალობლიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა მას უთხრეს, "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და იმისთვის დაისჯებიო". ასევე ელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

დაკავებულის თქმით, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

დაკავებული ასევე ამბობს, რომ პოლიციამ მას დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დეტექტივმა თავის არეში ჩაარტყა. მიშკა მგალობლიშვილის თქმით, მას შეუძლია მოძალადე პირების იდენტიფიცირება.

მგალობლიშვილისვე თქმით, მას დაკავებისას ტელეფონი წაართვეს და არ მისცეს საშუალება, ვინმეს დაკავშირებოდა.

დაკავებული ასევე ამბობს, რომ ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს. ჩაუტარეს სხვადასხვა სახის შემოწმება, თუმცა, მას ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინდა.

ბრალდებულის თქმით, მან ბრალის აღიარებას ხელი მოაწერა და ეს "შიშით" ახსნა. მგალობლიშვილი ამბობს, რომ ხელმოწერის სანაცვლოდ, სამ დღეში გათავისუფლებას დაპირდნენ.

რაც შეეხება დაკავებულ გიორგი ქებურიას, შსს-ს ცნობით, ის ბრალს აღიარებს. მისი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართება.

მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე